ფეხბურთი

2:10 | 28.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “სიტის” +15

“მანჩესტერ სიტიმ” პრემიერლიგის მე-20 ტურის მატჩში “სენტ ჯეიმს პარკზე” “ნიუკასლს” აჯობა და თანაქალაქელ “იუნაიტედთან” სხვაობა 15 ქულამდე გაზარდა.

რაფაელ ბენიტესმა სტუმართა მრისხანე შეტევის შეჩერება 5-მცველიანი ტაქტიკით გადაწყვიტა, თუმცა მაინც ვერაფერს გახდა და “სიტიმ” ზედიზედ მე-18 გამარჯვება იზეიმა.

ხოსეპ გვარდიოლამ მეტოქეს 4-3-3 სქემა დაუპირისპირა, ხოლო მე-11 წუთზე შეტევა კიდევ უფრო გააძლიერა, როდესაც ტრავმირებული ვინსენტ კომპანი ფორვარდმა გაბრიელ ჟეზუსმა ჩაანაცვლა.

მანჩესტერელები მთელი შეხვედრის განმავლობაში უდიდეს სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და უამრავი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ მხოლოდ ერთის რეალიზაცია შეძლეს. აშკარად არ იყო სერხიო აგუეროს დღე, რომელმაც 3-4 100% შანსი ვერ გამოიყენა, ასევე კარგი შანსები ჰქონდათ კევინ დე ბრუინსა და გაბრიელ ჟეზუსს, თუმცა ვერც მათ შეძლეს გოლის გატანა.

ერთადერთი გოლის ავტორი რაჰიმ სტერლინგია, რომელმაც 31-ე წუთზე კევინ დე ბრუინის ჩინებული გადაცემა გამოიყენა და ელიოტს ახლო კუთხეში გაუტანა. როგორც ზემოთ ითქვა, “სიტი” მთელი თამაში დომინირებდა, თუმცა საკუთარი შანსები “ნიუკასლსაც” ჰქონდა: 35-ე წუთზე აარონსი აუცილებლად გაათანაბრებდა ანგარიშს, მაგრამ ნიკოლას ოტამენდიმ კარის ხაზიდან თავით გამოიტანა ბურთი – 0:1.

“სიტი” 2017 წლის უკანასკნელ მატჩს 31 დეკემბერს, სტუმრად “კრისტალ პალასის” წინააღმდეგ გამართავს.

ნიუკასლი მანჩესტერ სიტი 0:1 (0:1)

ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”

ნიუკასლი (5-4-1): ელიოტი, მბემბა (მერინიო 77), ლასკელესი, დუმეტი, იედლინი, მანკილიო, შელვი, დიამე, მერფი, აარონსი (ატსუ 71), ხოსელუ (გაილი 62).
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი, კომპანი (ჟეზუსი 11), ოტამენდი, დანილო, უოლკერი, ფერნანდინიო, გიუნდოგანი, დე ბრუინი, ბ.სილვა (სანე 83), სტერლინგი, აგუერო (მანგალა 77).
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

გოლი: სტერლინგი (31)
გაფრთხილება: გაილი
მსაჯი: ანდრე მარინერი

0.113065