ფეხბურთი

2:00 | 23.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: ლონდონელებმა ლივერპულელები დაჩაგრეს

პრემიერლიგის მე-9 ტურის მესამე სათამაშო დღეს ორი ლონდონურ-ლივერპულური ჯახი გაიმართა. ორივე დაპირისპირებაში დედაქალაქელებმა მაგრად დაჯაბნეს მერსისაიდელები და სამბურთიანი სხვაობით იმარჯვეს.

საშინელ დღეშია “ევერტონი”. “კანფეტებმა” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ძალიან დიდი თანხა დახარჯეს, თითქოს კარგადაც დაიწყეს (“ევერტონი” ერთადერთი გუნდია, რომელმაც ჯერჯერობით “სიტის” ქულა აართვა), მაგრამ მესამე ტურიდან მოყოლებული კლუბი აირია და საშინელი შედეგები აქვს. “არსენალთან” მარცხის შემდეგ კი, მერსისაიდელები უკვე გასავარდნ ზონაში არიან და ასე თუ გაგრძელდა, რონალდ კუმანს უეჭველად კარისკენ მიუთითებენ.

არადა, შეხვედრის დასაწყისი მასპინძელთათვის ცუდს არაფერს მოასწავებდა, უეინ რუნიმ მე-12 წუთზე გრანიტ ჯაკას შეცდომით ისარგებლა და საჯარიმოს გარედან ძალიან ლამაზი დარტყმით ანგარიში გახსნა. გაშვებული გოლის შემდეგ “მეთოფეებმა” შეუტიეს და მე-40 წუთზე ნაჩო მონრეალმა ახლო მანძილიდან წონასწორობა აღადგინა. ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარი კი სტუმართათვის დიდებულად წარიმართა. 53-ე წუთზე ალექსის სანჩესის მშვენიერი გადაცემით მესუთ ოზილმა იხეირა და თავური დარტყმით ლონდონური კლუბი დააწინაურა. სტუმრებმა გადამწყვეტი უპირატესობა 68-ე წუთზე მოიპოვეს, როდესაც გაიემ ჯაკას წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, მეორე გაფრთხილება მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. 74-ე წუთზე ოზილმა უკვე საგოლე გადაცემა გააკეთა, ალექსანდრე ლაკაზეტს გაატანინა და შეხვედრის ბედი გადაწყდა. სახალისო გამოდგა მატჩის უკანასკნელი წუთები: 90-ე წუთზე ჯეკ უილშირის მშვენიერი გადაცემა აარონ რემსიმ შეირგო და პიკფორდი მეოთხედ დაამწუხრა, 93-ე წუთზე ჩეხის და მონრეალის შეუთანხმებელი თამაშით ნიასემ ისარგებლა და ანგარიში შეამცირა, ხოლო ორ წუთში ალექსის სანჩესმა მშვენიერი გოლით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 2:5.

“ტოტენჰემმა” “უემბლიზე” “ლივერპული” გაანადგურა და ქულებით “მანჩესტერ იუნაიტედს” გაუთანაბრდა. ლონდონურმა კლუბმა მეტოქე აშკარად დაჩაგრა და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. “დეზებმა” თავიდანვე აქტიურად დაიწყეს, მე-4 წუთზე კირან ტრიპიერის პასით ჰარი კეინი კარგ პოზიციაზე აღმოჩნდა, ჯერ სიმონ მინოლე ჩამოიშორა, შემდეგ ერთი მცველი და ბურთი კარში შეაგორა. მე-12 წუთზე მასპინძლებმა მწვავე კონტრშეტევა განახორციელეს, კეინმა უკვე საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში და გოლი სონს გაატანინა. სულ მალე სონს დუბლის გაფორმება შეეძლო, მაგრამ ბურთი ხარიხას მოარტყა. მერსისაიდელებმა სხვაობა 24-ე წუთზე შეამცირეს: მოჰამედ სალაჰმა სისწრაფის ხარჯზე მცველები დაჩაგრა და შემდეგ ჭკვიანურადაც დაარტყა. თუმცა, ლონდონელებმა ტაიმი მაინც ორბურთიანი უპირატესობით მოიგეს – მსაჯის მიერ მესამე დამატებულ წუთზე ჯოელ მატიპმა ბურთი ძალიან ცუდად მოიგერია, პირდაპირ დელე ალეს დაუგდო დასარტყმელად და ახალგაზრდა მოთამაშემაც საჩუქარი შეირგო.

შეხვედრის ბედი 56-ე წუთზე გადაწყდა: სიმონ მინოლე გამოსვლაზე უხეშად შეცდა და ბურთი ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ იან ვერტონგენს მიუვიდა, მისი დარტყმის შემდეგ ბურთი რობერტო ფირმინომ ცარიელი კარიდან გამოიტანა, თუმცა დამატებაზე კეინი გაჩნდა და დუბლი გაიფორმა. დარჩენილ დროში უპირატესობას “ლივერპული” ფლობდა და ანგარიშის შემცირების შანსიც ჰქონდა, თუმცა უგო ლორისმა ამის გაკეთების საშუალება არავის არ მისცა – 4:1.

ევერტონი – არსენალი 2:5 (1:1)

გოლები: 1:0 რუნი (12), 1:1 მონრეალი (40), 1:2 ოზილი (53), 1:3 ლაკაზეტი (74), 1:4 რემსი (90), 2:4 ნიასე (93), 2:5 სანჩესი (95)
გაძევება: გაიე (68 ე.)

ტოტენჰემი – ლივერპული 4:1 (3:1)

გოლები: 1:0, 4:1 კეინი (4; 56), 2:0 სონი (12), 2:1 სალაჰი (24), 3:1 ალი (45+3)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134577