ფეხბურთი

0:44 | 24.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ 2017 წლის საუკეთესოები გამოავლინა: რონალდუ, ზიდანი, ბუფონი და სხვები

ლონდონში, ფიფამ 2017 წელი შეაჯამა და საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა. სანამ, მთავარ სათქმელზე გადავიდოდეთ, გეტყვით, რომ ფიფას ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელებს ფიფას წევრი ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელები, კაპიტნები და ასევე, გულშემატკივრები ირჩევნდნენ, ხოლო საბოლოო ხმები შეჯამდა.

ფიფას ვერსიით მსოფლიოს 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ გახდა. მადრიდის “რეალის” ლიდერმა ლიონელ მესისა და ნეიმარს აჯობა.

ქალთა შორის წლის საუკეთესო ფეხბურთელი ჰოლანდიელი ლიკე მარტენსი გახდა, რომელმაც გასულ ზაფხულს საკუთარ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

მამაკაცთა შორის წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომანციაში პირველობა არავის დაუთმო ზინედინ ზიდანმა – ფრანგმა, რომელმაც 2017 წელს “სამეფო კლუბს” ოთხი ტიტული მოაგებინა, იტალიელებს, ანტონიო კონტესა და მასიმილიანო ალეგრის აჯობა.

იმავე ნომინაციაში გამარჯვებული, ოღონდ ქალთა შორის, ჰოლანდიის ნაკრების დამრიგებელი სარინა ვიეგმანი გახდა. ვეიგმანმა ჰოლანდიას ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი მოუტანა.

2017 წლის საუკეთესო მეკარე ჯანლუიჯი ბუფონია – 39 წლის მეკარემ მანუელ ნოიერსა და კეილორ ნავასს აჯობა. აღსანიშნავია, რომ ფიფამ აღნიშნულ ნომინაციაში საუკეთესო პირველად გამოავლინა.

2017 წლის ულამაზესი გოლი ფიფას ვერსიით ოლივიე ჟირუმ გაიტანა. ფრანგმა ფორვარდმა “არსენალის” მაისურით “კრისტალ პალასს” მართლაც დაუვიწყარი გოლი გაუტანა ქუსლით, “მორიელის” სტილში...

გარდა ამისა, უპრიზოდ არც გლაზგოს “სელტიკი” დარჩენილა – უფრო კონკრეტულად, “სელტიკის” გულშემატკივრები 2017 წელს საუკეთესო პერფორმანსის ავტორად აღიარეს.

ჩეხური “ბრნოს” ფეხბურთელ ფრანსის კონეს 2017 წლის ფეირ-პლეის პრიზი გადაეცა. ფრანგმა გასულ სეზონში მეტოქე გუნდის მეკარე მოედანზე სიკვდილისგან იხსნა და გმირობა ამ მხრივაც დაუფასდა.

და ბოლოს, გამოვლინდა ფიფას ვერსიით 2017 წლის გუნდიც, სიმბოლური ნაკრები, რომელშიც “რეალის” ფეხბურთელთა დომინირება აღინიშნა:

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი

მცველები: დანი ალვეში, სერხიო რამოსი, ლეონარდო ბონუჩი, მარსელო

ნახევარმცველები: ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი, ანდრეს ინიესტა

თავდამსხმელები: ნეიმარი, ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ

აქვე, გაგაცნობთ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისისა და კაპიტნის ჯაბა კანკავას არჩევანს:

ვაისი – საუკეთესო ფეხბურთელი: 1. ლიონელ მესი 2. კრიშტიანუ რონალდუ 3. ლუკა მოდრიჩი

საუკეთესო მწვრთნელი: 1. ზინედინ ზიდანი 2. ანტონიო კონტე 3. ჟოზე მოურინიო

კანკავა – საუკეთესო ფეხბურთელი: 1. კრიშტიანუ რონალდუ 2. ლიონელ მესი 3. ნეიმარი

საუკეთესო მწვრთნელი: 1. ზინედინ ზიდანი 2. დიეგო სიმეონე 3. პეპ გვარდიოლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137582