ფეხბურთი

1:10 | 22.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “იუნაიტედის” პირველი მარცხი

პრემიერლიგის მე-9 ტურში “მანჩესტერ იუნაიტედმა” პირველი მარცხი იგემა. ჟოზე მოურინიოს შეგირდები გასვლაზე ახლად აღზევებულ “ჰადერსფილდს” ეწვივნენ და მოულოდნელად შინ უქულოდ დაბრუნდნენ.

“წითელი ეშმაკების” მარცხში დიდი წვლილი მიუძღვის შვედ მცველ ვიქტორ ლინდელოფს, რომელიც მოედანზე 23-ე წუთზე ტრავმირებული ფილ ჯონსის ნაცვლად გამოჩნდა. ახალგაზრდა მოთამაშე 28-ე წუთზე ინსმა გააბრუა და კარშიც დაარტყა, ბურთი დე ხეამ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე მუი გაჩნდა და ანგარიში გახსნა, ხოლო ხუთიოდე წუთში ლინდელოფი კიდევ უფრო უხეშად შეცდა და დეპოიტრემ სხვაობა გაზარდა.

მეორე ნახევარში “იუნაიტედი” უპირატესობას ფლობდა, ბურთიც ძალიან დიდხანს ეჭირა, თუმცა ბევრი მომენტი ნამდვილად არ ჰქონია. სტუმრებმა სხვაობა 78-ე წუთზე შეამცირეს: რომელუ ლუკაკუს ჩაწოდების შემდეგ მარკუს რეშფორმა თავური დარტყმით შეაგდო. “წითელი ეშმაკები” გათანაბრებას შეეცადნენ, თუმცა აღარაფერი გამოუვიდათ და უქულოდ დარჩნენ – 2:1.

სამაგიეროდ, მორიგი იოლი გამარჯვება მოიპოვა “მანჩესტერ სიტიმ”, რომელიც საკუთარ მოედანზე “ბორნმუთს” გაუსწორდა და თანაქალაქელი ხუთი ქულით ჩამოიტოვა. მასპინძლებმა ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგეს: 28-ე წუთზე სტუმართა მეკარემ პოპიმ საჯარიმოში ბერნარდო სილვა წააქცია და შეხვედრის მთავარმა მსაჯმა როჯერ ისტმა პენალტი დანიშნა, რომელიც სერხიო აგუერომ გამოიყენა და მოედანზე დაბრუნება გატანილი გოლით აღნიშნა. მეორე ნახევარში კი “ქალაქელებმა” უპირატესობა გაზარდეს და მიმდინარე სეზონისთვის დამახასიათებლად დიდი ანგარიშით იმარჯვეს: 73-ე წუთზე ნიკოლას ოტამენდიმ თავური დარტყმით შეაგდო, ხოლო ორ წუთში კევინ დე ბრუინის გადაცემა ლეროი სანემ შეირგო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირე – 3:0.

“ჩელსიმ” “სტემფორდ ბრიჯზე” “უოტფორდს” უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში იმარჯვა. ლონდონელები მე-12 წუთზე პედრომ ულამაზესი გოლით დააწინაურა, ხოლო მსაჯის მიერ მეორე დამატებულ წუთზე დაკურმა ტიბო კურტუას ახლო კუთხეში გაუტანა და ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. სტუმართათვის მეორე ნახევარი მშვენივრად დაიწყო და 49-ე წუთზე რობერტო პერეირამ ახლო მანძილიდან “არისტოკრატების” კარი მეორედ აიღო. “ჩელსის” წინა ორ მატჩშიც წაგებული ჰქონდა და მთელი ძალებით შეუტია, რამაც შედეგი გამოიღო: 71-ე წუთზე პედროს ჩაწოდებულს შეცვლაზე შემოსული მიჩი ბაჩუაი გამოეხმაურა და თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა, 87-ე წუთზე სესარ აზპილიკუეტამ კაბასელეს უყურადღებო თამაშით ისარგებლა და ახლო მანძილიდან თავით შეაგდო, ხოლო 95-ე წუთზე ბრიტოსის უხეში შეცდომა ბაჩუაიმ გამოიყენა და დუბლი გაიფორმა – 4:2.

“ლესტერმა” გასვლაზე “სუონსი” დაამარცხა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია, “ნიუკასლმა” შეცვლაზე შემოსული მერინიოს გოლით შინ “კრისტალ პალასს” აჯობა, “ბორნმუთმა” სტუმრად “სტოკს” მოუგო, ხოლო “საუთჰემპტონმა” საკუთარ მოედანზე ბუფალის გვიანი გოლით “ვესტ ბრომვიჩი” დაამარცხა.

ჩელსი – უოტფორდი 4:2 (1:1)

გოლები: 1:0 პედრო (12), 1:1 დაკური (45+2), 1:2 პერეირა (49), 2:2, 4:2 ბაჩუაი (71; 95), 3:2 3:2 აზპილიკუეტა (87)

ჰადერსფილდი – მანჩესტერ იუნაიტედი 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 მუი (28), 2:0 დეპოიტრე (33), 2:1 რეშფორდი (78)

მანჩესტერ სიტი – ბარნლი 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 აგუერო (30 პენ.), 2:0 ოტამენდი (73), 3:0 სანე (75)

ნიუკასლი – კრისტალ პალასი 1:0 (0:0)

გოლი: მერინიო (86)

სტოკი – ბორნმუთი 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 სურმენი (16), 0:2 სტანისლასი (18 პენ.), 1:2 დიუფი (63)

სუონსი – ლესტერი 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ფ.ფერნანდესი (25 ს.კ.), 0:2 ოკაზაკი (49), 1:2 მოუსონი (56)

საუთჰემპტონი – ვესტ ბრომვიჩი 1:0 (0:0)

გოლი: ბუფალი (85)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12736