ფეხბურთი

23:59 | 15.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი: სირბილაძის გოლი, ლობჟანიძისა და ტაბიძის დებიუტი

ფინეთში, იუკონენ ლიგაში (რანგით მეორე) ირაკლი სირბილაძის "კოკოლამ" სტუმრად 1:0 სძლია "გნისტანს" და ეს ერთადერთი გოლი ქართველმა ფორვარდმა მიითვალა 43-ე წუთზე. სირბილაძემ წინა ტურშიც გაიტანა. მისი გუნდი ლიდერობს და უმაღლესში გადასვლას უმიზნებს.

დანიაში დაიწყო ჩემპიონატი. საბა ლობჟანიძის "რანდერსმა" სტუმრად 0:0 ითამაშა "სონდერისკესთან". ქართველმა ნახევარმცველმა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. ეს საბას პირველი ოფიციალური მატჩი იყო დანიურ კლუბში.

ყაზახეთში ნიკა კვეკვესკირის "ტობოლმა" 2:0 სძლია "აკჟაიკს" და მეოთხე საფეხურზეა. ნიკამ შეუცვლელად ითამაშა.

რუსეთის პრემიერლიგის პირველი ტური: "უფამ" სტუმრად 1:0 აჯობა "ტოსნოს" და მოგებულთა შორის ჯიმი ტაბიძემ 90 წუთი ითამაშა. "ურალი"-"როსტოვი" 1:1 დასრულდა, გიორგი ჭანტურია კი სათადარიგო იყო. ჭანტურიამ მძიმე ტრავმა მოირჩინა და ჯერ ფორმაში არაა.

რუსეთის პირველ დივიზიონში კი თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი "ორენბურგი" 0:1 დამარცხდა მოსკოვის "სპარტაკი-2"-თან.

შვედეთში მე-15 ტური გაიმართა და პირველი გამარჯვება მოიპოვა ზურაბ ცისკარიძის "ესკილსტუნამ", რომლმაც 2:1 სძლია "კალმარს". ცისკარიძემ მარცხენა მცველის პოზიციაზე 90 წუთი ითამაშა. "ესკილსტუნა" ბოლო ადგილზეა.

0.114151