ფეხბურთი

11:53 | 7.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მენოტი: “ეს საშინელებაა, მესი ყველას მოტყუებას ცდილობს, სამპაოლის კი გამოცდილება არ ჰყოფნის”

არგენტინის ნაკრების ყოფილი თავკაცი სესარ ლუის მენოტი მისი ქვეყნის ეროვნული გუნდის თამაშით აღშფოთებულია. ვენესუელასთან საშინაო მატჩში (1:1) ქულების დაკარგვის შემდეგ მან ლიონელ მესი და გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი გააკრიტიკა.

“ამის ყურება საშინელებაა. ამბობენ, რომ მატჩებისთვის ემზადებიან, მოწინააღმდეგის თამაშებს განიხილავენ, თუმცა გუნდს არაფერი ეტყობა. როცა ბურთი მესისთან მიდის, ის წინ გარბის და ცდილობს ერთდროულად ყველა მოატყუოს. სამპაოლის გამოცდილება არ ჰყოფნის. “სევილიასა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების გაწვრთნა - ერთი და იგივე არაა” - აცხადებს მენოტი, რომლის ხელმძღვანელობით 1978 წელს არგენტინელებმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

ხორხე სამპაოლიმ არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში მყოფი არგენტინის ნაკრები ამ ზაფხულს ჩაიბარა, მან მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარუმატებელი მუშაობის გამო დათხოვნილი ედგარდო ბაუსა შეცვალა. სამპაოლისთვის სადებიუტო ბრაზილიასთან ამხანაგური მატჩი იყო, რომელიც მისმა შეგირდებმა 1:0 მოიგეს, ასევე სპარინგში 6:0 მოუგეს სინგაპურს, თუმცა უკვე მუნდიალის შესარჩევ შეხვედრებში ურუგვაისთან (0:0) და ვენესუელასთან (1:1) მხოლოდ ორ ქულას დასჯერდნენ და მდგომარეობა კიდევ უფრო დაიმძიმეს - მიმდინარე შესარჩევი ტურნირის 16 ტურის შემდეგ არგენტინელები 24 ქულით ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფებიან და ლიდერ ბრაზილიას 13 ქულით ჩამორჩებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127695