ფეხბურთი

2:03 | 12.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა, დღე I: "ბარსელონა" იქ იწყებს, სადაც გაჩერდა

უეფას ჩემპიონთა ლიგა იწყება, საკლუბო ფეხბურთში ყველაზე ფასეული ტურნირი სტარტს დღეს აიღებს. პირველი სათამაშო დღის აფიშა გადასარევია – გათამაშების რამდენიმე ფავორიტიც დღეს დაიწყებს.

დღის და საერთოდ, ტურის ცენტრალური მატჩი რა თქმა უნდა, ბარსელონაში შედგება. “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგა “იუვენტუსით” დაასრულა და “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგას “იუვენტუსით” იწყებს – ბედის ირონიაა, მაგრამ “ბლაუგრანას” “ბებერ ქალბატონზე” რევანშის შანსი მტკივნეული მარცხიდან ხუთი თვის თავზე აქვს.

მაშინ, “იუვემ” “ბარსა” დაჩაგრა, შანსი არ დაუტოვა, მაგრამ მიუხედავად მცირე დროისა, გუნდებში ბევრი რამ შეიცვალა. ეს განსაკუთრებით ესპანელებზე ითქმის – ნეიმარი და ლუის ენრიკე გუნდში აღარ არიან, სამაგიეროდ, ენრესტო ვალვერდე და უსმან დემბელე იწყებენ ლურჯ-წითელი ისტორიის წერას. “იუვენტუსმა” დაცვის მთავარი ფიგურა დაკარგა – ლეონარდო ბონუჩი. “იუვენტუსს” დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვს და ეს არ უკავშირდება მხოლოდ ბონუჩის. ჯორჯო კიელინი ტრავმირებულია და მაქს ალეგრის საფიქრალი ბევრი აქვს.

საერთოდ, იტალიის ჩემპიონი კატალონიაში სულ რაღაც 19 ფეხბურთელით (აქედან სამი მეკარე) ჩავიდა და მათ შორის, ორი პრიმავერადან დაიმატა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ალეგრის 18 კაცის შეკრებაც გაუჭირდა. კიელინიზე ვთქვით და მის გარდა, ბენედიქტ ჰიოვედესი, სამი ხედირა, კლაუდიო მარკიზიო და მარიო მანჯუკიჩი არიან დაშავებულნი. ხუან კუადრადო სერხიო რამოსის ცოდვების გამო ისჯება – დისკვალიფიკაცია აქვს. აი, “ბარსელონას” ბანაკში ამ მხრივ ყველაფერი იდეალურადაა და ვალვერდეს დანაკლისი არ გააჩნია.

სეზონი ორივე გუნდმა ჩინებულად დაიწყო – თავიდან, ქვეყნის სუპერთასზე ერთმაც წააგო და მეორემაც. თუმცა, შიდა ჩემპიონატებს თავს სამ-სამი მოგებით იწონებენ, თანაც დამაჯერებლად. მოკლედ, დღეს, ორივეს პირველი საამსეზონო გამოცდა აქვთ. ფორმაშია ლეო მესი და ფორმაშია პაულო დიბალაც. არაინ იცის, ამ ბიჭებს რა დაემართათ სანაკრებო შეკრებისას არგენტინის ნაკრებში, მაგრამ ფაქტია, რომ კლუბში ისინი დაფრინავენ. დღეს ისევ იქნება დუელი მესი და დიბალა, მაგრამ იქნება კიდევ ერთი დუელი: მესი და ბუფონი. ლეო ჯიჯისთან ჯერ ისევ მშრალზეა და მორიგი შანსი მიეცა - საქმეს კიელინის ტრავმა და ბონუჩის გუნდიდან წასვლა არგენტინელს აუცილებლად გაუადვილებს, მაგრამ ჯიჯიც არ აპირებს ჩინებული მაჩვენებლის გაუარესებას.

აქამდე, “იუვენტუსი” და “ბარსელონა” ოფიციალურ დონეზე ერთმანეთს ცხრაჯერ შეხვედრილან და იშვიათ თანაფარდობას ვაწყდებით: 3 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება.

ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი რა თქმა უნდა, დიპლომატიური ფრაზებით გამოირჩა. ერნესტო ვალვერდე მიიჩნევს, რომ “იუვე” თავისი გუნდური სულისკვეთები საშიში გუნდია, ხოლო ალეგრის აზრით, “ბარსელონა” მსოფლიოში ისევ საუკეთესოა.

D ჯგუფის მეორე მატჩია ათენშია ჩანიშნული – “ოლიმპიაკოსისა” და “სპორტინგის” მატჩი რა თქმა უნდა, ესპანურ-იტალიურ დუელთან შედარებით ჩრდილშია მოქცეული.

