ფეხბურთი

1:27 | 24.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: დაუნდობელი “სიტი” და მორატას ბენეფისი

ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობს “მანჩესტერ სიტი”. ხოსეპ გვარდიოლას გუნდი უკანასკნელი მატჩების განმალობაში იმ თამაშს აჩვენებს, როგორსაც ასეთი შემადგენლობის მქონე გუნდისგან მოელოდნენ. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ “ქალაქელებმა” უკანასკნელ სამ მატჩში ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბეს კიდეც და საკუთარ გულშემატკივარს შესანიშნავი თამაშით ასიამოვნებენ.

“სიტი” საკუთარ მოედანზე “კრისტალ პალასს” დაუხვდა, რომელსაც აქამდე გოლი ვერ გაეტანა და უქულოდ ცხრილის ფსკერზე იმყოფებოდა. “არწივებმა” მასპინძელთა იერიშს ტაიმის ბოლომდე გაუძლეს, თუმცა საქმის ბოლომდე მიყვანა მაინც ვერ მოახერხეს და 44-ე წუთზე ლეროი სანესგან პირველი გოლი მიიღეს, რამაც გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია.

მეორე ნახევარში მასპინძლები გაცილებით თავისუფლად თამაშობდნენ. თანაც, ლონდონელებმა შედარებით წინ აწევა სცადეს, რასაც სივრცეების გახსნა მოჰყვა და “ქალაქელებსაც” მეტი რა უნდოდათ?! 51-ე წუთზე ლეროი სანემ უკვე საგოლე გადაცემა მიითვალა და რაჰიმ სტერლინგს ახლო მანძილიდან გაატანინა. 59-ე წუთზე ახალგაზრდა ინგლისელ მოთამაშეს უკვე სერხიო აგუერომ გაატანინა და დუბლი გააფორმებინა. 79-ე წუთზე კი თავად არგენტინელმაც გაიტანა და საგოლე გადაცემა კვლავ ლეროი სანემ ჩაიწერა აქტივში. “კრისტალ პალასის” წვალებას ბოლო შეცვლაზე შემოსულმა ფაბიან დელფმა მოუღო, რომელმაც საჯარიმოს გარედან ბრწყინვალე გოლი შეაგდო – 5:0.

“სიტიმ” პრემიერლიგის უკანასკნელ სამ მატჩში 16 გოლი გაიტანა და ერთიც არ გაუშვია. კლუბს 16 ქულა აქვს და გათამაშებას თანაქალაქელ “იუნაიტედთან” ერთად უდგას სათავეში, რომელმაც რომელუ ლუკაკუს გოლით გასვლაზე “საუთჰემპტონის” დამარცხება მოახერხა.

სანახაობრივი და ძალიან დაძაბული შეხვედრა შედგა “კინგ პაუერ სთედიუმზე”, სადაც ადგილობრივი “ლესტერი” “ლივერპულთან” ბრძოლაში დამარცხდა. სტუმრებმა შეხვედრა შესანიშნავად დაიწყეს. ანგარიში მე-15 წუთზე მოჰამედ სალაჰმა გახსნა, ხოლო რვა წუთში ფელიპე კოუტინიომ ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით სხვაობა გაზარდა. “მელიებმა” ანგარიშის შემცირება მსაჯის მიერ მესამე დამატებულ წუთზე შეძლეს – გამოსვლაზე სიმონ მინოლეს ცუდი თამაში შინჯი ოკაზაკის გოლით დასრულდა.

68-ე წუთზე მერსისაიდელებმა შესანიშნავი კონტრშეტევა განახორციელეს და ჯორდან ჰენდეროსონმა ორბურთიანი სხვაობა აღადგინა, თუმცა მხოლოდ ერთი წუთით: ჯეიმი ვარდიმ დამატებაზე თავით ითამაშა და ბურთი ცარიელ კარში გაიტანა. იმავე ვარდიმ 73-ე წუთზე მინოლეს პენალტი აკიდა და შეეძლო შეხვედრის გმირი გამხდარიყო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მეკარეს ვეღარ აჯობა და შეხვედრა “წითლების” გამარჯვებით 2:3 დასრულდა.

