სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

21:03 | 15.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

რა მოხდა სინამდვილეში და როგორ იქცა კლუბის დროშა იუდად?
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ბოლო ორი დღეა, იტალიური საფეხბურთო სამყარო შოკშია. დიახ, ლეონარდო ბონუჩის ტურინის “იუვენტუსიდან” “მილანში” გადასვლა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა.

ლეონარდო ბონუჩი “იუვეში” არ ყოფილა უბრალოდ ფეხბურთელი, მას გასახდელის ლიდერად და მომავალ კაპიტნად მიიჩნევდნენ. დიახ, სწორედ ბონუჩის უნდა მოერგო კაპიტნის სამკლავური 2018 წელს, ჯიჯი ბუფონის ფეხბურთიდან წაბრძანების შემდეგ. და მაინც, რა მოხდა, რატომ გაიყიდა იტალიელი მცველი “მილანში”, თანაც, არცთუ ისე დიდ თანხად? 40 მილიონი ევრო მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ მცველში ბევრი ნამდვილად არაა. საინტერესოა ისიც, რომ აღნიშნულ თანხას “როსონერი” მომდევნო სამი სეზონის განმავლობაში დაფარავს. უხეშად რომ ვთქვათ, ლომბარდიელებმა ბონუჩი განვადებით შეიძინეს.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ “იუვეს” ბონუჩის სანაცვლოდ ჯერ კიდევ შარშან და წელსაც “მანჩესტერ სიტი” და ლონდონის “ჩელსი” 60 მილიონამდე სთავაზობდნენ, მაგრამ... ამის ფონზე უკვე შემდგარი ტრანსფერი კიდევ უფრო მეტ კითხვას ბადებს.

ღრუბლები “იუვენტუსისა” და ბონუჩის ურთიერთობაში ჯერ კიდევ თებერვალში გაჩნდა. “იუვენტუსი” “პალერმოს” ეთამაშებოდა, როდესაც მცველმა მასიმილიანო ალეგრის რატომღაც უკმეხად დაუბრუნა პასუხი. ამან მწვრთნელის გაბრაზება გამოიწვია და სამ დღეში, ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩისას, “პორტუს” წინააღმდეგ ფეხბურთელი განაცხადში ვერ მოხვდა. გეხსომებათ, ბონუჩი ერთ ოთახში იყო გამოკეტილი, ისე, როგორც ლომი გალიაში. ამ ამბავმა ავად თუ კარგად ჩაიარა და ლეონარდო ისევ იქცა ფუნდამენტურ მოთამაშედ, თუმცა მთავარი ამბები წინ იყო.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში “იუვემ” პირველ ტაიმში “რეალს” ტოლი არ დაუდო, ხოლო მეორე ნახევარში რაც მოხდა, ყველამ ვიცით. რა მოხდა გასახდელში - ამისრეალური მიზეზი ალბათ მხოლოდ იქ მყოფებმა იციან, მაგრამ იტალიური მედია ჯერ კიდევ ერთი თვის წინ წერდა კონფლიქტზე და მთავარ როლში აქაც ბონუჩი იყო. როგორც ამბობენ, ბონუჩის შელაპარაკება მოუვიდა ჯერ პაულო დიბალასთან, რომელიც ინერტული თამაშის გამო გააკრიტიკა, ხოლო შემდეგ სიტუაციის განსამუხტად საქმეში ჩარეულ ანდრეა ბარძალისთან და არც მისთვის დაუკლია რამე. უსაქმოდ არც დანი ალვეში ყოფილა, რომელიც ასევე დიბალას საყვედურობდა. გარდა ამისა, სერბი ჟურნალისტი დარკო მეზნოვიჩი აქვეყნებს მარიო მანჯუკიჩის სიტყვებს, რომელსაც თურმე მისთვის ყველაფერი ჩაუკაკლავს ვინოვის ბაზაზე ინტერვიუს დროს. აი, რას ყვება ხორვატი: “კონფლიქტი ბონუჩისა და ალვეშს შორისაც მოხდა. ლეონარდო მას ყელში წვდა და დახრჩობას უპირებდა. შემდეგ საქმეში ალეგრი ჩაერია და ორივეს უთხრა, დღეს თქვენი ბოლო თამაშია “იუვენტუსშიო”. თუმცა, მანჯუკიჩი ამ თემას თავის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს მხოლოდ სერბი ჟურნალისტის მოგონილი "ფეიკ ნიუსია"...

