ფეხბურთი

22:02 | 6.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრო U19: გერმანიამ შანსი დაიტოვა

საქართველოში მიმდინარე ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატზე მეორე ტური დასრულდა. B ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში გერმანიამ ბულგარეთი უშანსოდ დატოვა.

ორივე გუნდისთვის ერთი გზა არსებობდა – გამარჯვება. სხვა შემთხვევაში ბარგის ჩალაგება ნაადრევად მოუწევდათ. ამას რა თქმა უნდა, კარგად ხვდებოდნენ, თუმცა კლასმა თავისი გაიტანა და გერმანიის ნაკრებმა ადვილ წარმატებას მიაღწია. ანგარიში მალევე, მეათე წუთზე გაიხსნა – ამენიდომ საჯარიმოში კარგად ითამაშა და გაიტანა. მალე, ხრისტოვმა ვერაფერი მოუხერხა იმავე ამენიდოს და იძულებული გახდა წაექცია – მსაჯმა პენალტიც დანიშნა და ბულგარელს ბოლო იმედის ჯარიმისთვის წითელი ბარათი აუფრიალა. თერთმეტრიანი კაპიტანმა გოქან გულმა გამოიყენა. ალემანებმა წერტილი მეორე ტაიმში დასვეს და ამჯერადაც პენალტი გაიტანეს, რომელიც ისევ ამენიდომ მოიპოვა. საერთოდ, “დორტმუნდის” ფორვარდი გამორჩეული იყო თავისი გუნდის რიგებში. უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი კი ფრიდემ გაიტანა.

რა უნდა ითქვას: ბულგარეთს თითქმის მთელი თამაშის ჩატარება კაცნაკლულს მოუწია და ანგარიშშიც მალევე სერიოზულად ჩამორჩა. მართალია, პირველი ტაიმის ბოლო ოც წუთში ანგელ სტოიკოვის შეგირდებმა მეტოქეს აჯობეს, მაგრამ მთლიანობაში უშანსოდ დამარცხდნენ.

გერმანიამ თავის მხრივ ჰოლანდიასთან მარცხის მერე ხასიათი გამოიკეთა და ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი დაიტოვა. ამისთვის ბოლო ტურში მოგება მართებს. 9 ივლისს, გერმანია ინგლისს, ხოლო ჰოლანდია ბულგარეთს დაუპირისპირდება.

გერმანია – ბულგარეთი 3:0 (2:0)

გორი, “თენგიზ ბურჯანაძე”

მაყურებელი: 3 000

გერმანია (4-3-3): ბანსენი; ბუსამი, გული (ავუჯა 80), ჩაბო, ფრანკე; საგლამი, გეიგერი, ფრიდე; ჰაკი, ამენიდო (რაუმი 76), ბარკოკი (ბაკუ 71)

მწვრთნელი: ფრანკ კრამერი

ბულგარეთი (4-3-3): ნაუმოვი; გენჩევი, ა. ხრისტოვი, პ. ხრისტოვი, ლიასკოვი; ნაიდენოვი (სტამატოვი 70), იანევი, ტილევი (დობრევი 21); რუსევი, კრასტევი (ივანოვი 82), იორდანოვი

მწვრთნელი: ანგელ სტოიკოვი

გოლები: 1:0 ამენიდო (10), 2:0 გული (19, პენ), 3:0 ფრიდე (54, პენ)

გაფრთხილება: გული (45), ამენიდო (60), გეიგერი (87), ბანსენი (90) – კრასტევი (25), რუსევი (34), ნაიდენოვი (41), ნაუმოვი (57), იანევი (71)

გაძევება: ა. ხრისტოვი (17)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (6) – 5 (0) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: სერგეი ლაპოჩკინი (რუსეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119885