ფეხბურთი

10:40 | 3.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ევროპა ლიგაზე

ევროპა ლიგის მეოთხე ტურში სამმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა და სამივეს გუნდი დამარცხდა.

მოსკოვის “ლოკომოტივი” საკუთარ მოედანზე ტირასპოლის “შერიფთან” ფავორიტად ითვლებოდა და იგებდა კიდეც, მაგრამ მერე ორი უპასუხო გოლი გაუშვა და დამარცხდა (1:2). “რკინიგზელთა” რიგებში ტრადიციულად 90 წუთი ითამაშა სოლომონ კვირკველიამ. იური სიომინის გუნდს F ჯგუფში ოთხი ტურის მერე 5 ქულით მესამე პოზიცია უკავია. თუმცა, ლიდერთან ჩამორჩენა მხოლოდ ერთი ქულაა.

თუ “ლოკომოტივს” ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი ჯერ კიდევ აქვს, იგივეს ვერ ვიტყვით არნემის “ვიტესზე”. ჰოლანდიურმა გუნდმა “ზულტე ვარეგემი” მიიღო და დამარცხდა (0:2). უნდა აღინიშნოს, რომ არნემელებს ორი გოლი არ ჩაუთვალეს. გურამ კაშია ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და 67-ე წუთზე შეცვალეს. “ვიტესი” K ჯგუფში 1 ქულით ბოლო საფეხურზეა.

წააგო სკოპიეს “ვარდარმაც”. მაკედონიის ჩემპიონი სან სებასტიანში, “სოსიედადთან” უშანსოდ იყო – 0:3. სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ჯაბა ჯიღაურმა. “ვარდარს” ქულა არ მოუპოვებია და ბუნებრივია, რომ პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგული აქვს.

ბორისოვის “ბატე” გერმანიაში “კიოლნს” 54-ე წუთამდე უგებდა, მაგრამ მერე ვერაფერი გააწყო და დიდი ანგარიშით წააგო – 2:5. ბელარუსის ჩემპიონის რიგებში ისევ არ ჩანს ვაკო გვილია, რომელიც განაცხადს მიღმა დარჩა. “ბატეს” 4 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124298