ფეხბურთი

3:00 | 19.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “არსენალმა” ჩრდილო ლონდონურ დერბიში იმარჯვა, “სიტი” – შეუჩერებელია

პრემიერლიგის მე-12 ტურის ცენტრალური შეხვედრა “ემირეითს სთედიუმზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “არსენალმა” ჩრდილო ლონდონურ დერბიში “ტოტენჰემს” უმასპინძლა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

საწყისი ნახევარი საათი ორმხრივ იერიშებში მიმდინარეობდა და ანგარიშის გახსნა ორივე გუნდს შეეძლო, ხოლო ტაიმის დასკვნით ათ წუთში “არსენალმა” გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა: 36-ე წუთზე შკოდრან მუსტაფიმ შესანიშნავი თავური დარტყმით უგო ლორისი ადგილზე გააშეშა, ხოლო 41-ე წუთზე ალექსის სანჩესმა ახლო მანძილიდან შეაგდო და მასპინძლები გასახდელში ორბურთიანი ჰანდიკაპით ჩავიდნენ.

მეორე ნახევარში “ტოტენჰემი” გოლის გატანას ბევრს ეცადა, შანსებიც არაერთი ჰქონდა, მაგრამ პეტრ ჩეხის კარს გასაღები ვერაფრით მოარგო. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მომენტები “არსენალსაც” ჰქონდა და შეიძლებოდა, სტუმრებს უფრო დიდი ანგარიშითაც წაეგოთ. მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და “მეთოფეებმა” დამსახურებულად იმარჯვეს – 2:0.

სათქმელია, რომ დღევანდელმა დღემ ძალიან ლოგიკურად ჩაიარა და ყველა მოწინავე კლუბმა საკმაოდ დამაჯერებლად იმარჯვა. ზედიზედ მე-10 შეხვედრა მოიგო “მანჩესტერ სიტიმ”, რომელიც ბრწყინვალე სათამაშო ფორმიდან ვერც სანაკრებო პაუზამ ამოაგდო. ხოსეპ გვარდიოლას შეგირდებმა ამჯერად სტუმრად “ლესტერი” იმსხვერპლეს. “ქალაქელები” 45-ე წუთზე გაბრიელ ჟეზუსმა დააწინაურა, რომელიც ბრწყინვალე კომბინციის შემდეგ გუნდელებმა ცარიელ კართან დატოვეს და მასაც გატანა აღარ გასჭირვებია, ხოლო 49-ე წუთზე კევინ დე ბრუინმა შორიდან ბრწყინვალედ გაისროლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:2.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” შინ “ნიუკასლი” დაამარცხა და კვლავ თანაქალაქელის უახლოესი მდევარია. “წითელი ეშმაკები” გაილის გოლით აგებდენ, თუმცა ტაიმის ბოლოს ჯერ მარსიალმა გაათანაბრა, ხოლო შემდეგ კი სმოლინგმა გაიტანა და შესვენებას წინ შეხვდნენ. მეორე ნახევარში კი მასპინძლებს ჯერ პოგბამ განუმტკიცა უპირატესობა, ხოლო შემდეგ საქმეში ლუკაკუ ჩაერთო – 4:1. გამოსარჩევია, ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაბრუნება, რომელიც მძიმე ტრავმის შემდგომ დაბრუნდა და 77-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე.

“ჩელსი” “ჰაუტორნსზე” “ვესტ ბრომვიჩს” ეწვია და შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. ანგარიში მე-17 წუთზე ალვარო მორატამ გახსნა, რომელმაც დამატებაზე იყოჩაღა. ექვს წუთში ედენ აზარმა იყოჩაღა, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა, შემდეგ მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. 38-ე წუთზე კი მარკოს ალონსომ იყოჩაღა და ახლო მანძილიდან მესამედ აიღო ბენ ფოსტერის კარი. მეორე ნახევარში ედენ აზარმა დუბლი გაიფორმა და “ჩელსიმ” 0:4 იმარჯვა.

“ლივერპული” “ენფილდ როუდზე” “საუთჰემპტონს” დაუხვდა და იოლი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. მასპინძლებმა ტაიმი მოჰამედ სალაჰის დუბლით მოიგეს, რომელსაც განსაკუთრებით ლამაზი პირველი გოლი გამოუვიდა. მეორე ნახევარში კი მერსისაიდელთა უპირატესობა ფელიპე კოუტინიომ გაზარდა – 3:0.

“ბორნმუთმა” შინ “ჰადერსფილდი” მიიღო და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. საინტერესოა, რომ პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე მასპინძლებს ფეხბურთელი გაუძევეს და ამ დროს ანგარიში 2:0 იყო. თუმცა, “ჰადერსფილდს” ვერც ამან უშველა და მეორე ნახევარში კიდევ ორი ბურთი მიიღო. აღსანიშნავია, კალუმ უილსონის ჰეთ-თრიკი.

“ბარნლიმ” საკუთარ მოედანზე “სუონსის” სძლია და “გედებს” ერთი ბურთი მათმა ყოფილმა ფეხბურთელმა კორკმა გაუტანა, ხოლო “კრისტალ პალასის” და “ევერტონის” დაპირისპირება ოთხგოლა ფრედ დასრულდა.

არსენალი – ტოტენჰემი 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 მუსტაფი (36), 2:0 სანჩესი (41)

ბორნმუთი – ჰადერსფილდი 4:0 (2:0)

გოლები: 1:0, 2:0, 4:0 კ.უილსონი (26; 31; 84), 3:0 არტერი (70)
გაძევება: ფრანცისი (45+4 ბ.)

ბარნლი – სუონსი 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 კორკი (29), 2:0 ბარნესი (40)

კრისტალ პალასი – ევერტონი 2:2 (2:2)

გოლები: 1:0 მაკარტური (1), 1:1 ბეინსი (6 პენ.), 2:1 ზაჰა (35), 2:2 ნიასე (45+1)

ლესტერი – მანჩესტერ სიტი 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ჟეზუსი (45), 0:2 დე ბრუინი (49)

ლივერპული – საუთჰემპტონი 3:0 (2:0)

გოლები: 1:0, 2:0 სალაჰი (31; 41), 3:0 კოუტინიო (68)

ვესტ ბრომვიჩი – ჩელსი 0:4 (0:3)

გოლები: 0:1 მორატა (17), 0:2, 0:4 აზარი (23; 62), 0:3 ალონსო (38)

მანჩესტერ იუნაიტედი – ნიუკასლი 4:1 (2:1)

გოლები: 0:1 გაილი (14), 1:1 მარსიალი (37), 2:1 სმოლინგი (45+1), 3:1 პოგბა (54), 4:1 ლუკაკუ (70)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137077