ფეხბურთი

4:30 | 30.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ევერტონს” კუმანის წასვლამ ვერ უშველა

პრემიერლიგის მე-10 ტურის მეორე სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გაიმართა. “ლესტერი” საკუთარ მოედანზე საშინელ ფორმაში მყოფ “ევერტონს” დაუხვდა და ორი უპასუხო ბურთი გაუტანა.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მერსისაიდელებმა 150 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე დახარჯეს და მათგან ბევრს მოელოდნენ, თუმცა “სიტისთან” გასვლაზე მოპოვებული ქულის გარდა, “კანფეტებზე” ჯერჯერობით კარგს ვერაფერს ვიტყვით. ლივერპულელები გასულ ტურში საკუთარ მოედანზე “არსენალთან” შერცხვნენ (2:5) და გასავარდნ ზონაში ჩაეშვნენ, რაც კლუბის ხელმძღვანელობამ რონალდ კუმანს აღარ აპატია და კარისკენ მიუთითა. “ევერტონს” “ლესტერთან” მატჩში დროებითი მწვრთნელი დევიდ ანსვორსი გაუძღვა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ უშანსოდ დამარცხდა.

“მელიებმა” საწყის ნახევარ საათში ორი გოლი გაიტანეს, ხოლო შემდეგ დაცვაზე გააკეთეს აქცენტი და გამარჯვებამდე საქმის მიყვანა აღარ გასჭირვებიათ. ანგარიში მე-18 წუთზე გაიხსნა, მასპინძლებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, რომელიც ჯეიმი ვარდიმ დააბოლოვა ზუსტად, ხოლო 29-ე წუთზე დემარეი გრეის დარტყმის შემდეგ ბურთი კენის მოხვდა და პიკფორდის კარში შევარდა – 2:0.

“ლესტერი” 12 ქულით მე-11 ადგილზეა, ხოლო “ევერტონი” 8 ქულით მე-18 პოზიციაზე დარჩა.

მეორე მატჩში “ბრაიტონმა” “საუთჰემპტონს” უმასპინძლა და შინ ქულა გაატანა. სტუმრებმა ტაიმი სტივენ დევისის გოლით მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში წონასწორობა გლენ მიურეიმ აღადგინა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. “თოლიები” 12 ქულით მე-12 ადგილზე არიან, ხოლო “წმინდანები” 13 ქულით მე-9 საფეხურს იკავებენ.

ბრაიტონი – საუთჰემპტონი 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ს.დევისი (7), 1:1 მიურეი (52)

ლესტერი – ევერტონი 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 ვარდი (18), 2:0 დ.გრეი (29)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.155956