და მაინც, საინტერესოა, რომ დღეს “იუვეს” ღირსებას აღარც დანი ალვეში იცავს და აღარც ლეონარდო ბონუჩი. არადა, ამ უკანასკნელმა 2016 წლის დეკემბერში “ბებერ ქალბატონს” ბედი 2021 წლამდე დაუკავშირა და სასიყვარულო სიტყვებიც მიუძღვნა:

"გავახანგრძლივე კონტრაქტი 2021 წლამდე! მე ავირჩიე სახლი, სადაც დიდებს შორის დიდი გავხდი. მეცმევა ისევ 19 ნომერი და საამაყო შავ-თეთრი მაისური. ერთადერთი მიზანი მაქვს: ასე გაგრძელება", - ამბობდა 7 თვის წინ ბონუჩი.

საერთოდ, ლეონარდოს “იუვენტუსთან” მართლაც განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებდა. მაშინ, როდესაც თამაშს ვერ ახერხებდა, იტალიელი მცველი კურვა სუდ-ში მიეშურებოდა და იქიდან ქომაგობდა თავის გუნდს, როგორც რიგითი გულშემატკივარი. კურვა სუდ-ი იტალიაში ყველაზე ცნობილი დაჯგუფებაა, რომელიც ყველა გუნდს ჰყავს და თამაშებზე თავიანთი ადგილი კარს უკან, სამხრეთ ტრიბუნაზე აქვთ. იქ შეარქვეს მეტსახელიც – Uno di noi (ერთ-ერთი ჩვენგანი). 2012 წლის 1 აგვისტოს კი, ჯერ კიდევ დაუღვინებელმა ბონუჩიმ “იუვეს’ პირველად უკაპიტნა. ამას ერთადერთი მიზეზი ჰქონდა: ფეხბურთელის მხარდაჭერა გუნდის მხრიდან. საქმე ისაა, რომ მაშინ ბონუჩი ანტონიო კონტესთან ერთად საფეხბურთო სკანდალში იყო გახვეული გარიგებულ თამაშებთან დაკავშირებით და დისკვალიფიკაციაც ემუქრებოდა (სკანდალი უკავშირდება “ბარიში” თამაშის პერიოდს). “ბებერმა ქალბატონმა” კი ფეხბურთელს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. საბოლოოდ, ბონუჩიმ “იუვენტუსში” 7 წელი გაატარა და 317 მატჩი ჩაატარა (19 გოლი). ასეთ ფონზე კი, “მილანში” გადასვლა კიდევ უფრო გასაკვირი გახდა და ხმები იმის შესახებ, რომ კლუბმა ფეხბურთელი უდისციპლინობის გამო გაუშვა, კიდევ უფრო რეალურ სახეს იღებს.

ისე როგორ ჩაივლიდა “იუვენტუსის” საკითხი, ალესანდრო დელ პიეროსთვის რომ არ დაეკითხათ: “ვფიქრობდი, ეს მხოლოდ ხუმრობა იყო, ვერასდროს წარმოვიდგენდი ლეონარდოს “მილანში”. თუმცა, დღეს ასეთია ფეხბურთი. რასაც დღეს ჩვენ განვიცდით, შარშან იგივეს“რომას” და “ნაპოლის” ქომაგები განიცდიდნენ. ახლა მთავარია, “იუვემ” ისეთი ტრანსფერი გაჩარხოს, ტიფოზები რომ შემოირიგოს”.

ერთადერთი გზა

ბევრს უკვირს რატომ მაინც და მაინც "მილანში და რატომ მხოლოდ 40 მილიონად? - საქმე ისაა, რომ ბონუჩის შვილი, მატეო ავადმყოფობს და ამის გამო მას უცხოეთში კარიერის გაგრძელების გზა მოეჭრა. შესაბამისად, "ჩელსისა" და "სიტის" გაცილებით სარფიანი შემოთავაზებების მიუხედავად ტურინში მხოლოდ იტალიური ვარიანტი განიხილეს. იტალიაში კი, ერთადერთი გუნდი, რომელმაც ბონუჩისა და "იუვეს" პირობები მეტ-ნაკლებად დააკმაყოფილა - "მილანი" გამოდგა. სხვათა შორის, იტალიურ მედიაში იმანაც გაიჟღერა, რომ ეს ტრანსფერი მომავალზეა გათვლილი "ბებერი ქალბატონის" მხრიდან - საქმე ისაა, რომ ტურინელებს დიდი ხანია ჯანლუიჯი დონარუმაზე აქვთ თვალი დადგმული... ეს სულაც არაა ლოგიკას მოკლებული აზრი - ვალის დაბრუნება ფეხბურთში ხშირად გვინახავს.

