ფეხბურთი

1:40 | 15.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: უფერული მატჩი “ენფილდ როუდზე”
"სიტი" ბრწყინვალეა!

პრემიერლიგის მერვე ტურის ცენტრალურმა შეხვედრამ ფეხბურთის მოყვარულებს იმედი გაუცრუა. “ენფილდ როუდზე” ადგილობრივი “ლივერპული” პრინციპულ მეტოქეს “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუხვდა და უგოლოდ დაუზავდა.

მერსისაიდული კლუბი მთელი შეხვედრის განმალობაში უპირატესობას ფლობდა და უტევდა, თუმცა გააზრებული და სახიფათო მომენტების შექმნა საკმაოდ უჭირდათ. ჟოზე მოურინიომ კი, აშკარად დაცვაზე გააკეთა აქცენტი და მთელ თამაშში “იუნაიტედს” ერთადერთი რეალური საგოლე შანსი ჰქონდა.

პირველ ტაიმში “ლივერპული” მეტოქის ნახევარზე იყო გამაგრებული, თუმცა 100%-იანი საგოლე მომენტი მხოლოდ 35-ე წუთზე შექმნა: ჯოელ მატიპის დარტყმის შემდეგ, დავიდ დე ხეამ ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა და ფეხით ურთულესი ბურთი მოიგერია, დამატებაზე უკვე მოჰამედ სალაჰს შეეძლო გატანა, მაგრამ ოდნავ ააცილა. “წითელი ეშმაკები” გაცილებით იშვიათად უტევდნენ, თუმცა ტაიმის ბოლო წუთზე რომელუ ლუკაკუს ურეალურესი ეპიზოდი ჰქონდა, მაგრამ სიმონ მინოლეს ვერ აჯობა.

მეორე ნახევარი კიდევ უფრო მოსაწყენი გამოდგა და გუნდებმა 45 წუთის განმალობაში ბურთი კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრეს. “იუნაიტედს” მეტოქის კარისკენ ფაქტობრივად არ გაუხედავს და მოგების შანსი არ ჰქონია, აი მასპინძელთაგან კი, ემრე ჩანს რომ ოდნავ ყურადღებით ეთამაშა, “ლივერპული” აქტივში 3 ქულას ჩაიწერდა – 0:0.

ბრწყინვალე, შეუჩერებელი და დაუნდობელია “მანჩესტერ სიტი”, რომელმაც მორიგი შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და უკანასკნელ უკანასკნელ ხუთ მატჩში უკვე 24 (!) გოლი გაიტანა. “ქალაქელებმა”, რომელთაც ტრავმის გამო სერხიო აგუერო აკლიათ, შინ “სტოკი” მიიღეს და შავი დღეს აყარეს.

ხოსეპ გვარდიოლას შეგირდები 27-ე წუთისთვის უკვე 3:0-ს იგებდნენ და მატჩის ბედი თითქოს გადაწყვეტილი იყო, თუმცა სტუმრებმა იბრძოლეს, სამწუთიან მონაკვეთში ორი ბურთი გაიტანეს და 47-ე წუთისთვის ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს. “დურგლებს” ეს ყველაფერი ძალიან ძვირად დაუჯდათ: 55-ე წუთზე კევინ დე ბრუინის ჩინებული გადაცემა გაბრიელ ჟეზუსმა შეირგო და დუბლი გაიფორმა, ხუთ წუთში ფერნანდინიომ დიდებული შორეული გასროლით ბატლენდის კარი მეხუთედ აიღო, ორ წუთში დე ბრუინის კიდევ ერთ მშვენიერ გადაცემას ლეროი სანეს გოლი მოჰყვა, ხოლო 79-ე წუთზე შეცვლაზე შემოსული ბერნარდო სილვას ჯერი დადგა – 7:2.

