კალათბურთი

19:19 | 28.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

მანუჩარ მარკოიშვილი: “ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე და ევრობასკეტზე ვარ კონცენტრირებული”

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი ახალი სეზონიდან იტალიის სერია A-ს ბინადარ “რეჯიო ემილიას” რიგებში ითამაშებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მანუჩარმა პირველი კომენტარი გააკეთა.

მარკოიშვილის თქმით, იტალიური გუნდი მას თბილისში აკვირდებოდა და კონტრაქტის გაფორმებაც ამის შემდეგ გადაწყდა. თუმცა, აღნიშნა, რომ ახლა მთლიანად ნაკრებზე და ევრობასკეტზეა კონცენტრირებული.

“ნამდვილად ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის, როდესაც ამ გუნდისგან დაინტერესება წამოვიდა. თბილისში ჩამოსული გახლდათ დამხმარე მწვრთნელი, რომელიც ვარჯიშებზე დამაკვირდა. ნახა, რომ ტრავმა არ მაწუხებს და ცუდ ფორმაში არ ვარ. კარგ ფორმაში შესასვლელად დრო კიდევ მჭირდება, მაგრამ ამ მიმართულებით მივდივარ.

უკვე ამის შემდეგ მოხდა კონტრაქტის პირობებზე შეთანხმება. რა თქმა უნდა, “რეჯიო ემილიას” მადლობელი ვარ. თუმცა, ამ ეტაპზე მთლიანად საქართველოს ნაკრების თამაშებზე და ევრობასკეტზე ვარ კონცენტრირებული. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება თუ როდის შევუერთდები გუნდს და იმედია, დასახულ მიზნებს მივაღწევთ.

“რეჯიო ემილია” ახალგაზრდული გუნდია, ძირითადი ბირთვი შეიცვალა. წინასწარ ცოტა რთულია მიზნების დაგეგმვა, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ პლეი ოფში მოვხვდებით, როგორც ევროტურნირზე, ისე იტალიის ჩემპიონატშიც”, - განუცხადა მარკოიშვილმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურს.

შეგახსენებთ, მანუჩარ მარკოიშვილი ბოლოს თურქულ “დარუშაფაკაში” გამოდიოდა. იტალიაში კი წლების განმავლობაში უთამაშია: 2002-2004 წლებში ტრევიზოს “ბენეტონის”, ხოლო 2009-2013 წლებში “კანტუს” რიგებში ირჯებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112975