“ბარსა” – “იუვე” ცენტრალური შეხვედრაა და ყურადღების ცენტრშია, მაგრამ არც დანარჩენ მატჩებს აევლება გვერდი: ერთსეზონიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგას “მანჩესტერ იუნაიტედი” უბრუნდება. ჩემპიონთა ლიგა ის ტურნირია, სადაც “წითელი ეშმაკები” თავს კომფორტულად გრძნობენ. თუმცა, დღეს “მანიუს” არაკომფორტული მეტოქე ეყოლება – ინგლისელებს “ბაზელი” ძალიან ცუდად უნდა ახსოვდეთ. სულ ბოლოს, 2011-2012 წლების სეზონში შვეიცარიელებმა 4 ქულა წაართვეს მრისხანე მეტოქეს და ჯგუფში ჩატოვეს. ბუნებრივია, იქედან მოყოლებული მანკუნიანელთა ბანაკში რევანშის წყურვილი იყო. ვნახოთ, ფურცელზე “მანჩესტერი” მაშინაც და ახლაც “ბაზელს” ბევრად აღემატება, მაგრამ მწვანე მინდორზე გაგორებულ ბურთს ხშირად რას გაუგებ... ისე კი, “ბაზელს” ევროტურნირებზე უკვე 8 თამაშია სტუმრად არ მოუგია.

კილიან მბაპე, ნეიმარი და პსჟ – მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა სტარტს გლაზგოდან აიღებს. პსჟ-სთვის ჩემპიონთა ლიგა უხერხული ტურნირია, პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ანგრევს კედლებს, მაგრამ კილიან მბაპე და ნეიმარიც გუნდში სწორედ ამიტომ მიიყვანეს. “სელტიკი” კი, ძლიერი გუნდი არაა – ბრენდან როჯერსის გუნდისთვის ისიც დიდი მიღწევაა, რომ ჯგუფურ ეტაპზე ხვდება. შესაბამისად, დღეს საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონი აშკარა ფავორიტია და დღეს უკვე ველოდებით შოუს, სახელად მბაპე და ნეიმარი...

პსჟ-ს შოტლანდიაში წაფორხილების უფლება მართლაც არ აქვს, რადგან საშიში კონკურენტი ჰყავს – მიუნხენის “ბაიერნი” მშიერია და თან დაჭრილი. პირველი იმიტომ, რომ “რეკორდმაისტერს” ოთხი წელია ლიგაზე ღირებული ვერაფერი გამოსდის, ხოლო მეორე იმიტომ, რომ ბუნდესლიგის ბოლო ტურში “ჰოფენჰაიმმა” კუთხეში დააყენა. “ბაიერნს” კი, დიდებული შანსი აქვს ჯავრი იყაროს. ჯავრის ამოყრა გერმანულმა გიგანმტა როგორი იცის, არაერთხელ დავრწმუნებულვართ – “ანდერლეხტიც” არ გავს მის შემჩერებელს. არადა, ბელგიელები ჩემპიონთა ლიგას დანატრებულნი არიან 2014-2015 წლების სეზონიდან. ბუნებრივია, რომ “რეკორდმაისტერი” საკუთარ მოედანზე ბელგიური გუნდების წინააღმდეგ ჩინებულად ირჯება: 7 თამაში და 6 მოგება.

საინტერესოდ გამოიყურება C ჯგუფიც – “ჩელსი”, “ატლეტიკო”, “რომა” და “ყარაბაღი” – ვისთვის წარმოუდგენელია, მაგრამ აზერბაიჯანის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგაზეა. აზერბაიჯანის ფეხბურთს დღეს დებიუტი ექნება და აზერბაიჯანის ფეხბურთმა ისტორია უკვე დაწერა, ისტორიას დღესაც დაწერს და მერეც, დარჩენილ 5 ტურში. იქამდე, ჩვენთვის კარგად ნაცნობი “ყარაბაღი” ლონდონში ჩადის – “არისტოკრატები” კი, პაუზის შემდეგ ბრუნდებიან და გზაზე ყველა შემხვედრის განადგურებას აპირებენ. საერთოდ, “სტემფორდ ბრიჯზე” ბევრი დაბრუნებაა – ბრუნდება ანტიონიო კონტეც. კონტე ჩემპიონთა ლიგაზე სტამბოლის წყეული საღამოს მერე არ ყოფილა. კონტეს ლიგის საათი იქ, 2013 წლის დეკემბრის სუსხიან თურქულ ამინდში მოიშალა და დღეს ამუშავდება. კონტე მოკრძალებულია და კონტე არ თვლის, რომ “ჩელსი” ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია – ანტონიოს მიაჩნია, რომ მან და მისმა გუნდმა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იარონ წინ და წარმატებაც მოვა. და მაინც, “ჩელსი” ფავორიტია. “ჩელსი” დღესაც ფავორიტია, ჯგუფშიც ფავორიტია და ჩემპიონთა ლიგაზეც – ინგლისის ჩემპიონის შესახებ ვსაუბრობთ.

