ფეხბურთი

15:52 | 15.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვენტურა: “იტალიის ნაკრებმა ბოლო 40 წელიწადში საუკეთესო შედეგი აჩვენა”

ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო – ზუსტად ასეთი ამბავია ჯან პიერო ვენტურას თავს. 69 წლის სპეციალისტი არაფრად აგდებს იმას, რომ იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გაიყვანა და პოსტის საკუთარი სურვილით დატოვებას არ ჩქარობს.

მეტიც, ვენტურა ფიქრობს, რომ მისი ხელმძღვანელობით “სკუადრა აძურამ” ბოლო 40 წელიწადში საუკეთესო შედეგი აჩვენა...

“მსოფლიოს ჩემპიონატი იტალიის გარეშე ეს საშინელებაა, მაგრამ რეალობა ასეთია. რისი გაკეთება შემიძლია? – ბოდიშს ვუხდი იტალიელებს, მაგრამ ჩემი ფორმაციის იტალიის ნაკრებმა საუკეთესო შედეგი აჩვენა ბოლო 40 წლის განმავლობაში – მხოლოდ ორი თამაში წავაგეთ”, - განაცხადა ვენტურამ.

საინტერესოა, რომ ჯან პიერო ვენტურას, როგორც ჩანს, სათვალავი აერია, რადგან “სკუადრა აძურა” მისი ხელმძღვანელობით არა ორ, არამედ სამ მატჩში დამარცხდა (17 თამაში, 10 მოგება, 4 ფრე, 3 წაგება). თუმცა, შესაძლოა, მხცოვანი სპეციალისტი ორ წაგებაში მხოლოდ ოფიციალურ თამაშებს გულისხმობდა (ესპანეთთან და შვედეთთან).

ყოველ შემთხვევაში, როგორც უნდა იყოს, ფაქტი სახეზეა – იტალია მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა 60 წლის შემდეგ პირველად დარჩა. დიდ ფორუმზე კი აპენინელებს ბოლოს 1992 წელს არ უთამაშიათ, როდესაც აძელიო ვიჩინის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107887