ჭიდაობა

22:14 | 26.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ იაკობიშვილი მსოფლიოს ჩემპიონია (+VIDEO)

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. გენო პეტრიაშვილის შემდეგ, მსოფლიო პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ზურაბ იაკობიშვილი (65 კგ) ავიდა.

2017 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე, რომელსაც პარიზი მასპინძლობს, იაკობიშვილმა სულ ოთხი შეხვედრა ჩაატარა. საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და ინდოელ ბაირანგ ბაირანგს სძლია (6:5). თურქ მუსტაფა კაიასთან წმინდა გამარჯვება მოიპოვა. ნახევარფინალში რუს ალან გოგაევთან ბრძოლა სასურველი ფრით დაასრულა (3:3). საჩემპიონო შეხვედრაში კი პოლონეთის ნაკრების წევრ მაგომედმურად გაჯიევს დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

დღეს ფრანგულ ხალიჩაზე სულ მედლების ოთხი კომპლექტი უნდა გათამაშდეს. საქართველოს ნაკრები კი საუკეთესო შემთხვევაში კიდევ ორ ბრინჯაოს მედალს აიღებს. ზურაბ ერბოწონაშვილი (70 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) რეპეშაჟის ფინალში იჭიდავებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144907