ფეხბურთი

3:39 | 4.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: სანახაობრივი ფრე ლონდონურ დერბიში

პრემიერლიგის 22-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა “ემირეითს სთედიუმზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “არსენალი” თანაქალაქელ “ჩელსის” დაუხვდა და ქულის გადარჩენა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხა.

გულშემატკივარმა ძალიან კარგი შეხვედრა იხილა. გუნდებმა მაღალი ტემპი შემოგვთავაზეს, გახსნილი თამაში აჩვენეს და ბევრი მომენტი შექმნეს. განსაკუთრებით კარგი საგოლე შანსები ალვარო მორატას ჰქონდა, მაგრამ ესპანელმა კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩაატარა და მინიმუმ სამი 100%-იანი შანსი გააფუჭა.

შეტევაში ორივე გუნდი კარგად გამოიყურებოდა, რასაც დაცვაზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. მცველების უყურადღებო თამაშის გამო, შემტევებს ბევრი სივრცე ექმნებოდათ და მეკარეებსაც საქმე არ აკლდათ. მთლიანობაში შეხვედრა საკმაოდ თანაბარი გამოდგა და ფრე ალბათ მაინც ლოგიკური შედეგია.

პირველი საგოლე მომენტი სწორედ ზემოხსენებულ მორატას შეექმნა, რომელიც მე-14 წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა ძალიან ცუდად გაისარჯა და ჩეხის კარს ააცილა. ორიოდე წუთში უკვე მასპინძლებს შეეძლოთ გატანა, მაგრამ ალექსის სანჩესს ძალიან არ გაუმართლა, მისი დარტყმის შემდეგ, ბურთი ჯერ ერთ ძელს მოხვდა, შემდეგ კი მეორეს, მაგრამ კარის ხაზი არ გადაკვეთა. შესვენებამდე გუნდებმა თითო ძალიან რეალური მომენტი შექმნეს, ჯერ ლაკაზეტს აუღო კურტუამ, ხოლო ტაიმის ბოლო წუთზე ედენ აზარის დიდებული თამაში (ქუსლით გადაკეთებული პასით სამი მეტოქე “მოტეხა”) სესკ ფაბრეგასმა ვერ დააფასა სათანადოდ და საჯარიმოს ხაზიდან, მეტოქის კარს ბურთი ზემოდან გადააცილა.

მეორე ტაიმი სტუმართა შეტევებით დაიწყო, მარკოს ალონსო და ედენ აზარი ახლოს იყვნენ მიზანთან, თუმცა ჩეხმა ორივე შემთხვევაში მშვენივრად ითამაშა და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა. სულ მალე კი უკვე მასპინძლებს შეეძლოთ დაწინაურება, მაგრამ ამჯერად “ჩელსის” მეკარე ტიბო კურტუა გაისარჯა სათანადოდ და ლაკაზეტს არ გაატანინა.

ანგარიში 63-ე წუთზე გაიხსნა, ჯაკას გადაცემის ჩაჭრას მორატა ცდილობდა, თუმცა მისი შეხების წყალობით, ბურთი მშვენიერ პოზიციაში მყოფ ჯეკ უილშირს მიუვიდა და მანაც უძლიერესი დარტყმით კურტუას შანსი არ დაუტოვა. უნდა აღინიშნოს, რომ უილშირს ძალიან კარგი თამაში ჰქონდა და საკუთარი ფუნქციები მშვენივრად შეასრულა.

ორ წუთში მასპინძლებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, თუმცა ჯერ სანჩესმა დააყოვნა, ხოლო შემდეგ ლაკაზეტის დარტყმულს კურტუა გაუმკლავდა. “მეთოფეთა” სიხარულმა დიდხანს არ გასტანა: 67-ე წუთზე ედენ აზარმა ექტორ ბელერინს საჯარიმოში წესები დაარღვევინა და პენალტი დაინიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა აქცია გოლად. 70- წუთზე კი მორატას კიდევ ერთი დიდებული შანსი მიეცა, მაგრამ კვლავ ააცილა.

“ჩელსიმ” წინ გასვლა მაინც შეძლო: 84-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე შეცვლაზე შემოსულმა ძაპაკოსტამ იაქტიურა, რომელმაც საჯარიმოში დაბალი გადაცემა გააკეთა, სადაც ყველას მარკოს ალონსომ დაასწრო და ჩეხი უშანსოდ დატოვა.

არსენ ვენგერის გუნდმა ქულის გადარჩენა 92-ე წუთზე შეძლო, ალონსომ ბურთი კარგად ვერ გამოიტანა, რითაც ბელერინმა ისარგებლა, შეუჩერებლად დაარტყა და ლამაზი გოლით საკუთარი შეცდომა გამოისყიდა.

ეს ყველაფერი დასასრული არ იყო, წამებში მორატას მორიგი გასატანი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მისი დღე აშკარად არ იყო და ბურთი პირდაპირ ჩეხს გაარტყა, აი დამატებაზე მოთამაშე ძაპაკოსტას კი ნამდვილად არ გაუმართლა და ბურთი ხარიხამ უკუაგდო, თორემ “ჩელსი” 3 ქულას აიღებდა – 2:2.

“ჩელსიმ” მე-2 ადგილი დაკარგა. მათ 46 ქულა აქვთ და “იუნაიტედს” ქულით ჩამორჩებიან, ხოლო “არსენალი” 39 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.

არსენალი ჩელსი 2:2 (0:0)

ლონდონი, “ემირეითს სთედიუმი”

არსენალი (3-4-2-1): ჩეხი, ჩემბერსი (უოლკოტი 88), მუსტაფი, ჰოლდინგი, უილშირი, ჯაკა, მეიტლენდ-ნილსი, ბელერინი, სანჩესი, ოზილი, ლაკაზეტი (უელბეკი 80).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

ჩელსი (3-5-1-1): კურტუა, კრისტიანსენი, აზპილიკუეტა, კეჰილი, ფაბრეგასი (დრინკვოთერი 71), ბაკაიოკო, კანტე, მოზესი (ძაპაკოსტა 56), ალონსო, აზარი (ვილიანი 82), მორატა.
მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გოლები: 1:0 უილშირი (63), 1:1 აზარი (67 პენ.), 1:2 ალონსო (84), 2:2 ბელერინი (92)
გაფრთხილებები: უილშირი, ჰოლდინგი, ოზილი – ფაბრეგასი, კურტუა
მსაჯი: ენტონი ტეილორი

0.130411