ფეხბურთი

13:27 | 5.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

23 წლის წინ: წვიმიანი ნოემბრის ლამაზი დღე

ეს იმ პერიოდზე ვყვები, როცა ქართულ ოჯახებში “კერასინკა” სასიცოცხლო მნიშვნელობის ნივთი იყო. თუ ზაფხული არ იდგა, შუქი იშვიათად მოდიოდა და ახალგაზრდებს ერთი სული გვქონდა, როდის დაიწყებოდა “პა-სეანსი”.

1994 წელს საფეხბურთო აურა იგრძნობოდა - შესაძლოა, დამოუკიდებლობის პერიოდიდან მოყოლებული, ყველაზე მეტად სწორედ იმ წელს იგრძნობოდა, ამას კი თავისი ახსნა ჰქონდა: საქართველოს ნაკრები პირველად გადიოდა ევროსარბიელზე.

იმ დროს ხალხი ჯერ კიდევ ცხოვრობდა ფეხბურთით.

მიუხედავად იმისა, რომ ფიფამ საქართველო უფრო ადრე აღიარა და რამდენიმე მატჩის გამართვაც მოესწრო, უნდა ითქვას, რომ ნაკრების ისტორია მაინც 1994 წლიდან დაიწყო. ცუდს რა მოთვლის: 11 კაცით კარჩაკეტილ მოლდოვასთან შინ წაგება, ბულგარეთში მარცხი (მიუხედავად იმისა, რომ კოსტადინოვის შემოსვლამდე ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა), გაცრუებული იმედები და სიტყვები, “ეჰ, მოლდოვაც გვჯობს”.

ეს ამბავი კი 16 ნოემბერს მოხდა. იმ დღეს ქართველმა გულშემატკივრებმა დაივიწყეს შიმშილი, დაივიწყეს პურის კილომეტრიანი და შვიდსაათიანი რიგები. დაივიწყეს, რომ სახლში გაყინული კედლები ელოდათ.

ევროშესარჩევი, საქართველო-უელსი 5:0. ალბათ, რამდენმა უცხოურმა გამოცემამ გადაამოწმა ეს ანგარიში.

რა ხდებოდა იმ დღეს? მიუხედავად იმისა, რომ ციოდა, ნისლი იყო და დილით ცრიდა, სტადიონზე 50 000-მდე გულშემატკივარი მივიდა. მონატრებული ჰქონდა ხალხს უცხოელთა ჩამოსვლა. ოპტიმიზმი თითქოს ნაკლებად - ჯერ ერთი, ამას ევროშესარჩევში ორი წაგება უძღოდა წინ და მეორეც, უელსი იმ დროს ძლიერ ნაკრებად ითვლებოდა: 1994 წლის მუნდიალზე გასვლამდე ცოტა დააკლდა: შინ რუმინეთთან მოგება სჭირდებოდა და 1:1-ზე, 85-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა.

...თამაში თბილისის დროით შუადღის ორ საათზე, ანუ ბრიტანელთათვის დილის ათ საათზე დაიწყო. მაშინ ოთხი საათი იყო სხვაობა. სხვა საქმეა, რომ ნოემბერში თბილისში საღამოს მატჩის ჩატარება იოლი არ იყო - სანთლის შუქზე ვერ ითამაშებდნენ, ხოლო სტადიონის განათება დიდ პრობლემას წარმოადგენდა.

ასეა თუ ისე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა სწორად გათვალა. ძალიანაც არ უნდოდათ უელსელებს, მაგრამ თამაში მათი დროით დილაადრიან დაიწყო.

უელსს ვერ ჩამოჰყვა რაიან გიგზი, თუმცა აქ იყო იან რაში-მარკ ჰიუზის თავდასხმის დუეტი, მარჯვენაფლანგელი დინ სონდერსი, ნახევარდაცვის ლიდერი გარი სპიდი - რომელმაც, როგორც იცით, 2011 წელს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

დაცვაში თამაშობდა კრის კოულმენი: უელსის ამჟამინდელი მწვრთნელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გაიყვანა ნაკრები და ამით ყველაფერი ნათქვამია.

და კარში იდგა სუმოისტის ტანის ნევილ საუთჰოლი, რომელიც წლების განმავლობაში “ევერტონში” მაგარ მეკარედ მიიჩნეოდა, მაგრამ იმ დღეს ქართველებმა რაც დამართეს, მტრისას - გეგონება, ვარჯიშობენო, სულ თავზე უტარებდნენ ბურთებს.

