ფეხბურთი

12:00 | 21.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯიმი ტაბიძე: "ეს სწორი და დროული ნაბიჯი იყო"
"დაუნახავი უნდა იყო ადამიანი, მისი გაწეული სამუშაო რომ ვერ შენიშნო"

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჯიმი ტაბიძე ერთ-ერთია, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს. 21 წლის ნიჭიერი ცენტრალური მცველი ვლადიმირ ვაისმა შეამჩნია და მიმდინარე წელს უკვე 5-ჯერ მისცა თავის გამოჩენის შანსი. ვერ ვიტყვით, რომ ტაბიძემ შანსი არ გამოიყენა. ცოტა ხნის წინ, პირველ ოფიციალურ შეხვედრაშიც ითამაშა და თან 90 წუთი.

ტაბიძე „საბურთალოს“ აღზრდილია, ხოლო ბოლო წლები ბელგიის გამორჩეულ გუნდ „გენტში“ გაატარა, თუმცა, მხოლოდ დუბლებში ათამაშებდნენ. ამიტომაც, ზამთარში „ურალში“ გადასვლა ამჯობინა. მართალია, ჩვენში ამ ნაბიჯს კრიტიკულად შეხვდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს გამართლებული იყო - ჯიმი რუსული გუნდის ძირითადშიც დამკვიდრდა და რუსეთის თასის ფინალშიც ითამაშა. ახალი სეზონიდან ისევ პრემიერლიგაში ითამაშებს, ოღონდ „უფას“ ღირსებას დაიცავს.

როგორც ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა WORLDSPORT.GE-სთან საუბრისას განაცხადა, „გენტი“ სთავაზობდა დარჩენას, მაგრამ ბელგიაში დაბრუნებას რუსეთში დარჩენა ამჯობინა - როგორც ამბობს, პრემიერლიგა მაღალი დონის ჩემპიონატია და არ ესმის იმ ადამიანების, რომლებიც ასე არ თვლიან.

მოკლედ, ტაბიძესთან ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ. ინტერვიუ კი, ბუნებრივია სანაკრებო თემით დაიწყო:

- საქართველოს ნაკრების ბოლო თამაშებს როგორ შეაფასებდი და რამდენად ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა?

- ნაკრები ბოლო პერიოდში ძალიან გამართულ ფეხბურთს თამაშობს, უბრალოდ ამან სტაბილური სახე უნდა მიიღოს ორივე ტაიმში. დარწმუნებული ვარ, რომ მალე ესეც გამოსწორდება და ორივე ტაიმს თანაბრად კარგად ჩავატარებთ. რაც შეეხება მოლდოვასთან მატჩს, თამაშის წინ ყველა ფეხბურთელს გამარჯვება სურდა და ეს ლოგიკას მოკლებული ნამდვილად არ იყო, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი ჩაგდებული პირველი ტაიმის მერე ფრე ცუდი შედეგი არ ყოფილა. თუმცა, ალბათ ყველამ დაინახა, რომ მოლდოვაზე ერთი თავით მაღლა ვიდექით.

- შენს სადებიუტო მატჩებზე რას ფიქრობ, რამდენად კმაყოფილი დარჩი და რაში გაქვს კიდევ მოსამატებელი?

- ჩემს თამაშს დადებითად შევაფასებდი, მაგრამ მეტიც შემიძლია. უბრალოდ, „კრასნოდართან“ მიღებული ტრავმის შემდეგ გარკვეული პერიოდი გამიცდა და სინტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთან არ ვიყავი იდეალურ ფიზიკურ კონდიციებში. მაგრამ, ის თამაში მოლდოვასთან მოსამზადებელი იყო და კიშინიოვში გაცილებით უკეთ ვგრძნობდი თავს. რაში მაქვს მოსამატებელი, ასე კონკრეტულად ერთს ვერ გამოვყოფ - ჩემი აზრით, ფეხბურთელმა ყოველთვის უნდა გააგრძელოს პროგრესირება იმისდა მიუხედავად, რა დონისაა და რა სიმაღლეზე თამაშობს.

- ვლადიმირ ვაისზეც გკითხავ: ქართველ ქომაგებში აზრი ორად იყოფა მის მუშაობასთან დაკავშირებით. შენ როგორ შეაფასებდი და როგორია საერთოდ მასთან მუშაობა?

- ვლადიმირ ვაისი ძალიან მაღალი დონის მწვრთნელია. დაუნახავი უნდა იყო ადამიანი, რომ მის მიერ გაწეული შრომა ვერ დაინახო. ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს მასთან მუშაობისას. რა თქმა უნდა, ცოტა იღბალი არ სწყალობს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის უნდა დარჩეს საქართველოს ნაკრებში.

- რამდენად ლოგიკურია საქართველოს ნაკრების 3 ქულა მიმდინარე შესარჩევ ციკლში?

- განვლილ თამაშებს რომ გადავხედოთ, მიხვდებით, საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი სატურნირო მდგომარეობა და 3 ქულა, სრულიად ალოგიკურია - ეს არანარად არ შეესაბამება ჩატარებული მატჩების ხარისხს.

- როგორ ფიქრობ, რატომ უჭირს ნაკრებს ოფიციალურ თამაშებში, თან, ბოლო დროს ამხანაგურებში ბევრად კარგ შედეგს აჩვენებს...

