ფეხბურთი

2:41 | 10.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “რეალმა” კვლავ ქულები დაკარგა, “ბარსელონამ” დერბიში გაისეირნა

ლა ლიგის მე-3 ტურის მეორე სათამაშო დღეს გათამაშების მოწინავე კლუბებმა ითამაშეს. ადრეული შეხვედრა “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “რეალი” “ლევანტეს” დაუხვდა და უკანასკნელ ორ ტურში მეორე ვალენსიურ გუნდთან დაკარგა ქულები.

რთული მისახვედრი არაა, რომ “რეალი” დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მომენტებიც ბევრი ჰქონდა, მაგრამ მადრიდელებმა ამის ტაბლოზე ასახვა ვერ მოახერხეს. ანგარიში მე-12 წუთზე მოულოდნელად გაიხსნა: ივან ლოპესმა აუტიდან საჯარიმოში ჩააწოდა, დანი კარვახალი კი დაიბნა და ივი ვერ აიყვანა, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია. მადრიდელებმა წონასწორობა 36-ე წუთზე აღადგინეს: სერხიო რამოსის თავური რაულ ფერნანდესმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას ლუკას ვაზკესმა დაასწრო და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. დარჩენილ დროში “რეალი” ბევრს უტევდა, შანსებიც არაერთი ჰქონდა, მაგრამ გოლის გატანა ვეღარ მოახერხა და გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა – 1:1.

ტურის ცენტრალური შეხვედრა “მესტალიაზე” გაიმართა, სადაც “ვალენსიამ” “ატლეტიკოს” უმასპინძლა და შინ ქულა გაატანა. მარსელინიო ტორალი და დიეგო სიმეონე მსგავსი სტილის მწვრთნელები არიან და მათი გუნდები უმეტესად დაცვაზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობენ. ასე იყო ამ მატჩშიც, გუნდები დაცვაში მშვენივრად გამოიყურებოდნენ, თუმცა შეტევაში ბევრი არაფერი გამოსდიოდათ და ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი აბსოლუტურად ლოგიკურია – 0:0.

უნდა ითქვას, რომ “ღამურებს” აშკარად დაეტყოთ მარსელინიო ტორალის ხელი. შარშან ამ დროს ვალენსიელებს 0 ქულა ჰქონდათ და 8 გოლი გაეშვათ, ხოლო ახლა 5 ქულა აქვთ და 2 ბურთი აქვთ მიღებული. თანაც, “ლოს ჩემ” “ატლეტიკოს” გარდა, “რეალთან” გასვლაზე თამაშიც მოასწრო.

“სევილიამ” შინ “ეიბარი” მიიღო და უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, სამი უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში 46-ე წუთზე განსომ გახსნა, ნახევარ საათში სხვაობა ბენ იედერმა გაზარდა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ნოლიტომ შეხვედრას წერტილი დაუსვა – 3:0.

კატალონიურ დერბის უმასპინძლა “ნოუ კამპმა”. “ბარსელონამ” “ესპანიოლი” ძალიან დაჩაგრა და ხუთბურთიანი სხვაობით გაანადგურა. ყველაფერი ლიონელ მესის ოსტატობამ გადაწყვიტა, რომელმაც ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა, თუმცა უნდა ითქვას, რომ პირველი გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა. შეხვედრის მიწურულს კი თითო გოლი ხერარდ პიკემ და ლუის სუარესმა გაიტანეს – 5:0.

რეალი – ლევანტე 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ივი (12), 1:1 ლ.ვაზკესი (36)
გაძევება: მარსელო (89 რ.)

ვალენსია – ატლეტიკო 0:0

სევილია – ეიბარი 3:0 (0:0)

გოლები: 1:0 განსო (46), 2:0 ბენ იედერი (76), 3:0 ნოლიტო (92)

ბარსელონა – ესპანიოლი 5:0 (2:0)

გოლები: 1:0, 2:0, 3:0 მესი (26; 35; 67), 4:0 პიკე (87), 5:0 ლ.სუარესი (90)

თეგებილა ლიგა
0.240408