ნამდვილად რაც მახსოვს, საწყის ნახევარ საათში უელსი კარგად გამოიყურებოდა, თუმცა მერე ალექსანდრე ჩივაძის ინდივიდუალისტებმა საფეხბურთო წარმოდგენა აჩვენეს. თემურ ქეცბაიამ მარცხნიდან ეფექტურად გადაატარა ბურთი საუთჰოლს და იგივე ნომერი შესვენების შემდეგაც გაიმეორა.

კვიპროსის “ომონიაში” მოთამაშე გოჩა გოგრიჭიანმა, ასევე, შოთა არველაძემ ტექნიკის ნიმუში ჩააქსოვეს საგოლე დარტყმებისას.

კარგი იყო გიორგი ნემსაძის პასი და ქინქლაძემაც შეაგდო თავისი გოლი. ეს მომენტი ბოლოს იმიტომ ვთქვით, რომ კურიოზული ტრავმაც მოჰყვა: ნემსაძე ქინქლაძისთვის გოლის მისალოცად გაიქცა, მუხლებზე დაცემული გასრიალდა და თამაშის გაგრძელებას ვინ ჩიოდა, რამდენიმე თვე დარჩა უფეხბურთოდ - ოპერაცია დასჭირდა.

კიდევ ის მახსოვს, რომ რაშსა და ჰიუზს, ფაქტობრივად, ფეხი არ გაუნძრევიათ. სრულიად გამოთიშულნი იყვნენ თამაშიდან. უკვე ასაკში იყვნენ. ხოლო მეორე ტაიმი, უბრალოდ, კატა-თაგვობანა იყო - მოკლე პასები, გახსნა, უმალ საგოლე მომენტი. უელსელებს ერთი სული ჰქონდათ, მატჩი როდის მორჩებოდა, ქართველებს კი თამაში ეხალისებოდათ, ყველაფერს ლაზათიანად აკეთებდნენ.

მახსოვს რამდენიმე უელსელი ფანი, მთვრალები იყვნენ და სიცილ-კისკისით ტოვებდნენ სტადიონს. გავიფიქრე, მე რომ მათ ადგილზე ვყოფილიყავი, რა გამაცინებდა. ალბათ, თვეების განმავლობაში ვერ დავივიწყებდი, პატარა უცნობ ქვეყანასთან 0:5 რომ წაგვეგო-მეთქი.

ეს იყო ნაკრების პირველი გამარჯვება ოფიციალურ შეხვედრებში, პირველი კი, მოგეხსენებათ, ყველაფერი ძნელად დასავიწყებელია. ან რატომ უნდა დაივიწყო? იმავე შესარჩევში ქართველებმა სტუმრადაც მოუგეს უელსს და ისევ თავზე გადაგდებით - გიორგი ქინქლაძის ის გოლი საფეხბურთო კლასიკა იყო.

მაგრამ პირველი მაინც “ბორის პაიჭაძეზე” იყო. და იმ დღეს სტადიონზე კაციშვილს ვერ ნახავდით, რომელიც იფიქრებდა, რომ შემდგომი 23 წლის განმავლობაში ნაკრები ერთხელაც ვერ გავიდოდა ფინალურ ეტაპზე.

საქართველო - უელსი 5:0 (2:0)

საქართველო: დევაძე, რევიშვილი, ცხადაძე, შელია, ჩიხრაძე, გოგიჩაიშვილი, ნემსაძე (ინალიშვილი 42), გოგრიჭიანი, ქეცბაია (ყაველაშვილი 76), ქინქლაძე, შოთა არველაძე

მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

უელსი: საუთჰოლი, ნელსონი (საიმონსი 46), ბოუენი, მელვილი, კოულმენი, ფილიპსი, ჰორნი, სონდერსი, რაში, ჰიუზი, სპიდი

მწვრთნელი: მაიკ სმიტი

გოლები: 1:0 ქეცბაია (31), 2:0 ქინქლაძე (41), 3:0 ქეცბაია (50), 4:0 გოგრიჭიანი (59), 5:0 შოთა არველაძე (66)

მსაჯი: ალენ სარი (საფრანგეთი)

0.111722