ფეხბურთი

21:25 | 3.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

შეფასებები: გენიალური ანანიძე, დაგვიანებული ცვლილებები

საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან მეცხრე ჯერზე ნავსი გატეხა და არ წააგო. მეტიც, მოგებაც შეიძლებოდა. თუმცა, ფრე ალბათ ყველაზე ლოგიკური შედეგი იყო, რადგან სახიფათო მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა. ერთი კი ფაქტია, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ორივე ტაიმი გამართული ფეხბურთი აჩვენა და დიდი ალბათობით, სწორედ ეს იყო საუკეთესო თამაში ბოლო პერიოდის ფორმაციის გუნდის.

WORLDSPORT.GE წარმოგიდგენთ ფეხბურთელთა შეფასებებს:

გიორგი მაკარიძე 5 – გოლი მეოთხე წუთზე გავუშვით და მასში მეკარის დიდი წვლილი იყო. სხვა საქმეა, რომ მაკარიძეზე აშკარა ჯარიმა გახლდათ, მაგრამ ფაქტი სხვა რამეს გვეუბნება – გოლი ჩაითვალა. საერთოდაც, პირველ წუთებში გიორგი საკმაოდ არამაჯერებელად მოქმედებდა და რამდენიმე შეცდომა დაუშვა. მეორე ტაიმში კი,უფრო დამშვიდებული მოქმედებდა.

ოთარ კაკაბაძე 6.5 – კაკაბაძემ საქართველოს ნაკრებში ყოფნის პერიოდში გამორჩეული თამაში ჩაატარა. დაცვაშიც თითქმის უშეცდომოდ ირჯებოდა და შეტევებშიც ხშირად ერთვებოდა.

სოლომონ კვირკველია 6 – მთლიანობაში კარგი შეხვედრა ჩაატარა კვირკველიამაც. თუმცა, გოლის ეპიზოდში ბრალეულობა მასზეც მოსდის. სწორედ სოლომონს ევალებოდა სტანდარტების დროს შეინ დაფის აყვანა, რომელმაც გოლი გაიტანა – ქართველმა კი, დააგვიანა.

გურამ კაშია 6.5 – კაშიამ მოედანზე გლადიატორივით იბრძოდა ორთაბრძოლებს არ მორიდებია. უმეტოსება ირლანდიელთა წინააღმდეგ მოიგო კიდეც. დაცვის ცენტრის კარგი თამაში პირველ რიგში მისი დამსახურებაა. შეინ ლონგიც თითქმის მთელი შეხვედრა თამაშიდან სრულიად გამოთიშა. რაც მთავარია, საგოლე შეტევაც გურამისგან დაიწყო.

გიორგი ნავალოვსკი 5 – თუ კაკაბაძეს მარჯვენა ფლანგზე არაფერი დაეწუნებოდა, იგივეს ვერ ვიტყვით ნავალოვსკიზე. გიორგის ფიზიკურად ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ ძალიან გაუჭირდა და რამდენჯერმე დაიჩაგრა კიდეც. ვერც შეტევას ადგებოდა ისე, როგორც თანამედროვე ფეხბურთში განაპირა მცველს მოეთხოვება.

ნიკა კვეკვესკირი 6.5 – კვეკვესკირი მოედნის ცენტრის ბატონ-პატრონი იყო. ირლანდიელ ვიზავებს არაფერი დაუთმო და მისი კარგი თამაშითაც იყო გამოწვეული, რომ საქართველოს ნაკრებს ბურთის ფლობაში დიდი უპირატესობა ჰქონდა.

ვაკო გვილია 6.5 – ფაქტობრივად იგივეს თქმა შეგვიძლია გვილიას შესახებაც. “ბატეს” ნახევარმცველისგან ნაკრებში კარგ თამაშს დავეჩვიეთ კიდეც. ვაკომ გაუკეთა ძალიან კარგი პასი ჯანო ანანიძეს, რასაც ირლანდიის ნაკრების კარში გოლი მოჰყვა.