თავის მხრივ, ბონუჩის გასამრჯელო "როსონერიში" წლიურად 8 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსებიც დაემატება. ასეთი ხელფასი კი არათუ "მილანში", არამედ მთლიანად იტალიის სერია A-ში არავის აქვს.

ან მე, ან ის

იტალიური მედია საინტერესო ვერსიას აქვეყნებს: ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ბონუჩი “იუვენტუსის” პრეზიდენტ ანდრეა ანიელისთან მისულა და ულტიმატუმი წაუყენებია: ან მე დავრჩები გუნდში, ან მასიმილიანო ალეგრი, მასთან მუშაობა აღარ მსურსო. თავის მხრივ, ანიელი რჩევისთვის ჯანლუიჯი ბუფონთან მისულა, ხოლო კაპიტნის სიტყვამ თუ რჩევამ, ყველაფერი გადაწყვიტა: ბუფონს ანიელისთვის უთქვამს, სჯობს ალეგრი დარჩესო... ასეც მოხდა, ფინალიდან ერთ კვირაში მაქს ალეგრიმ ტურინელებთან კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა.

სხვათა შორის, ამ წუთისთვის ბუფონი “იუვენტუსის” ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ბონუჩის საჯაროდ დაემშვიდობა: “თანაგუნდელო, თანამგზავრო, ჩვენ ერთად გავიარეთ წარმატებული გზა. წარმატებებს გისურვებ ახალ გამოწვევაში, მაგრამ მომენატრები”, - წერს ბუფონი. ბონუჩის პასუხი ასეთია: “მეც მომენატრები. მადლობა ყველა იმ გამარჯვებისთვის და მარცხისთვისაც კი, რომელიც ერთად გავიარეთ. ეროვნულ ნაკრებში მალე შევხვდებით”.

“იუვენტუსის” სხვა ფეხბურთელები არაფერს ამბობენ. როგორც მარიო მანჯუკიჩს უთქვამს, ლეონარდოს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა თითქმის ყველა თანაგუნდელთან.

თავის მხრივ, “იუვენტუსს” ბონუჩი დაემშვიდობა. წერილს Gazzetta dello Sport-ი აქვეყნებს:

“გავიდა შვიდი სეზონი, შვიდი სეზონი, სავსე გამარჯვებებით, შესრულებული მიზნებით, 6 სკუდეტოთი. ვინც ამ მაისურს ვიცვამდით, ყველანი ვიბრძოდით. ყველაზე მეტად გული დამწყდება, რომ ჩემპიონთა ლიგა ვერ მოვიგეთ, მაგრამ ამაყი ვარ იმ შედეგებით, რაც ვაჩვენეთ. ეს ყველაფერი მართლაც იყო ბოლომდე, სიცოცხლის ბოლო წამამდე ბრძოლა. დღეიდან, როცა უკან ვიხედები, ვხედავ ბრწყინვალე ისტორიას. მე მოედანზე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი და თავი არასდროს დამიზოგავს. მადლობა ხელმძღვანელობას, კაპიტანს, თანაგუნდელებს და ტიფოზებს - მადლობა, "იუვე".

საინტერესოა, რომ ბონუჩის წერილში ნახსენები არაა სამწვრთნელო შტაბი და მასიმილიანო ალეგრი...

30 წლის მცველი დღეიდან “მილანის” ფეხბურთელია. არამარტო ფეხბურთელი - კაპიტანიც. ბევრს ამ ისტორიამ ანდრეა პირლოს ისტორია გაახსენა. მაშინაც მთავარ როლებში "იუვენტუსი" და "მილანი" იყვნენ, ხოლო შუაში მასიმილიანო ალეგრი. ოღონდ, საწინააღმდეგო მიმართულებით. რა მოხდა სინამდვილეში კარდიფის ფინალში, დიდი ხნის განმავლობაში დარჩება განსჯის საგნად.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.223288
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X