ფეხბურთი

22:22 | 15.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის “დინამო” – მნიშვნელოვანი მოგება დერბიში

თბილისის “დინამომ” დერბიში 3:1 სძლია “ლოკომოტივს” და ისევ ოთხქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. მთლიანობაში, ეროვნული ლიგის კვალობაზე, კარგი თამაში ვნახეთ.

დებიუტშივე, ლაშა თოთაძემ საჯარიმო დარტყმა გოლად აქცია. თოთაძე ამ მხრივ მართლაც გამორჩეულია და კიდევ რამდენჯერმე აანერვიულა რევაზ თევდორაძე. სხვა მომენტებში მეკარემ იმარჯვა.

ტაიმის შუაში, სამწუთიან მონაკვეთში “დაცხა” მოედანზე. ბექა მიქელთაძის წაქცევისთვის პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა, მაგრამ მსაჯმა საჭიროდ არ ჩათვალა – საეჭვო ეპიზოდი კი იყო.

ერთ წუთში მიქელთაძემ ახლო მანძილიდან ცარიელ კარს ააცილა, ხოლო მალევე, “ლოკომოტივმა” გოლი გაიტანა და გაუქმდა: ირაკლი სიხარულიძემ მოასწრო პასის გაკეთება და გეგა დიასამიძემ ცარიელ კარში შეაგორა ბურთი. დიასამიძეზე საეჭვო თამაშგარე დაფიქსირდა.

“დინამო” უპირატესობას ფლობდა და განსაკუთრებით კარგი იყო ოთარ კიტეიშვილი. ყველაზე მომცრო ტანისა და ყველაზე შესამჩნევი – “დინამო” მისი მეთაურობით კარგ ფეხბურთს აჩვენებდა.

“ლოკოც” უტევდა და ტაიმის ბოლოს გაათანაბრა კიდეც: კუთხურს გიორგი რეხვიაშვილის თავური მოჰყვა – 1:1.

ტაიმი თითქოს ასეც უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ერთ წუთში 18 წლის ბექა ქავთარაძე მარჯვნიდან შევარდა საჯარიმოში, რეხვიაშვილი ჩამოიტოვა და სეხნია მიქელთაძეს დაუგორა ბურთი. გატანა რთული აღარ იყო – 2:1.

მეორე ტაიმი სანახაობრივი თვალსაზრისით ჩამორჩებოდა პირველს. არ წაუვიდათ თამაში “ლოკოს” შემტევებს, დიასამიძე-არველაძე-სიხარულიძის სამეული ინერტული იყო. უფრო სწორად, ისინი დინამოელებმა გაანეიტრალეს.

კაჭარავას გუნდი დაცვაში არ ჩადგა და ცდილობდა, მესამე გოლით დაემთავრებინა ინტრიგა, აქეთ კი ერთხელ გადარჩა: დიასამიძის პასს ნოდარ ქავთარაძის ოდნავ არაზუსტი დარტყმა მოჰყვა.

ბოლოს ისევ დინამოელებმა გაიტანეს. კონტრშეტევისას მიქელთაძემ მოძებნა ლაშა ქოჩლაძე და მისი დარტყმული ხარიხიდან ასხლეტით შევარდა კარში – 3:1. ქოჩლაძე შეცვლაზე იღბლიანად შედის: მეათე მატჩი ჩაატარა და მეოთხე გოლი მიითვალა.

ეროვნული ლიგა

თბილისი. დინამო არენა

დინამო – ლოკომოტივი 3:1 (2:1)

დინამო: ლიტოვჩენკო, გეგეჭკორი, სალუქვაძე, კობოური, თოთაძე, ქარდავა, ზარია (ქოჩლაძე 78), კიტეიშვილი, შულაია (კუცია 88), მიქელთაძე, ბ.ქავთარაძე (დავითაშვილი 90+2)

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

ლოკომოტივი: რ.თევდორაძე, ღონღაძე (ჩიტეიშვილი 38), კობახიძე, რეხვიაშვილი, უბილავა, გვალია (ლ.ქურდაძე 87), სამურკასოვი, ნ.ქავთარაძე, დიასამიძე, არველაძე (გოროზია 53), სიხარულიძე

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

გოლები: 1:0 თოთაძე (5), 1:1 რეხვიაშვილი (44), 2:1 მიქელთაძე (45), 3:1 ქოჩლაძე (90+3)

გაფრთხილება: ბ.ქავთარაძე, გეგეჭკორი, მიქელთაძე - გვალია, სამურკასოვი, დიასამიძე, რეხვიაშვილი

მსაჯი: ვადაჭკორია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.282973