ფეხბურთი

15:41 | 7.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

6 ივლისის 10 მთავარი ტრანსფერი

ახალი სეზონისთვის მზადების დაწყების პერიოდი ნელ-ნელა ახლოვდება. შესაბამისად, გუნდები ცდილობენ, თავიანთ შემადგენლობებს ჩამოყალიბებული სახე მისცენ, და სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობენ.

წარმოგიდგენთ 6 ივლისის 10 ყველაზე საინტერესო გარიგებას. მართალია, ქვემოთ განსაკუთრებულ სატრანსფერო სიახლეს ვერ ამოიკითხავთ, მაგრამ საინტერესოა, გადავავლოთ თვალი, თუ რომელი გუნდები გაძლიერდნენ გასულ დღეს.

ფრანკფურტის “აინტრახტმა” ჰოლანდიელი ნახევარმცველი ჯონათან დე გუზმანი გაიფორმა. 29 წლის ფეხბურთელი აქამდე იტალიური “ნაპოლის” საკუთრებაში გახლდათ.

ინგლისის 2016 წლის ჩემპიონ "ლესტერის" რიგებში ამიერიდან ვისენტე იბორა ითამაშებს. “სევილიას” ესპანელმა ექსფეხბურთელმა “მელიებთან” 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

ლეგენდარულ ესპანელ მეკარე იკერ კასილიასს გუნდი არ შეუცვლია, მაგრამ დღის გამორჩეული სატრანსფერო სიახლე მაინც მას უკავშირდება. 35 წლის კიპერმა “პორტუსთან” კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივა და “დრაკონების” ღირსებას 2018 წლის ივნისამდე დაიცავს.

ნიჭიერი ფრანგი ფორვარდი ჟან-კევინ ოგიუსტენი გერმანიის ვიცე-ჩემპიონ “ლაიფციგს” შეუერთდა. 20 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებამ 12 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო კონტრაქტი 5-წლიანია.

ესპანელი პედრო ობიანგი “ვესტ ჰემის” ერთგული აღმოჩნდა – ლონდონურ კლუბთან ხელშეკრულება 2022 წლამდე გაახანგრძლივა.

ლეანდრო ჩიჩისოლა, იტალიური “სპეციას” ერთი შეხვედვით უცნობი მეკარე, ამიერიდან ესპანეთის ლა ლიგის ბინადარ “ლას პალმასში” გაირჯება.

სლოვაკეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იურაი კუცკა “მილანის” ფეხბურთელი აღარაა. სლოვაკი ამიერიდან თურქული “ტრაბზონსფორის” წევრია.

საფრანგეთის ჩემპიონი დატოვა ნაბილ დირარმა. მაროკოს ნაკრების ნახევარმცველიც თურქეთში ითამაშებს, ოღონდ სტამბოლის “ფენერბაჰჩეში”.

“მილანის” მორიგი ტრანსფერი: ანდრეა კონტი “როსონერის” მეშვიდე ახალწვეულია მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში. 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ “ატალანტამ” 24 მილიონი ევრო მიიღო.

თურქეთის ვიცე-ჩემპიონის, "ბაშაქშეჰირის" რიგები საფრანგეთის ნაკრების ექსმცველმა გაელ კლიშიმ შეავსო. 31 წლის ფეხბურთელმა სტამბოლელებს ბედი 3 წლით დაუკავშირა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118463