“მანჩესტერ სიტიმ” 22 ქულა დააგროვა და პრემიერლიგის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

სენსაციური მარცხი განიცადა “ჩელსიმ”, რომელიც “შელჰარსტ პარკზე” თანაქალაქელ “კრისტალ პალასს” დაუპირისპირდა. “არწივებს” მიმდინარე სეზონში გოლიც კი არ ჰქონდათ გატანილი და ცხრილის ფსკერზე უქულოდ იმყოფებდნენ, თუმცა ამ მატჩის შემდეგ უკვე 3 ქულა აქვთ.

მასპინძლები მე-11 წუთზე სესარ აზპილიკუეტას ავტოგოლით დაწინაურდნენ, შვიდ წუთში ბაკაიოკომ თავური დარტყმით გაათანაბრა, თუმცა 45-ე წუთზე ვილფრიდ ზაჰამ საკუთარ ფლანგზე აზპილიკუეტა და ძაპაკოსტა დაჩაგრა, მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ტიბო კურტუას კარი მეორედ აიღო.

მთლიანობაში, “ჩელსის” საკმაოდ ცუდი შეხვედრა გამოუვიდა და მეტოქეს თამაშითაც ბევრი ვერაფრით აჯობა. მეორე ნახევარში სტუმრები უფრო კი გააქტიურდნენ, თუმცა ეს საკმარისი ქულის აღებადაც არ აღმოჩნდა და ლონდონურმა კლუბმა ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა – 2:1.

თანაქალაქელს მიბაძა “არსენალმა” და ისიც გასვლაზე, იგივე ანგარიშით დამარცხდა. “მეთოფეები” “უოტფორდს” ეწვივნენ და ტაიმი პერ მერტესაკერის თავურით მოიგეს კიდეც, მაგრამ მეორე ნახევარში ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და უქულოდ დარჩნენ: 71-ე წუთზე ბელერინმა საკუთარ საჯარიმოში რიჩარლისონი წააქცია, მსაჯმა კი პენალტი დანიშნა, რომელიც ტროი დინმა გოლად აქცია, ხოლო 92-ე წუთზე ლონდონელთა დაცვის საშინელი თამაშით ტომ კლევერლიმ ისარგებლა და ახლო მანძილიდან გამარჯვების გოლი შეაგდო – 2:1.

“ტოტენჰემი” “უემბლიზე” “ბორნმუთს” დაუხვდა და კრისტიან ერიკსენის გოლით, მიმდინარე სეზონში პირველი საშინაო გამარჯვება მოიპოვა. “სუონსიმ” აბრაჰამის დუბლით “ლიბერთი სთედიუმზე” “ჰადერსფილდს” სძლია, ხოლო “ბარნლის” და “ვესტ ჰემის” შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

ლივერპული – მანჩესტერ იუნაიტედი 0:0

ბარნლი – ვესტ ჰემი 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ანტონიო (19), 1:1 ვუდი (85)
გაძევება: ე.კეროლი (27 ვ.)

კრისტალ პალასი – ჩელსი 2:1 (2:1)

გოლები: 1:0 აზპილიკუეტა (11), 1:1 ბაკაიოკო (18), 2:1 ზაჰა (45)

მანჩესტერ სიტი – სტოკი 7:2 (3:1)

გოლები: 1:0, 4:2 ჟეზუსი (17; 55), 2:0 სტერლინგი (19), 3:0 დ.სილვა (27), 3:1 დიუფი (44), 3:2 უოლკერი (47 ს.კ.), 5:2 ფერნანდინიო (60), 6:2 სანე (62), 7:2 ბ.სილვა (79)

სუონსი – ჰადერსფილდი 2:0 (1:0)

გოლები: აბრაჰამი (42; 48)

ტოტენჰემი – ბორნმუთი 1:0 (0:0)

გოლი: ერიკსენი (47)

უოტფორდი – არსენალი 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 მერტესაკერი (39), 1:1 დინი (71 პენ.), 2:1 კლევერლი (92)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.167032