ჭიდაობა

10:46 | 26.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ერთი ოქრო და კიდევ ორის შანსი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების წევრი გიორგი ჭოლაძე (42 კგ) ევროპის ჩემპიონია. თორნიკე ქათამაძემ (58 კგ) და დავით ქოჩქიანმა (85 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს. სარაევოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს, მედლები სულ ხუთ წონით კატეგორიაში გათამაშდა და სამში პოდიუმზე ქართველებიც ავიდნენ.

გიორგი ჭოლაძემ ფინალის გზაზე ბულგარელი ისმაილ მეჰმედოვ პომაკოვი (12:1) და თურქი ფურკან უჩოლუკი (10:6) ჩამოიშორა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი აზერბაიჯანელ ტოფიგ ალიევს აჯობა (8:2).

თორნიკე ქათამაძემ შვედი კევინ მაკოტა შტროემის (10:0), მაკედონიელი დავიდ მიშევისა (10:0) და თურქი ტოლგა აკიუზის (15:9) ძლევის შემდეგ, უმაღლესი სინჯის მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი ნახევარფინალში დაკარგა, ბერძენ გეორგიოს პილიდისთან წაგებით (1:8). რეპეშაჟის ფინალში კი ბულგარელი დიმიტარ ატანასოვ ანგელოვი დაამარცხა (14:4).

დავით ქოჩქიანმაც ნახევარფინალში დაასრულა ძირითად ბადეში გამოსვლა, რუსეთის ნაკრების წევრ ალიკ შებზუხოვთან მარცხით (0:11). იქამდე ბულგარელ ცვეტან დანიელოვ ევტიმოვსა (11:0) და მოლდოველ ივან ნედეალკოს (9:0) მოუგო. ბრინჯაოს მედალს კი ფრანგი პიერ ოლივიე სიმონ მორნას ძლევით (10:0) დაეუფლა.

გუშინვე, თავისუფალი სტილის დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში წინასწარი ეტაპების შეხვედრები გაიმართა. საქართველოს ნაკრებს მონაწილე ხუთივე წონაში ჰყავდა და ორმა მათგანმა დღე წაუგებლად ჩაამთავრა - გიორგი გეგელაშვილსა (46 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძეს (54 კგ) ევროპის ჩემპიონის ტიტულს დღეს, თითო გამარჯვება აშორებთ.

გიორგი გეგელაშვილმა ფინალის გზაზე სამი მეტოქე ჩამოიშორა: მაკედონიელი აიდ სალიასი (14:1), აზერბაიჯანელი აშრაფ კარიმზადა (4:0) და სომეხი არაქელ მოვსესიანი (5:1). გადამწყვეტ შეხვედრაში კი რუსეთის ნაკრების წევრ მაგომედ აბდურახმანოვს დაუპირისპირდება.

ვლადიმერ გამყრელიძემ შეჯიბრება შვეიცარიელი ფლორინ ანდრეა მეიერის ძლევით (10:0) გახსნა. მეოთხედფინალში საფრანგეთის ნაკრების წევრ ადამ ბიბულატოვს აჯობა (9:2), ნახევარფინალში - თურქ ჰამზა ალაჩას (9:8). ფინალში კი უკრაინელ ანდრეი ზელეპს შეხვდება, რომელმაც გუშინ ასევე სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე 10:0 მოიგო.

გიორგი ელბაქიძე (63 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებს ბრძოლას. მოლდოველ სორინ პინტეასთან პირველ წრეში მოპოვებული გამარჯვების (14:4) შემდეგ, მერვედფინალში აზერბაიჯანელ ხაჯიმურად გაჯიევთან ვეღარას გახდა (4:12) და მას შემდეგ, რაც გაჯიევმა ფინალის საგზური მოიპოვა, თავად ბრინჯაოს ფრონტზე გადაერთო. რეპეშაჟის მეოთხედფინალში ელბაქიძის მეტოქე მაკედონიელი ორხან ჰაფერი იქნება.

გუშინვე, საქართველოს სახელით ევროკონკურენციაში ლაშა ბაირამოვი (76 კგ) და ჭაბუკი გამყრელიძეც (100 კგ) ჩაებნენ, მაგრამ ჩემპიონატს საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშნენ.

ბაირამოვმა ლიტველ ტომას კაციუკევიჩუსს სძლია (10:0) და მეოთხედფინალში ესტონელ ნიკიტა ცეონინთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა (9:10). გამყრელიძემ კი მერვედფინალში, მოლდოველ რადუ ლეფტერთან წააგო (4:12).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114267