ფეხბურთი

18:26 | 23.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსა” “სანტიაგო ბერნაბეუზე”– როგორც თევზი წყალში

“ბარსელონამ” კვლავ მოიგო “სანტიაგო ბერნაბეუზე” და ალბათ, ესპანეთის ლა ლიგაშიც დამთავრდა ინტრიგა. მესიც რისი მესია, თავის საყვარელ სტადიონზე კვალი არ დაეტოვებინა და გოლი არ გაეტანა. პატარა გენიოსმა “ელ კლასიკო” მეჩვიდმეტედ მოიგო და 25-ე გოლი გაიტანა.

რაკიტიჩმა წაიღო ბურთი საჯარიმომდე, მარჯვნივ პასი სერხი რობერტოს, მან კი ბილიარდული სიზუსტით ლუის სუარესს შეაყოლა და ურუგვაელმაც ზუსტად დაარტყა – 0:1.

ათ წუთში ლეო მესიმ დაფარული პასით პირისპირ დატოვა სუარესი, კეილორ ნავასმა ბურთი მოიგერია, მაგრამ შეტევა გაგრძელდა და არეულობაში გოლი გავიდა, ოღონდ სანამ გავიდოდა, დანი კარვახალმა სუარესობა იკისრა და ხელით ითამაშა. ბევრს გაახსენდებოდა ურუგვაელის მოქმედება 2010 წლის მუნდიალზე, განასთან 120-ე წუთზე...

ახლა კი, მსაჯს შეეძლო გოლი ჩაეთვალა, მაგრამ კარვახალი გააძევა და პენალტი დანიშნა. მესი ამ შანსს ხელიდან გაუშვებდა? 0:2.

აქედან მოყოლებული, “ბარსამ” ცოტა უკან დაიხია და კონტრშეტევებზე ააწყო თამაში. “რეალს” ჰქონდა შანსები და ტერ შტეგენმა გარეთ ბეილს არ გაატანინა, თუმცა მომენტები მასპინძელთა კართანაც იქმნებოდა.

ბოლოს კი, ალეიშ ვიდალმაც გაიტანა. ვიდალი მინდორზე შევიდა და ერთ წუთში ყველაფერი დაამთავრა – 0:3.

მანამდე იყო თითქმის თანაბარი პირველი ტაიმი. უფრო მწვავედ “რეალი” უტევდა და კრიშტიანუ რონალდუს ბურთისთვის ფეხი რომ არ აეცილებინა, ვინ იცის, სხვანაირად წასულიყო საქმე. კიდევ, კარიმ ბენზემას თავურსა და ძელს გავიხსენებთ, მაგრამ “ბარსა” პაულინიოთი იკბინებოდა. კეილორ ნავასმა ორ მომენტში ცოცხალი თავით არ გაატანინა ბრაზილიელს.

ისე, სასტარტო თერთმეტეულის შემხედვარე, ჩანდა, რომ ზინედინ ზიდანი მოედნის ცენტრში გაბატონებას აპირებდა. კაზეიმირო-კროოსი-კოვაჩიჩი-მოდრიჩი – ოთხივენი სასტარტოში იყვნენ. ფრთხილი ტაქტიკა იყო და ამან შედეგი ვერ გამოიღო. მეორე ნახევარში ერნესტო ვალვერდემ დუელი მოუგო ზიდანს: გამოიყენა სივრცეები, რაც “რეალის” დაცვასა და ნახევარდაცვას შორის ჩნდებოდა.

ბოლოს ისევ მესიზე და მის ახალ რეკორდზე: “ბარსას” მაისურით, ყველა ოფიციალურ ტურნირზე ერთად აღებული, 526 გოლი დაუგროვდა. გერმანელ გერდ მიულერს “ბაიერნში” 525=ჯერ აქვს გატანილი. ოღონდ, ეს ეხება მხოლოდ ევროპის ტოპ-ჩემპიონატებს.

23 დეკემბერი. სანტიაგო ბერნაბეუ

რეალი – ბარსელონა 0:3 (0:0) VIDEO

რეალი: ნავასი; კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო; კაზემირო (ასენსიო 72), კროოსი, კოვაჩიჩი (ბეილი 72), მოდრიჩი; ბენზემა (ნაჩო 66), რონალდუ

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

ბარსელონა: ტერ შტეგენი; სერხი რობერტო (ვიდალი 90+2), პიკე, ვერმაელენი, ალბა; ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა (სემედუ 77), პაულინიო (ანდრე გომეში 84); მესი, სუარესი

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: 0:1 სუარესი (54), 0:2 მესი (64 პენ), 0:3 ვიდალი (90+3)

გაფრთხილება: რამოსი, მარსელო – ვერმაელენი, ბუსკეტსი

გაძევება: კარვახალი (65)

სტატისტიკა

ბურთის ფლობა %: 45-55, დარტყმა: 14 (5) – 18 (11), კუთხური: 7-7, ჯარიმა: 14-10

0.298139