ძიუდო

11:20 | 28.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიორი 2017: მარიამ ჭანტურიას ოქრო და ვლადიმერ ახალკაცის ბრინჯაო

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს გუნდს ძიუდოისტებმა კიდევ ორი მედალი შემატეს - 27 ივლისს თავი გამოიჩინეს მარიამ ჭანტურიამ (63კგ) და ვლადიმერ ახალკაცმა (81კგ). მარიამმა ყველა მეტოქე დაჯაბნა და დიორში მეორედ ააჟღერა საქართველოს ჰიმნი, ახალკაცი კი ბრინჯაოს დაეუფლა.

მარიამ ჭანტურიამ საჩემპიონო გზა ბრწყინვალედ გაიარა: პირველ წრეში ხორვატი ლუსია გლუმაკი შებოჭა, შემდეგ კი პორტუგალიელი ჟოანა კრისოსტომო. ნახევარფინალში ჩვენმა ძიუდოისტმა კოსოვოს წარმომადგენელს ლაურა ფაზლიუს დამატებით დროში იპონით სძლია.

დაძაბული გამოდგა ფინალური შერკინება: მარიამი ევროპის ორგზის ჩემპიონს, სერბ ანია ობრადოვიჩს დაუპირისპირდა, ბოლო წამებზე მეტოქეს ვაზარი აუღო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!

ვლადიმერ ახალკაცმა (81კგ) დილის პროგრამაში ორი შეხვედრა მოიგო, 1/4-ფინალში კი მოლდოველ იუგენ მატვეიციუსთან დამარცხდა, თუმცა მედლისთვის ბრძოლა რეპეშაჟში განაგრძო. დამამშვიდებელ ჯგუფში ახალკაცმა სამი შეხვედრიდან სამივე იპონით მოიგო და საქართველოს გუნდს ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

გუშინ ტატამზე საქართველოს ნაკრების კიდევ ორი წევრი გავიდა - ლევან ფსუტური (73კგ) და თინათინ რევაზიშვილი (57კგ), მაგრამ მედალს ვერცერთი შეწვდა. ფსუტურმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა, შემდეგ რუს თანატოლთან დანილ მატვეევთან დამარცხდა და დამამშვიდებელ წრეში გადაერთო. რეპეშაჟში ორი შეხვედრის მოგების შემდეგ, როდესაც წამები აშორებდა ბრინჯაოს მედალს, სამწუხარო მარცხი იწვნია და ასპარეზობა მეხუთე ადგილით დაამთავრა. თინათინ რევაზიშვილმა ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგება შეძლო.

სადღეისოდ საქართველოს დელეგაციას 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს და საერთო ჩათვლაში მე-12 ადგილზეა.

დღეს, 28 ივლისს ძიუდოისტთა ტურნირის ბოლო დღეს, მედლებისთვის ბრძოლაში ჩაერთვებიან ევროპის წლევანდელი ჩემპიონი სოფიო სომხიშვილი (+73კგ), მიხეილ ბექაური (90კგ) და ლევან ჭელიძე (+100კგ).

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103539