ფეხბურთი

14:48 | 9.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: “საქართველოს ნაკრებში 2 წლით ვრჩები”
"კვიპროსთან და ბელარუსთან მატჩები ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად გამოგვადგება"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კვიპროსთან და ბელარუსთან ამხანაგური მატჩების წინ პრესკონფერენცია გამართა. სლოვაკი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებში მუშაობას ორი წლით აგრძელებს – აღნიშნული ინფორმაცია თავად დაადასტურა.

სხვა მხრივ კი, დასძინა, რომ მოახლოებული ორი სპარინგი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთა ლიგისთვის მზადების პროცესი უკვე უნდა დაიწყოს.

ვლადიმირ ვაისი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “საბა კვირკველია შესანიშნავი ფეხბურთელია და ამ შეკრებაზე გუნდში მისი არყოფნის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ მცირე ტრავმაა. “ლოკომოტივში” იგი ბოლო პერიოდში გამაყუჩებლებით თამაშობს და გადავწყვიტეთ, რომ დაესვენა. რა თქმა უნდა, კვირკველია მოიაზრება საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრად.

რაც შეეხება ჩემს მომავალს – უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ნაკრებში მომდევნო ორი წლის განმავლობაში დავრჩები.

კვიპროსი და ბელარუსი ის გუნდებია, რომელთა მსგავსებს ჩვენ შევხვდებით ერთა ლიგაზე. ასე რომ, ცხადია, ეს თამაშები მოსამზადებლად ძალიან წაგვადგება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთი წლით ადრე დავგეგმოთ ყველაფერი, რადგან მომდევნო წლის სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი რომ გვქონდეს.

გორი და ქუთაისი იმიტომ ავირჩიეთ, რომ საქართველოს ნაკრები თბილისის გარდა, სხვა ქალაქებშიც ნახონ და მიეცეთ გულშემატკივრებს შესაძლებლობა, რომ ეროვნული ნაკრების თამაშს უყურონ.

მინდოდა მიმეცა საშუალება ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, რომ ეთამაშათ. მაგალითად, სიხარულიძე, პაპუნაშვილი, საბა ლობჟანიძე. ეს ნაკრების ხვალინდელი დღეა და მათ შანსი დაიმსახურეს. ბაჩო არაბულს რაც შეეხება, ის მყავდა ერთი წლის წინ დუბაის შეკრებაზე. ახლა კი, საჭიროდ ჩავთვალე ის ფეხბურთელები მენახა საქმეში, რომლებიც გამოვიძახე.

სამწუხაროდ, ბევრ საგოლე მომენტს ვერ ვიყენებთ და ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. ნაკრების ახალწვეულებს გუნდთან შეწყობის პრობლემა არ ჰქონიათ. ვემზადებით ჩვეულებრივ რეჟიმში.

მე ყოველთვის გურამ კაშიას გვერდით ვიქნები. ვფიქრობ, გურამი და ჯაბა კანკავა დღეს ყველაზე დიდი პროფესიონალები არიან ქართულ ფეხბურთში. სხვა საკითხებში არ ვერევი, ჩემთვის მთავარია, როგორ ფორმაშია ფეხბურთელი”, - განაცხადა ვაისმა.

საქართველოსა და კვიპროსის ამხანაგური მატჩი 10 ნოემბერს, გორში, “თენგიზ ბურჯანაძის” სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება. 13 ნოემბერს კი, საქართველოს ნაკრები ქუთაისში, ბელარუსის ნაკრებს გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115758