ფეხბურთი

2:30 | 14.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

1958 წლის შემდეგ პირველად: მუნდიალი იტალიის გარეშე ჩაივლის

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი “სკუადრა აძურას” გარეშე ჩაივლის. იტალიელებმა პირთამდე გადავსებულ “სან სიროზე” შვედეთი მიიღეს, ერთბურთიანი ჩამორჩენა ვერ აღმოფხვრეს და 60 წლის შემდეგ პირველად, მუნდიალზე თამაშის უფლება ვერ მოიპოვეს.

იტალიის ნაკრები მთელი მატჩის განმავლობაში უდიდეს ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, ბურთი ეჭირა, მეტოქის ნახევარზე იყო დამკვიდრებული, თუმცა ფანტაზიის მხრივ აშკარად მოიკოჭლებდა და ერთფეროვანი შეტევები ჰქონდა, რომლებიც უმეტესად ჩაწოდებებით სრულდებოდა. ეს ყველაფერი კი, ტანმაღალ შვედებს საქმეს უადვილებდა. იან ჰენდერსონმა პირველი მატჩის მსგავსად ტაქტიკურად ძალიან კარგად მოამზადა გუნდი და სტუმრები მთელი მატჩის მანძილზე დაცვაში ფაქტობრივად უშეცდომოდ თამაშობდნენ. სკანდინავიელები ჩინებულ ფიზიკურ კონდინციებში არიან, უბურთოდ მშვენივრად თამაშობდნენ, სივრცეებსაც თითქმის არ ტოვებდნენ და ამ ყველაფერმა საბოლოოდ შვედებისთვის ოქროს შედეგი გამოიღო.

გასაკვირი არაა, რომ 90 წუთმა ნერვების წყვეტაში ჩაიარა. იყო არაერთი სადავო მომენტი, როდესაც გუნდები შეხვედრის მთავარი მსაჯისგან მატეო ლაოსისგან პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა ესპანელმა რეფერიმ ყველა ასეთი ეპიზოდი გაატარა და მთელი თამაშის განმავლობაში ჯიბიდან 9-ჯერ ამოიღო ყვითელი ბარათი.

ბოლო წუთები განსაკუთრებით დრამატული გამოდგა: 87-ე წუთზე ელ შაარავის საგოლე მომენტიც შეექმნა, მაგრამ რობინ ოლსენმა საკუთარი გუნდი იხსნა და “ფარაონის” ძლიერი დარტყმული მოიგერია. ალესანდრო ფლორენციმ ბოლო წამებზე ბურთს აკოცა და კუთხური მას შემდგომ ჩააწოდა, მეტოქის საჯარიმოში ჯანლუიჯი ბუფონიც იყო ჩასული, თუმცა “სკუადრა აძურას” ვერაფერმა უშველა და რუსეთის საგზურის გარეშე დარჩა...

ამრიგად, ჰოლანდიის ნაკრების შემდეგ, მუნდიალს კიდევ ერთი გრანდი გამოაკლდა. იტალია ის ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია არაერთი ძლიერი მწვრთნელით დაიკვეხნოს. ამის ფონზე, ჯან პიერო ვენტურას მთავარ მწვრთნელად დანიშვნა ექსპერიმენტული და ნაკლებად ადეკვატური გადაწყვეტილება იყო. 69 წლის მწვრთნელს ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში გრანდში არ უმუშავია და მისი ყველაზე დიდი მიღწევა ალბათ “ტორინოს” სერია A-ში აღზევება იყო. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ასეთი ექსპერიმენტული გადაწყვეტილება კი რითიც დასრულდა, რამდენიმე წუთის წინ ყველამ ვნახეთ. ვენტურა რომ იტალიისთვის უკვე წარსულია და თან ძალიან ცუდად მოსაგონარი, უკვე ცხადია. მისი ხელძღვანელობით “სკუადრა აძურამ” 17-ჯერ ითამაშა, საიდანაც 10-ჯერ იმარჯვა, 3-ჯერ დამარცხდა და 4-ჯერ ფრედ ითამაშა. რეალობა ასეთია, რთულია, მაგრამ იტალიამ დღეიდანვე მომავალზე უნდა დაიწყოს ფიქრი და პირველ რიგში საკადრისი მწვრთნელი მოიწვიოს.

გეტყვით, რომ შვედეთის ნაკრები მუნდიალზე მეთორმეტედ ითამაშებს. სკანდინავიელები პლანეტის უძლიერეს ტურნირს 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდებიან.

იტალია – შვედეთი 0:0

მილანი, “სან სირო”

იტალია (3-5-2): ბუფონი, ბონუჩი, კიელინი, ბარძალი, პაროლო, ჟორჟინიო, ფლორენცი, კანდრევა (ბერნარდესკი 76), დარმიანი (ელ შაარავი 63), იმობილე, გაბიადინი (ბელოტი 63).
მწვრთნელი: ჯან პიერო ვენტურა

შვედეთი (4-4-2): ოლსენი, გრანქვისტი, ლინდელოფი, აუგუსტინსონი, ლუსტიგი, იოჰანსონი (სვენსონი 19), ლარსონი, კლაესონი (როდენი 72), ფორსბერგი, ბერგი, ტოივონენი (ტელინი 54).
მწვრთნელი: იან ანდერსონი

გაფრთხილებები: კიელინი, ბარძალი, ბერნარდერსკი, იმობილე – იოჰანსონი, ფორსბერგი, ლუსტიგი, ტელინი, ოლსენი
მსაჯი: მატეუ ლაოსი (ესპანეთი)

0.192202