ასეთივე ანგარიშით დასრულდა “ვესტ ჰემის” და “ტოტენჰემის” დაპირისპირება. ერთი საათის შემდეგ სტუმრები ჰარი კეინის დუბლით და კრისტიან ერიკსენის გოლით წყნარად იგებდნენ და შეხვედრას სრულად აკონტროლებდნენ. თუმცა, მალე ვითარება შეიცვალა: 65-ე წუთზე ერთი ბურთი ჩიჩარიტომ გაქვითა, ხოლო 70-ე წუთზე სერჟ ორიემ მეორე გაფრთხილება მიიღო და “დეზები” 10 კაცით დარჩნენ. 87-ე წუთზე შესანიშნავი თავური დარტყმით კუაიტემ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა და მაურისიო პოჩეტინოს გუნდს ბოლო წუთებში ნერვიულობა მოუწიათ, მაგრამ “ჩაქუჩებმა” მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხეს და ლონდონურ დერბიში გამარჯვება “ტოტენჰემს” დარჩა – 2:3.

“ჩელსი” “ბრიტანია სთედიუმზე” “სტოკს” ეწვია და ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა. ლონდონელთა მაისურით პირველი ჰეთ-თრიკი გაიფორმა ესპანელმა თავდამსხმელმა ალვარო მორატამ, რომელსაც განსაკუთრებით ლამაზი მეორე ბურთი გამოუვიდა. რაც შეეხება დარჩენილ ერთ გოლს, კიდევ ერთი ესპანელის პედრო როდრიგესის ანგარიშზეა და ასევე ორი საგოლე გადაცემა სესარ აზპილიკუეტამ მიითვალა. “ჩელსის” ეს გამარჯვება მთლიანად ესპანელების დამსახურებაა.

“ევერტონმა” საკუთარ მოედანზე “ბორნმუთის” დამარცხება მოახერხა, “უოტფორდმა” “ლიბერთი სთედიუმზე” გამარჯვება 90-ე წუთზე მოიპოვა, ხოლო “ბარნლის” და “კრისტალ პალასის” ჯახი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

ვესტ ჰემი – ტოტენჰემი 2:3 (0:2)

გოლები: 0:1, 0:2 კეინი (34; 38), 0:3 ერიკსენი (60), 1:3 ჩიჩარიტო (65), 2:3 კუაიტე (87)
გაძევება: ორიე (70 ტ.)

ბარნლი – ჰადერსფილდი 0:0

ევერტონი – ბორნმუთი 2:1 (0:0)

გოლები: 0:1 კინგი (49), 1:1, 2:1 ნიასე (77; 82)

მანჩესტერ სიტი – კრისტალ პალასი 5:0 (1:0)

გოლები: 1:0 სანე (44), 2:0, 3:0 სტერლინგი (51; 59), 4:0 აგუერო (79), 5:0 დელფი (89)

საუთჰემპტონი – მანჩესტერ იუნაიტედი 0:1 (0:1)

გოლი: ლუკაკუ (20)

სტოკი – ჩელსი 0:4 (0:2)

გოლები: 0:1, 0:3, 0:4 მორატა (2; 77; 82), 0:2 პედრო (30)

სუონსი – უოტფორდი 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ა.გრეი (13), 1:1 აბრაჰამი (56), 1:2 რიჩარლისონი (90)

ლესტერი – ლივერპული 2:3 (1:2)

გოლები: 0:1 სალაჰი (15), 0:2 კოუტინიო (23), 1:2 ოკაზაკი (45+3), 1:3 ჰენდერსონი (68), 2:3 ვარდი (69)

73-ე წუთზე ვარდიმ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1469