ფეხბურთი

0:50 | 16.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ვენტურა იტალიის ნაკრებიდან დაითხოვეს

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო ვენტურა აღარაა. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კარლო ტავეკიომ დაადასტურა.

“ჯან პიერო ვენტურა იტალიის ნაკრების მწვრთნელი დღეიდან აღარაა”, - განაცხადა მან.

გარდა ამისა, ტავეკიომ დასძინა, რომ ახალი მთავარი მწვრთნელი აუცილებლად სახელოვანი იქნება:

“ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე ვარიანტზე. მწვრთნელი აუცილებლად იქნება სახელოვანი და წარმატებული. ყველაფერი ორშაბათს უნდა გადაწყდეს”, - თქვა კარლომ.

ზემოხსენებული გადაწყვეტილება იტალიური მედიის განსჯის საგანი გახდა. იტალიელები ვენტურას გათავისფულების გარდა, მოითხოვდნენ, რომ პოსტი პრეზიდენტ ტავეკიოსაც დაეტოვებინა, მაგრამ ასე არ მოხდა. სხვათა შორის, საგულისხმოა, რომ 2014 წელს, როდესაც “სკუადრა აძურა” მუნდიალზე ჯგუფში ჩარჩა, თანამდებობები მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯან კარლო აბეტემ და მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ დატოვეს. თუმცა, ამჯერზე მხოლოდ მწვრთნელი შეეწირა წარუმატებელ შედეგს.

ჯან პიერო ვენტურამ იტალიის ნაკრები 2016 წლის 19 ივლისს ჩაიბარა, თუმცა მისი მოღვაწეობა ხანმოკლე და რაც მთავარია უშედეგო აღმოჩნდა – იტალია მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიდა.

ვინ იქნება “სკუადრა აძურას” ახალი მწვრთნელი, ჯერჯერობით უცნობია. იტალიურ პრესას თუ დავუჯერებთ, არჩევანი კარლო ანჩელოტის, მასიმილიანო ალეგრის, რობერტო მანჩინისა და ანტონიო კონტეს შორის გაკეთდება.

არსებობს მეორე ვარიანტიც: ზაფხულამდე დროებით მწვრთნელი, ხოლო სეზონის დასრულების შემდეგ ახალი თავკაცი. აღნიშნული გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში მიიღება, თუ იტალიური ფეხბურთის მამები ალეგრისგან ან კონტესგან თანხმობას მიიღებენ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ნაკრები ჩაიბარონ.

0.11724