ჭიდაობა

23:10 | 27.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო – ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე ქართულად დასრულდა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი გივი მაჭარაშვილი (96 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა. გერმანიის ქალაქ დორტმუნდში დღეს დაწყებულ ახალგაზრდულ ევროპირველობაზე მედლები ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა. ყველაზე ბოლოს ხალიჩაზე 96 კილოგრამში მოჭიდავეები გავიდნენ და დღე საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა – მაჭარაშვილი ფინალში იტალიელ სიმონე იანატონის დაუპირისპირდა, 44 წამში 10:0 დაამარცხა და სამიოდ თვის წინ გამართულ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის ოქროს მედალს კიდევ ერთი ოქრო მიამატა. ამჯერად უშალოდ თავის ასაკობრივ კატეგორიაში.

გივი მაჭარაშვილი გერმანულ ევროპირველობაზე ახალგაზრდებს შორის კონტინენტის ვერცხლის პრიზიორის რანგში ჩავიდა. შარშან მიზნამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ამჯერად კი პირველიდან ბოლო შეხვედრამდე ბრწყინვალედ იჭიდავა და უმაღლეს ტიტულსაც ლამის ერთი ამოსუნთქვით დაეუფლა.

დორტმუნდში, ფინალის გზაზე მაჭარაშვილმა სამი მეტოქე ჩამოიცილა: ბერძენი დიმიტრიოს აკრიტიდისი ორწუთნახევარში აშკარა უპირატესობით (14:2) დაამარცხა, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ მაგომედრასულ გაზიმაგომედოვს 15:7 მოუგო, ნახევარფინალში კი თურქი იბრაჰიმ ჩიფჩი დაამარცხა (14:5).

დღესვე, საქართველოს სახელით ევროკონკურენციაში ედემ ბოლქვაძე (60 კგ) და ნიკა კენჭაძეც (74 კგ) ჩაებნენ და ორივემ მედალი მოიპოვა.

კენჭაძე ევროპოდიუმის მეორე საფეხურზე ავიდა, ბოლქვაძემ კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. შედეგად, ქართული გუნდის პირველი დღის მონაგარი სამივე სინჯის თითო მედალია.

ნიკა კენჭაძეს პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად რუსეთის ნაკრების წევრის - რუსტამ მაგომედოვის ძლევა დააკლდა. ფინალური დაპირისპირების ბოლო წამებამდე ანგარიში 2:3 იყო. ზედ სირენისას კი ქართველმა მოჭიდავემ უკვე მოგებულ მეტოქეს კიდევ ორი ქულის აღების საშუალება მისცა და საბოლოოდ 2:5 დამარცხდა.

ფინალამდე ნიკა კენჭაძემ 4 მეტოქე ჩამოიცილა. ამასთან, ყველას ისე აჯობა, საჭიდაოდ განკუთვნილი 6 წუთი სრულად ერთხელაც არ გამოუყენებია.

ფრანგ შარლ ანდრე აფას 55 წამში მოუმთავრა საქმე. სომეხ არმან ავაგიანს წუთსა და 52 წამში აუგროვა 10 ქულა (10:0). გერმანელი იოჰან კრისტოფ სტეინფორტი 5 წუთში დაამარცხა (12:2). ნახევარფინალში კი თურქ მუჰამეტ კუჩუკილდირიმს წუთსა და 7 წამში დაასრულებინა უმაღლეს ტიტულზე ფიქრი.

ედემ ბოლქვაძე ძირითად ბადეში მაკედონიელი ელმედინ სეიფულაუს (8:0), პოლონელი ბარტოზ სტავინოგასა (10:0) და თურქი უტკუ დოგანის (8:7) ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში ბოლო წამებზე დამარცხა უკრაინელ ანდრეი იაცენკოსთან (7:8). რეპეშაჟის ფინალში კი რუმინელ სტეფან იონუტ კომანს 5:1 სძლია.

დღეს ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები 50 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გამოვლინდნენ, მაგრამ საქართველოს ნაკრებს ამ წონაში მონაწილე არ ჰყავდა. წინასწარი ინფორმაციით, უმსუბუქეს წონაში ქართული დროშის ქვეშ გერმანულ ხალიჩაზე გოგა ძიგუა (50 კგ) უნდა გასულიყო, მაგრამ საბოლოოდ სატურნირო ბადე მის გარეშე შეივსო.

ხვალ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მედლების დარჩენილი ოთხი კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს სახელით ხალიჩაზე გავლენ: თეიმურაზ ვანიშვილი (55 კგ), მირზა სხულუხია (66 კგ), ზაურ ბერაძე (84 კგ) და ზურიკო ურთაშვილი (120 კგ).

0.113181