ფეხბურთი

10:43 | 29.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანია: "მიზანი "სევილიას" პირველ გუნდში დაწინაურებაა"
"გასულ სეზონში ბევრი უსამართლობა ვნახე"

საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატი გიორგი აბურჯანია ახალ სეზონს იმედიანად შეჰყურებს და მთელი შემართებით ემზადება. 22 წლის ქართველი ნახევარმცველი ერთი წლის წინ “სევილიას” მეორე გუნდს შეუერთდა, თუმცა პირველი სეზონი ისეთი არ გამოდგა, როგორსაც ისურვებდა.

თავიდან იყო ტრავმა, რომელიც გიორგიმ საქართველოს ნაკრების შეკრებაზე მიიღო, მერე კი “სევილიას” სათადარიგო გუნდის მთავარ მწვრთნელთან კონფლიქტიც მოუვიდა. ამიტომ, შარშან ჩვენებურმა სეგუნდადივიზიონში მხოლოდ 13 შეხვედრა ჩაატარა და დიდად თავი არ გამოუჩენია.

WORLDPSORT.GE აბურჯანიას დაუკავშირდა და მიმდინარე მოვლენებზე გაესაუბრა. გიორგიმ ანდალუზიაში დარჩენა გადაწყვიტა ამას როგორც მეორე გუნდის, ისე “სევილიას” მთავარი მწვრთნელების შეცვლას უკავშირებს.

- როგორ მიმდინარეობს ახალი სეზონისთვის მზადება?

- ყველაფერი გეგმის მიხედვითაა. ჯანმრთელად ვარ და გუნდთან ერთად ვემზადები. მოსამზადებელი ეტაპია და დატვირთვები საგრძნობლად მომატებულია.

- პრობლემები წარსულს ჩაბარდა?

- მთავარი მწვრთნელი შეიცვალა. აქედან გამომდინარე ყველაფერი რიგზეა.

- როგორ ფიქრობთ, ახლა უფრო ადვილი იქნება ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება და ედუარდო ბერიცოს ყურადღების მიქცევა?

- რა თქმა უნდა. სწორედ ეს არის მიზანი და მიზეზი, რატომაც დავრჩი “სევილიაში”. ბერიცოს უყვარს ახალგაზრდებთან მუშაობა, რაც “სელტაში” მის მიერ დაწინაურებულ ფეხბურთელთა რიცხვზეც აისახა. თუმცა, სტაბილურად თამაშის შემთხვევაში დარწმუნებული ვარ პრიმერას რომელიმე სხვა გუნდის ვარიანტებიც მრავლად იქნება, რადგან “სევილია B-ს” თამაშებს ყველაზე მეტი სკაუტი ესწრება. მიუხედავად ამისა, იმის ამბიცია ნამდვილად მაქვს, რომ ამ სეზონშივე პირველ გუნდში დავწინაურდე. კლუბსაც ეიმედება ჩემი, რადგან სხვა შემთხვევაში მომცემდნენ იჯარით წასვლის საშუალებას, რისი ვარიანტიც სხვათა შორის, მრავლად იყო. თან, “სევილია” ფინანსურ სარგებელსაც ნახავდა... ასე რომ, მართლაც მოტივირებული ვხვდები ახალ სეზონს.

- რომელი გუნდები გიწვევდნენ?

- ვარიანტები იყო სეგუნდადივიზიონის 3-4 გუნდიდან. ასევე, პორტუგალიის და ბელგიის უმაღლესი ლიგის კლუბებიდან. თუმცა, საბოლოოდ ჩემი ხედვები და კლუბის სურვილი ერთმანეთს დაემთხვა.

- იყო პერიოდი, როდესაც “სევილიას” დატოვება გადაწყვეტილი გქონდათ?

- დიახ, იყო ეს პერიოდი. კონფლიქტიდან 2-3 თვე გადაწყვეტილი მქონდა და არც ვმალავდი ამას. მწვრთნელი რომ დაეტოვებინათ, არავითარ შემთხვევაში არ დავრჩებოდი აქ. თან, სამპაოლი ნაკლებ შანსს აძლევდა ახალგაზრდებს. თუმცა, ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვალა.

- ახალ მწვრთნელთან თუ გქონდათ საუბარი?

- მქონდა და ძალიან პოზიტიური შთაბეჭდილება დატოვა. სხვათა შორის, “სევილიას” ყოფილი ლეგენდაა (ლუის გარსია ტევენეტი “სევილიას” აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 1994-1997 და 2000-2001 წლებში თამაშობდა – ავტ). თავისი საქმის მცოდნე პიროვნებაა. გუნდისგან უფრო შემტევი ფეხბურთის ჩვენებას და ბურთის კონტროლს ითხოვს. მოკლედ, თავს კომფორტულად ვგრძნობ.

- მიუხედავად პრობლემებისა, გასული სეზონიდან დადებითად რას გაიხსენებდით?

- ნეგატიური მხარეები იყო, თუმცა ასევე პოზიტიურიც – მომხდარმა ბევრი რამე სხვაგვარად დამანახა. მენტალურად ბევრად ძლიერი ვარ, რადგან კარიერაში პირველად მქონდა მწვრთნელთან კონფლიქტი და მომიწია ბევრი უსამართლობა მენახა. თუმცა, ფეხბურთი ყველას თავიანთ ადგილს მიუჩენს. ერთადერთი, რაზეც კონცენტირებული ვარ ისაა, რომ ახალ სეზონს მაქსიმალურად კარგ ფორმაში შევხვდე.

- სანაკრებო თემასაც შევეხოთ: დიდი ხანია ეროვნულ ნაკრებში არ ყოფილხარ გამოძახებული...

- დიახ, 3 თუ 4 სანაკრებო შეკრება გამოვტოვე. რა თქმა უნდა, დაბრუნების სურვილი დიდია და მიზანიც ესაა. გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს და მასზეა ყველაფერი დამოკიდებული.

- ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი თუ დაინტერესებულა თქვენი მდგომარეობით?

- დიახ, ვლადიმირ ვაისის ასისტენტთან მქონდა კონტაქტი. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინაც ვისაუბრეთ გუნდში ჩემს სიტუაციაზე, სამომავლო გეგმებზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111607