თუ, “ჩელსის” უპირატესობა “ყარაბაღზე” აშკარად იკითხება, ამას ვერ ვიტყვით ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაზე – “რომას” ჩემპიონთა ლიგაზე თავმოყვარეობა ბევრჯერ შელახვია, მაგრამ “ჯალოროსი” მაინც ანგარიშგასაწევი ძალაა. თუნდაც, “ატლეტიკოსთვის”. ეს, ის “ატლეტიკოა”, რომელსაც ისევ “ჩოლო” შეუძახებს და რომელსაც ისევ შეუძლია წავიდეს შორს. შორს, სადაც ბევრი ვერ მიდის. “რომას” კი ახალი მწვრთნელი ჰყავს – ეუსებიო დი ფრანჩესკო. იტალიელს დღეს ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ექნება. იტალიელი პრაგმატული ადამიანია და კარგად ხვდება, რომ მიუხედავად პირველი ტურისა, დღეს მისი გუნდისთვის ბევრი რამ გადაწყდება.

ამიტომაც იყო, რომ ეუსებიომ ამ შეხვედრას გადამწყვეტი უწოდა – ძნელია არ დავეთანხმოთ. “რომა” შინ თამაშობს და თუ არა, “სტადიო ოლიმპიკოზე” სად უნდა მოიპოვოს სამი ქულა... სხვათა შორის, ამავე “ოლიმპიკოზე” “რომას” საშინელი სტატისტიკა აქვს – ბოლო რვა თამაში და ერთადერთი მოგება. საუბარი რა თქმა უნდა, უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩებზეა. აი, “ატლეტიკო” კი, ბოლო ოთხი სეზონია ერთადერთ ბარიერს ვერ წვდება. “ატლეტიკოსთვის” მხოლოდ მადრიდის “რეალია” დაუძლეველი, დანარჩენებთან “ჩოლო” თავის ადგილზეა.

მოკლედ, როგორც ვხედავთ, პირველი სათამაშო დღის აფიშა ბევრს გვპირდება. გვპირდება დაძაბულობას, გვპირდება დრამატიზმს, გვპირდება გოლებსა და გვპირდება სანახაობას. ცოტა დარჩა – ჩემპიონთა ლიგა იწყება!

აქვე, დღეს გასამართი ყველა შეხვედრაში მონაწილე გუნდების სავარაუდო შემადგენლობები:

A ჯგუფი

“ბენფიკა” – ცსკა

ლისაბონი, “და ლუჟი”

12 სექტემბერი, 22:45 საათი

“ბენფიკა” (4-4-2): ჟულიო სეზარი; ანდრე ალმეიდა, ლუიზაო, ლისანდრო, გრიმალდო; ფილიპე აუგუსტო, სალვიო, პიცი, ჩერვი; ჟონასი, სეფეროვიჩი

მწვრთნელი: რუი ვიტორია

ცსკა (5-3-2): აკინფეევი; ფერნანდეში, ვასინი, ვ. ბერეზუცკი, ა. ბერეზუცკი, შენიკოვი; გოლოვინი, ნათხო, ვერნბლუმი; ვიტინიო, ძაგოევი

მწვრთნელი: ვიქტორ გონჩარენკო

მსაჯი: ალბერტო უნდიანო (ესპანეთი)

“მანჩესტერ იუნაიტედი” – “ბაზელი”

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

12 სექტემბერი, 22:45 საათი

“მანჩესტერ იუნაიტედი” (4-3-2-1): დე ხეა; ვალენსია, სმოლინგი, ლინდელოფი, ბლინდი; ფელაინი, მატიჩი, პოგბა; მატა, რეშფორდი; ლუკაკუ

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

“ბაზელი” (4-2-3-1): ვაჩლიკი; ლანგი, სუხი, აკანჯი, რივეროსი; ჯაკა, ზუფი; სტეფენი, ელიონუსი, ბუა; ვან ვოლფსინკელი

მწვრთნელი: რაფელ ვიკი

მსაჯი: რუდი ბუკე (საფრანგეთი)

B ჯგუფი

“სელტიკი” – “პარი სენ ჟერმენი”

გლაზგო, “სელტიკ პარკი”

