ფეხბურთი

16:10 | 28.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ფოფხაძის ჯანმრთელობაზე: "ვითამაშებ? საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ"

როგორია გიორგი ფოფხაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა? Worldsport.ge ფეხბურთელს დაუკავშირდა - მას უკვე შეუძლია საუბარი და ახსოვს შეჯახების მომენტიც. შეგახსენებთ, ეს მოხდა საქართველოს ეროვნული ლიგის 2 ივნისის მატჩში, როცა გორის "დილა" თბილისის "ლოკომოტივს" მასპინძლობდა.

მე-4 წუთი იყო, როცა თითქოს ჩვეულებრივ სიტუაციაში, პირით ხაზთან ახლოს, მაღალ ბურთზე ბრძოლისას "ლოკოს" მცველი გიორგი გაბაძე შეეჯახა ფოფხაძეს. სამედიცინო ჩარევის შემდეგ, გაბაძემ თამაში გააგრძელა, ფოფხაძე კი... თამაშს ვინ ჩიოდა, სასწრაფოდ საავადმყოფოში გახდა წასაყვანი. საკმაო ხანს მოუხდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ყოფნა.

"მთელი ეს პერიოდი ვიწექი. სიარული გუშინ დავიწყე. ჯერ კიდევ ვერ ვარ კარგად. ფუძის ძვალი დაზიანებული, საფეთქლის ძვალი გატეხილი და ლამის მთლიანი სახე დაშლილი მქონდა. საკვების მიღება ახლაც მიჭირს, რადგან პირს ვერ ვაღებ" - გვითხრა გიორგიმ, რომელიც ორ კვირაში სურათს გადაიღებს და გაირკვევა კიდეც, თუ რამდენ ხანს გასტანს რეაბილიტაციის პროცესი.

ფეხბურთს კიდევ ითამაშებს? გიორგი გადაწყვეტით ვერ ამბობს, მაგრამ ის კი თქვა, თუ ვითამაშებ, მხოლოდ დამცავი საშუალებითო.

"რა თქმა უნდა, ძალიან მინდა თამაში და ყველაფერს გავაკეთებ საამისოდ".

გიორგი ფოფხაძე ჯერ 30 წლისაა. მარცხენა მცველმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 11 მატჩი ჩაატარა და რომელ კლუბებშიც იყო, ყველგან შეუცვლელად თამაშობდა - ისე, სასხვათაშორისოდ არსად ყოფილა. ყველაზე დიდხანს დანიის "ვიბორგში" გახლდათ და ორჯერ მოხდა, რომ ფანებმა გუნდის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. კარგი სეზონები ჩაატარა ავსტრიის "შტურმსა" და პოლონურ "იაგელონიაში".

"დილაში" სწორედ "ლოკომოტივიდან" გადავიდა და ყოფილ თანაგუნდელთან შეჯახების შემდეგ დაშავდა ასე მძიმედ.

ვინც გიორგის იცნობს, დაგვეთანხმება: უშუალო და გულღია პიროვნებაა. გუნდში თუ ნაკრებში, ყველგან დადებითი აურა შეაქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108027