ფეხბურთი

13:29 | 3.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ატლეტიკომ” “ბარსელონას” საჩუქარი შეირგო, “რეალმა” – ვერა

მიმდინარე სეზონში პირველი გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა “ბარსელონამ”. კატალონიურ გრანდს აქამდე ორი ფრე ჰქონდა ნათამაშები, თუმცა “ატლეტიკოსთან” და “ვალენსიასთან” სტუმრად ფრე ურიგო შედეგი არ გახლავთ. “სელტასთან” შინ მოპოვებული ქულა კი, მათ აქტივში ნამდვილად ვერ ჩაიწერება.

თუმცა, თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ მასპინძლებს ზედიზედ მეორე მატჩია სუფთა გოლს არ უთვლიან. გვერდითმა მსაჯმა ლუის სუარესზე არარსებული თამაშგარე დააფიქსირა და გოლი გაუქმდა.

რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, გასაკვირი არაა, რომ ბურთს “ბარსელონას” უფრო დიდხანს ფლობდა, მეტი საგოლე მომენტიც ჰქონდა, ხოლო სტუმრები კონტრშეტევებზე გადიოდნენ და სწორედ ამ გზით შეძლეს მე-20 წუთზე ანგარიშის გახსნა: ხერარდ პიკემ დროულად ამოსვლა ვერ მოასწრო და იაგო ასპასი თამაშგარეშე არ ჩარჩა, რომელმაც მაქსიმილიანო გომესს გაუკეთა გადაცემა, მაგრამ ამ უკანასკნელს ტერ შტეგენმა ურთულესი ბურთი აუღო, თუმცა დამატებაზე კვლავ ასპასი გამოჩნდა და გალისიელები დააწინაურა, რომელთა სიხარულმაც სულ ორიოდე წუთს გასტანა და ლიონელ მესიმ აღადგინა წონასწორობა, რომელმაც მშრალი სერია შეწყვიტა და მე-13 გოლი გაიტანა ლა ლიგაში.

მასპინძლები 62-ე წუთზე დაწინაურდნენ: მესი-ალბა-სუარესის კომბინაცია, ურუგვაელმა ფეხბურთელმა დააბოლოვა ახლო მანძილიდან. სტუმრები არ დანებდნენ და მათაც მალე შეძლეს გათანაბრება: ფლანგზე კვლავ იაგო ასპასმა ივარგა, მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და გადაცემა მაქსიმილიანო გომესს გაუკეთა, რომელმაც ამჯერად ტერ შტეგენს შანსი არ დაუტოვა და წონასწორობა აღადგინა. ამ ეპიზოდში ტრავმა მიიღო სამუელ უმტიტიმ და დაახლოებით ორი თვე ვერ შეძლებს თამაშს.

დარჩენილ დროში კი მოგება ორივე გუნდს შეეძლო. მასპინძლებს ბევრად მეტი შანსი ჰქონდათ: მესის, პიკეს, პაულინიოს და ალკასერს შეეძლოთ გატანა, თუმცა ბლანკოს კარი ვერცერთმა აიღო, ხოლო სტუმართათვის სისტოს შეეძლო 3 ქულის მოტანა, მაგრამ ტერ შტეგენმა ივარგა – 2:2.

“ბარსელონას” წაბორძიკებით ისარგებლა “ატლეტიკომ”, თუმცა გამარჯვების მოპოვება ძალიან გაუჭირდათ. მადრიდელები “ვანდა მეტროპოლიტანოზე” “სოსიედადს” დაუხვდნენ და ვილიან ჟოზეს ზუსტი პენალტით პირველი ტაიმი წააგეს. “როხიბლანკომ” 63-ე წუთზე გაათანაბრა – ფელიპე ლუისმა უძლიერესი დარტყმით ხერონიმო რული გააშეშა, ხოლო 88-ე წუთზე საულ ნიგუესმა გამარჯვების მომტანი გოლი ანტუან გრიზმანს გაატანინა – 2:1.

მორიგი შეხვედრა ვერ მოიგო “რეალმა”, რომელმაც გასვლაზე “ბილბაოს” ვერაფერი დააკლო, “ბარსელონასთან” ჩამორჩენა 6 ქულამდე ვერ შეამცირა. მადრიდელებს რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ რონალდუმ, კროოსმა და ბენზემამ მიზანი ვერ გაისწორეს და ქულით მოუწიათ დაკმაყოფილება. 86-ე წუთზე მეორე გაფრთხილება მიიღო სერხიო რამოსმა და ჯამში ლა ლიგაში 19 წითელი ბარათი დაუგროვდა, რითაც ყველას “აჯობა”.

“სევილიამ” შინ “დეპორტივო” ბენ იედერის და კრონ-დელის გოლებით დაამარცხა. ანდალუსიურმა კლუბმა 28 ქულა დააგროვა და “რეალთან” 4-5 ადგილებს იყოფს. მომდევნო ტურში “სანტიაგო ბერნაბეუზე” სწორედ ეს კლუბები შეხვდებიან ერთმანეთს.

ბარსელონა – სელტა 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 ასპასი (20), 1:1 მესი (22), 2:1 ლ.სუარესი (62), 2:2 მ.გომესი (70)

ატლეტიკო – სოსიედადი 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 ვილიან ჟოზე (29 პენ.), 1:1 ლუისი (63), 2:1 გრიზმანი (88)

სევილია – დეპორტივო 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ბენ იედერი (45), 2:0 კრონ-დელი (78)

ბილბაო – რეალი 0:0

გაძევება: რამოსი (86)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120637