12 სექტემბერი, 22:45 საათი

“სელტიკი” (4-2-3-1): გორდონი; ლუსტიგი, ბიტონი, სიმუნოვიჩი, ტიერნი; ბრაუნი, ნტჩამი; ფორესტი, რობერტსი, სინკლერი; გრიფიტსი

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

“პარი სენ ჟერმენი” (4-3-3): არეოლა; დანი ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, კურზავა; რაბიო, ვერატი, ტიაგო მოტა; ნეიმარი, მბაპე, კავანი

მწვრთნელი: უნაი ემერი

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

“ბაიერნი” – “ანდერლეხტი”

მიუნხენი, “ალიანც არენა”

12 სექტემბერი, 22:45 საათი

“ბაიერნი” (4-3-3): ნოიერი; კიმიხი, ჰუმელსი, მარტინესი, რაფინია; ტიაგო ალკანტარა, ვიდალი, ტოლისო; რობენი, რიბერი, ლევანდოვსკი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

“ანდერლეხტი” (4-4-2): სელსი; აპია, მბოჯი, სპაჰიჩი, ორბადოვიჩი; ჩიპჩუ, გერკენსი, კუმსი, ჰანი; ონიეკურუ, ტეოდორშიკი

მწვრთნელი: რენე ვეილერი

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო (იტალია)

C ჯგუფი

“რომა” – “ატლეტიკო”

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

12 სექტემბერი, 22:45 საათი

“რომა” (4-3-3): ალისონი; ბრუნო პერესი, მანოლასი, ჟუან ჟესუსი, კოლაროვი; სტროტმანი, დე როსი, ნაინგოლანი; დეფრელი, ჯეკო, პეროტი

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ვრსალიკო, გოდინი, ხიმენესი, ფილიპე ლუისი; კოკე, გაბი, საულ ნიგეზი, ფერეირა-კარასკო; გრიზმანი, ტორესი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)

“ჩელსი” – “ყარაბაღი”

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

12 სექტემბერი, 22:45 საათი

“ჩელსი” (3-4-3): კურტუა; კრისტენსენი, კეჰილი, რუდიგერი; ძაპაკოსტა, კანტე, ფაბრეგასი, ალონსო; ვილიანი, პედრო; ბატშუაი

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

“ყარაბაღი” (4-3-2-1): სეჰიჩი; მედვედევი, რჟენჩინაკი, ჰუსეინოვი, დაშდემიროვი; ალმეიდა, გარაიევი, მიჩელი; მადატოვი, გუერიე; ნდლოვუ

მწვრთნელი: გურბან გურბანოვი

მსაჯი: ანასტასოს სიდიროპულოსი (საბერძნეთი)

D ჯგუფი

“ბარსელონა” – “იუვენტუსი”

ბარსელონა, “კამპ ნოუ”

12 სექტემბერი, 22:45 საათი

“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; სემედუ, პიკე, უმტიტი, ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა; მესი, სუარესი, დემბელე

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

“იუვენტუსი” (4-3-3): ბუფონი; ბარძალი, ბენატია, რუგანი, ალექს სანდრო; სტურარო, პიანიჩი, მატუიდი; დუგლას კოშტა, იგუაინი, დიბალა

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

“ოლიმპიაკოსი” – “სპორტინგი”

ათენი, “კარაისკაკის სთედიუმი”

12 სექტემბერი, 22:45 საათი

“ოლიმპიაკოსი” (4-3-2-1): კაპინო; ელაბდელუი, ენგელსი, რომაო, ფიგერაში; ჟილე, ოჯიჯა-ოფოე, ჟდილერი; კარსელა-გონსალესი, მარინი; ჯურჯევიჩი

მწვრთნელი: ბესნიკ ჰასი

“სპორტინგი” (4-5-1): რუი პატრისიუ; რისტოვსკი, კოატეში, მატიე, ჯონათან სილვა; ჟელსონი, უილიამ კარვალიო, ბატალია, ბრუნო ფერნანდეში, აკუნია; დოსტი

მწვრთნელი: ჟორჟე ჟესუსი

მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)

ბენფიკა   0 - 2    ბაზელი

შემადგენლობა

მოვლენები

მანჩესტერი   2 - 1    ცსკა

შემადგენლობა

მოვლენები

სელტიკი   0 - 1    ანდერლეხტი

შემადგენლობა

მოვლენები

ბაიერნი   3 - 1    პსჟ

შემადგენლობა

მოვლენები

ოლიმპიაკოსი   0 - 2    იუვენტუსი

შემადგენლობა

მოვლენები

ბარსელონა   2 - 0    სპორტინგი

შემადგენლობა

მოვლენები

რომა   1 - 0    ყარაბაღი

შემადგენლობა

მოვლენები

ჩელსი   1 - 1    ატლეტიკო

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.25566