ფეხბურთი

1:20 | 4.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “სიტი” კვლავ შეუჩერებელია

“მანჩესტერ სიტის” ბოლო მატჩებია შედარებით უჭირს. წინა შეხვედრების მსგავსად ვეღარ ანადგურებს მეტოქეებს და მთლად ფეერიულ თამაშსაც ვერ აჩვენებს, თუმცა რაც უმთავრესია, შედეგს დებს და ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა პრემიერლიგის მე-15 ტურის მატჩში ზედიზედ მე-13 გამარჯვება იზეიმა.

“ქალაქელები” “ეტიჰად სთედიუმზე” გასავარდნ ზონაში მყოფ “ვესტ ჰემს” დაუხვდნენ და 3 ქულის მოპოვება მატჩის მიწურულსღა მოახერხეს. სტადიონზე შეკრებილმა პუბლიკამ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ტაიმი იხილა: პირველში სტუმრები ძალიან კარგად თამაშობდნენ და მეტი საგოლე მომენტიც შექმნეს, ხოლო მეორე ნახევარში მასპინძლებმა უდიდესი სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და სასურველ შედეგს მიაღწიეს.

“ჩაქუჩებმა” თამაში ძალიან კარგად დაიწყეს და ანტონიოს შეხვედრის დებიუტში ორჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ პირველ შემთხვევაში დაახლოებით ორი მეტრიდან ააცილა, ხოლო მეორე ეპიზოდში ედერსონს ვერ აჯობა. ბრაზილიელმა კიპერმა ასევე ლანცინის დარტყმული მოიგერია, მაგრამ ტაიმი ბოლოს ოგბონას თავურთან ვეღარაფერს გახდა და სტუმრები დაწინაურდნენ. მასპინძელთაგან ყველაზე კარგი მომენტი დავიდ სილვას ჰქონდა, მაგრამ მისი გასროლა ადრიანმა უკუაგდო.

შესვენებაზე ხოსეპ გვარდიოლამ თავისი შეგირდები კარგად დამოძღვრა და მეორე ნახევარში სულ სხვა გუნდი გამოვიდა. “ქალაქელებმა” უმალ შტურმი მოუწყვეს მეტოქეს, რამაც შედეგი 57-ე წუთზე გამოიღო და ნიკოლას ოტამენდიმ ახლო მანძილიდან გაათანაბრა. მასპინძლებმა შეტევები განაგრძეს, კევინ დე ბრუინი და ლეროი სანე ახლოს იყვნენ მიზანთან, თუმცა ადრიანმა ისევ იყოჩაღა, მაგრამ 83-ე წუთზე უკვე ვეღარაფერს გახდა: დე ბრუინმა დავიდ სილვას შესანიშნავი პასი გაუკეთა და ესპანელმა ნახევარმცველმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. ისე კი, სტუმრებს ბოლო წუთზე გათანაბრება შეეძლოთ: მანგალა უხეშად შეცდა, მაგრამ დიაფრა სახოს მიზანმა უმტყუნა და “სიტი” ქულების დაკარგვას გადაურჩა – 2:1.

დღის მეორე მატჩში “ბორნმუთმა” “საუთჰემპტონს” უმასპინძლა და შინ ქულა გაატანა. მასპინძლებმა ტაიმი ფრეისერის გოლით მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში წონასწორობა რედმონდმა აღადგინა.

ბორნმუთი – საუთჰემპტონი 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ფრეისერი (42), 1:1 რედმონდი (61)

მანჩესტერ სიტი – ვესტ ჰემი 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 ოგბონა (44), 1:1 ოტამენდი (57), 2:1 დ.სილვა (83)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128026