ფეხბურთი

16:53 | 10.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

საფეხბურთო მონატრება - 50 წლის წინანდელი, გერმანელებთან გამარჯვებისა 

გუშინ, 9 ოქტომბერს დიდი ხნის უნახავი მეგობრები და თანაგუნდელები შეხვდნენ ერთმანეთს. სასიამოვნო საღამო იყო, აღნიშნეს ტკბილი მოგონებებით. 50 წლის იუბილე აღნიშნეს. რისი იუბილე? ამას მოვყვებით, უფრო სწორედ, ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგის პრეზიდენტი ზურაბ პეტრიაშვილი გვიამბობს.

პეტრიაშვილი ყოფილი ფეხბურთელია და როგორც იცით, ერთ-ერთი მოთავე იყო 1990 წლის დასაწყისში საქართველოს ჩემპიონატის ჩატარებისა, ანუ საბჭოეთის ჩემპიონატისგან გამოყოფისა.

ზურაბ პეტრიაშვილი: “ზუსტად 50 წლის წინ, თბილისის “დინამოს” სტადიონზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ეთამაშა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (გდრ) თანატოლთა ნაკრებს და 2:1 მოუგო. პირველი გოლი მე გავიტანე, მერე გერმანელებმა გაათანაბრეს, მაგრამ სოსო ქორიძემ გაიტანა გადამწყვეტი ბურთი. ამბობდნენ, გერმანელებს ერთი წლით დიდები ჰყავდათო.

...გვყავდა დამატებული ფეხბურთელებიც, მაგრამ უმრავლესობას 35-ე სკოლის ჭაბუკები წარმოვადგენდით. მთავარი მწვრთნელი გახლდათ სერგო სიხარულიძე, ხოლო თანაშემწე – ავთანდილ ვარდიაშვილი.

...სამწუხაროდ, იმ მატჩის მონაწილე რამდენიმე ადამიანი დღეს ცოცხალი აღარ არის. ჩვენ სულ კარგი შედეგები გვქონდა სსრკ-ის სპარტაკიადაზე, საუკეთესო გუნდის წოდებები გვაქვს.

...რით არის საინტერესო დღევანდელი დღე? ამდენი ხანია, ერთმანეთი არ გვინახავს და აი, ვიკრიბებით, ძველ დროს გავიხსენებთ. ამ შეხვედრის ორგანიზატორი მე გახლავართ.”

საქართველოს მაშინდელ 17-წლამდელთა ნაკრებში იყვნენ 1950 წელს დაბადებულები. დამატებულები იყვნენ მანუჩარ მაჩაიძე, სოსო ქორიძე, ბესო მჭედლიშვილი. თამაშობდნენ შოთა ოქროპირაშვილი (მომავალში ქუთაისის “ტორპედოს” კაპიტანი), ფირუზ რეხვიაშვილი (“დინამო”), გივი ჯღარკავა, რომეო კუპრეიშვილი, გივი მოლაშვილი, მეკარე თამაზ სტეფანია (თბილისის “დინამოში” თამაშობდა, ბოლნისელი გახლდათ და “სიონის” სტადიონი მისი სახელობისაა). გუნდში ყველაზე უმცროსი იყო ნოდარ კვანტალიანი, რომელიც 1951 წელსაა დაბადებული...

სხვათა შორის, იმავე ნაკრებში იყო დავით ყიფიანიც, თუმცა ის ერთი წლით პატარა გახლდათ. კონკრეტულად გდრ-ის ნაკრებთან ყიფიანს არ უთამაშია.

ვეტერანი ფეხბურთელები ძველ ამბებს იხსენებდნენ. არა მხოლოდ საფეხბურთო, არამედ სხვა სახალისო ისტორიებსაც. დაათვალიერეს მაშინდელი ფოტოები.

ისე, საქართველოსა და გდრ-ის გუნდების ურთიერთშეხვედრა 1967 წლის შემდეგაც შედგა და ის დღე უბრწყინვალესია ქართული ფეხბურთის ისტორიაში: 1981 წლის 13 მაისი. ასე რომ, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ თამაშები სხვაგვარად აღსანიშნავი გამოდის.

0.112359