ჯაბა ჯიღაური 6 – ჯაბა ჯიღაურმა პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარა. მარჯვენა ფლანგიდან ხიფათი ხშირად იქმნებოდა და სწორედ მისი დამსახურებით. დაცვასაც ეფექტურად ეხმარებოდა. მეორე ტაიმის შუაში დაღლა დაეტყო და ბოლოს გიორგი ჭანტურიათი შეცვალეს. თუმცა, მთლიანობაში ურიგოდ არ გარჯილა.

ჯანო ანანიძე 7 – “ჯანო გენიალური მოთამაშეა” – ეს სიტყვები მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისმა წარმოსთქვა. ანანიძემ გოლის ეპიზოდში მართლაც გენიალურად გაისარჯა და დიდებული საგოლე გადაცემა მიითვალა. საერთოდაც, ყველა შეტევაში ის იღებდა მონაწილეობას და თამაშის მთავარი ტვინი სწორედ ჯანო იყო. მეორე ტაიმში გოლის გატანაც შეეძლო, მცირედით არაზუსტად დაარტყა.

ვაკო ყაზაიშვილი 6.5 – ვაკო ყაზაიშვილის გოლმა ქულა მოგვიტანა. ეს ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს. ქართველი ჯანოს გადაცემის შემდეგ სიტუაციაში კარგად გაერკვა და არ შემცდარა. სხვა მხრივ კი, “სან ხოსეს” შემტევი დიდად გამორჩეული არ ყოფილა და იყო ეპიზოდები, როცა თამაშიდან გამოთიშული გახლდათ.

გიორგი ქვილითაია 6 – “რაპიდის” ფორვარდმა ძალიან ბევრი იბრძოლა. ბევრიც წააგო და ბევრიც მოიგო. ცოტა არ იყოს, რთულია ორ ირლანდიელ მცველთან უწევდა მუდმივად ჭიდილი. რეალური საგოლე შანსი კი არ მისცემია. ბუნებრივია, ქვილითაია ისეთი სტილის ფეხბურთელია, რომელსაც მომენტი უნდა შეუქმნა – ასეთი რამ არ მომხდარა.

გიორგი ჭანტურია 5 – ჭანტურიას 15 წუთი მიეცა, რაც ბევრი არაა, მაგრამ... იგი მოედანზე შეტევის გასაძლიერებლად შეიყვანეს, თუმცა გიორგიმ ეს ვერ მოახერხა. მეტიც, ბოლოსკენ ძალიან კარგი შეტევა სწორედ მისმა გაუგებარმა პასმა გააფუჭა. ცალკე თემაა, რომ ქართველი შემტევი საკმაოდ დამძიმებული ჩანდა...

გიორგი მერებაშვილი შ.გ – მერებაშვილმა კიდევ უფრო ცოტა, 5 წუთი ითამაშა. მიუხედავად ამისა, შეეძლო გმირი გამხდარიყო. საჯარიმოს მისადგომებიდან სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ბურთი მიზანში ვერ მოხვდა. მთლიანობაში ნათამაშები წუთებით, მისი შეფასება რთულია.

დავით ხოჭოლავა შ.გ – ხოჭოლავამ მხოლოდ მსაჯის დამატებული წუთები ითამაშა.

ვლადიმირ ვაისი 6 – აშკარაა, რომ სლოვაკის ხელში საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხი მაღლდება. სხვა საქმეა, რომ შედეგები სახარბიელო ვერაა. გუნდმა დაიწყო შეტევაში კომბინაციური მოქმედება და დაცვიდან სწორად, დროულად გადასვლა მეტოქის მოედანზე. გარდა ამისა, პრესინგის აქტიური თამაში, რიის ნიშნებიც გუშინდელ მატჩში გამოჩნდა. კითხვები კი, ჩნდება ცვლილებების თაობაზე – პირველი შეცვლა ვაისმა მხოლოდ 75-ე წუთზე გამოიყენა, თუმცა არ გაამართლა. გარედან ისე ჩანდა, რომ მან მართლაც დააგვიანა ცვლილებები, მაგრამ არავინ იცის სურათი შიგნიდან – იქნებ, არ იყვნენ მზად სათადარიგო ფეხბურთელები, რომ იმაზე მეტად გაეძლიერებინათ თამაში, ვიდრე ამას მოედანზე მყოფები ახერხებდნენ?..

0.103965