ფეხბურთი

2:00 | 27.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: გაიზრდება უფსკრული?

პრემიერლიგაში მეორე წრე ახლახანს დაიწყო და საჩემპიონო ინტრიგა ფაქტობრივად მკვდარია. იმ შემთხვევაში, თუ დღეს “მანჩესტერ სიტი” გასვლაზე “ნიუკასლს” მოუგებს, თანაქალაქელ “იუნაიტედთან” სხვაობას უკვე 15 ქულამდე გაზრდის.

“წითელი ეშმაკები” “ოლდ ტრაფორდზე” მიმდინარე სეზონში შესანიშნავად მოთამაშე “ბარნლის” დაუხვდნენ და წაგებას მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გადაურჩნენ. მასპინძელთათვის შეხვედრა ძალიან ცუდად დაიწყო და შესვენებაზე შონ დიჩის შეგირდები გასახდელში ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ: მე-3 წუთზე ბარნესმა ახლო მანძილიდან გახსნა ანგარიში, ხოლო 36-ე წუთზე სტივენ დეფურმა დავიდ დე ხეას შესანიშნავი საჯარიმო დარტყმა გაუტანა.

შესვენებაზე ჟოზე მოურინიომ ორი ცვლილება განახორციელა და შეტევა გააძლიერა. თამაშიდან მოხსნა მარკოს როხო და მის ნაცვლად ჰენრიხ მხიტარიანი შეუშვა მინდორზე, ხოლო ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჯესი ლინგარდით შეცვალა და სწორედ ამ უკანასკნელის მშვენიერი თამაშით შეძლო “იუნაიტედმა” ქულის მოპოვება: 53-ე წუთზე ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა და სხვაობა შეამცირა, ხოლო 91-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა, სიტუაციაში კარგად გაერკვა და ძლიერი დარტყმით პოპი გააშეშა – 2:2.

ჟოზე მოურინიოს გუნდის წაბორძიკებით კარგად ისარგებლა “ჩელსიმ”, რომელმაც შინ “ბრაიტონი” დაამარცხა და მე-2 ადგილოსანთან სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, ხოლო მეორე ნახევრის დაწყებისთანავე, მასპინძლები ალვარო მორატამ თავური დარტყმით დააწინაურა, მე-60 წუთზე კი მარკოს ალონსომ ასევე თავური დარტყმით გაიტანა – 2:0.

“ლივერპული” ბოლოადგილოსან “სუონსის” დაუხვდა და შავი დღე აყარა. მერსისაიდელებმა ტაიმი ფელიპე კოუტინიოს ულამაზესი გოლით მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში ლუკაშ ფაბიანსკის დამწუხრება ოთხჯერ მოახერხეს. დუბლით გამოირჩა რობერტო ფირმინო, ხოლო თითო ბურთი ალექსანდერ-არნოლდის და ოქსლეიდ ჩემბერლენის ანგარიშზეა. ასევე აღსანიშნავია, მოჰამედ სალაჰის ორი საგოლე გადაცემა – 5:0.

იოლი გასეირნება გამოუვიდა “ტოტენჰემსაც”, რომელმაც “უემბლიზე” “საუთჰემპტონს” უმასპინძლა და სამბურთიანი სხვაობით დაამარცხა. ჰეთ-თრიკით გამოირჩა ჰარი კეინი, რომელსაც 18 გოლი დაუგროვდა და პრემიერლიგის ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში. გარდა ამისა, კეინმა 2017 წელს პრემიერლიგაში 39 გოლი გაიტანა და ერთ კალენდარულ წელში გატანილი გოლების რაოდენობის მხრივ, რეკორდი მოხსნა. თითო ბურთი სონმა და ალიმ შეაგდეს, ხოლო სტუმართაგან პრესტიჟის გოლები ბუფალმა და ტადიჩმა გაიტანეს – 5:2.

შესანიშნავი შეხვედრა შედგა “დინ კურტზე”, სადაც ადგილობრივმა “ბორნმუთმა” “ვესტ ჰემი” მიიღო და მე-80 წუთისთვის 2:1-ს უგებდა, თუმცა მოვლენები ისე წარიმართა, რომ მასპინძლები კინაღამ უქულოდ დარჩნენ. 81-ე წუთზე ბეგოვიჩს ბურთი უნდა აეტანა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ბურთი მარკო არნაუტოვიჩს მიუვიდა, რომელსაც ცარიელ კარში გატანა არ გასჭირვებია, ხოლო 89-ე წუთზე არნაუტოვიჩმა უკვე დამატებაზე ივარგა და დუბლი გაიფორმა, მაგრამ “ჩაქუჩებმა” 3 ქულის მოპოვება მაინც ვერ შეძლეს – 93-ე წუთზე კალუმ უილსონმა მცველების უყურადღებობით ისარგებლა და ახლო მანძილიდან გაათანაბრა - 3:3.

“უოტფორდმა” შინ “ლესტერს” სძლია, “ჰადერსფილდმა” და “სტოკმა” ერთმანეთს თითო გოლი გაუტანეს და ქულების გაიყვეს, ხოლო “ვესტ ბრომვიჩის” და “ევერტონის” ჯახი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

ტოტენჰემი – საუთჰემპტონი 5:2 (2:0)

გოლები: 1:0, 2:0, 5:1 კეინი (22; 39; 67), 3:0 ალი (49), 4:0 სონი (51), 4:1 ბუფალი (64), 5:2 ტადიჩი (52)

ბორნმუთი – ვესტ ჰემი 3:3 (1:1)

გოლები: 0:1 კოლინსი (7), 1:1 გოსლინგი (29), 2:1 აკე (57), 2:2, 2:3 არნაუტოვიჩი (81; 89), 3:3 უილსონი (93)

ჩელსი – ბრაიტონი 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 მორატა (46), 2:0 ალონსო (60)

ჰადერსფილდი – სტოკი 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ინსი (10), 1:1 სობი (60)

მანჩესტერ იუნაიტედი – ბარნლი 2:2 (0:2)

გოლები: 0:1 ბარნესი (3), 0:2 დეფური (36), 1:2, 2:2 ლინგარდი (53; 91)

უოტფორდი – ლესტერი 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 მაჰრეზი (37), 1:1 უეგუ (45), 2:1 შმეიხელი (65 ს.კ.)

ვესტ ბრომვიჩი – ევერტონი 0:0

ლივერპული – სუონსი 5:0 (1:0)

გოლები: 1:0 კოუტინიო (6), 2:0, 4:0 ფირმინო (52; 66), 3:0 ალექსანდერ-არნოლდი (65), 5:0 ჩემბერლენი (83)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.177344