- საერთოდ, ოფიციალური და ამხანაგური მატჩები რადიკალურად განსხვავებულია. ჩვენი მეტოქეები, რომლებსაც ოფიციალურ მატჩებში ვეთამაშეთ ბევრად ძლიერები არიან, ვიდრე იგივე ლატვია, რომელსაც 5:0 მოვუგეთ.

- შიდა სამზარეულოზე გკითხავ, როგორ მიგიღეს ეროვნულ ნაკრებში თანაგუნდელებმა?

- გუნდში შიდა სამზარეულო იდეალურია, ყველაფერი დალაგებულია. ყველა ფეხბურთელი ძალიან კარგად შემხვდა და თავი უცხოდ ნამდვილად არ მიგვრძნია.

- რუსულ მედიაში ამბობენ, რომ „უფაში“ გადახვედი...

- დიახ, „ურალიდან“ „უფაში“ გადავედი და არ ვთვლი, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია. პირიქით, ჩემი აზრით, ეს სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო. იცით, რა არის? - არ მესმის საქართველოში ხალხი რუსეთის ჩემპიონატს ალმაცერად რომ უყურებს... რა სჭირს პრემიერლიგას დასაწუნი?! - პირიქით, ძალიან ძლიერი ლიგაა, რომელშიც ძალიან ბევრი ძლიერი გუნდი თამაშობს და ფეხბურთელებზე აღარ მაქვს საუბარი. ვფიქრობ, აქ განვითარება შემიძლია და ამიტომაც ავირჩიე რუსეთის პრემიერლიგა. „ურალში“ შემომთავაზეს ახალი კონტრაქტი, მაგრამ ამ ეტაპზე „უფაში“ გადასვლა ვამჯობინე.

- „გენტს“ არ ჰქონია შენი დაბრუნების სურვილი?

- „გენტში“ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ წამოსვლა აუცილებელი იყო. არ დაგიმალავთ და იყო დაუფასებლობის მომენტიც. სიმართლე გითხრათ, ახლა ჰქონდათ სურვილი, რომ ახალი კონტრაქტი გამეფორმებინა რა თქმა უნდა, უკეთესი პირობებით, მაგრამ მე თვითონ ვთქვი უარი. იქ, სადაც, რაღაც მომენტში არ დაგაფასებენ და წახვალ, არასდროს არ უნდა დაბრუნდე.

- ევროპული ვარიანტები არ გქონდა?

- ევროპულ ვარიანტებზე საუბარი არ შემიძლია. მე არჩევანი გავაკეთე, „უფას“ სასარგებლოდ და სხვა შემოთავაზებები უბრალოდ, დავივიწყე.

- როგორ შეაფასებდი 6 თვეს, რომელიც „ურალში“ და რუსეთის პრემიერლიგაში გაატარე?

- 6 თვე, რომელიც რუსეთში გავატარე, ჩემი აზრით, ჩემს კარიერაში საუკეთესო პერიოდი იყო. პირველ რიგში იმიტომ, რომ ასეთ დონეზე პირველად ვითამაშე. მოსკოვის „სპარტაკთან“ გამორჩეული თამაში მქონდა, ხოლო იმ თამაშიდან რამდენიმე დღეში თასის ფინალში „ლოკომოტივთანაც“ ვითამაშე. დამეთანხმებით, ეს ადვილი საქმე არაა. სწორედ ამ 6 თვის დამსახურებაა, რომ ვაისი მენდო და ოფიციალურ შეხვედრაში შანსი მომცა ჩემი ქვეყნის ღირსება დამეცვა. აი, ამიტომ ვთვლი, რომ ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინე და ეს პერიოდი ყოველთვის დადებითად გამახსენდება.

- რუსეთის თასის მოგებასთან ახლოსაც იყავი...

- თასის ფინალში ძალიან დაძაბული თამაში იყო. „ლოკომოტივი“ ძლიერი გუნდია და იმ მომენტში ჩვენზე ერთი თავით მაღლა იდგა. თუმცა, ჩვენ ცდა არ დაგვიკლია. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ რუსეთის თასი ვერ მოვიგეთ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ნამდვილად ღირსეულმა გაიმარჯვა.

- ბელგიური და რუსული ფეხბურთი რომ შეადარო...

- ბელგიური და რუსული ფეხბურთი ერთმანეთისგან განსხვავებულია. რუსეთში უფრო მეტი ბრძოლაა. აქ ბურთი დიდ დროს ჰაერში ატარებს. რა თქმა უნდა, მე საუბარი არ მაქვს „სპარტაკისა“ და „ზენიტის“ თამაშებზე. აი, ბელგიაში კი, ფეხბურთი უფრო ინტენსიურია. თუმცა, ორივე ლიგას აქვს თავისი პლიუსები და მინუსები. ვფიქრობ, რომ რუსეთის ჩემპიონატის ლიდერები საგრძნობლად დაჩაგრავენ ბელგიის ჩემპიონატის ლიდერებს.

- ოცნების ლიგა, გუნდი და გამორჩეული მცველი?

- ჩემი ოცნების ჩემპიონატი პრემიერლიგაა - დაუჯერებელია იქ რაც ხდება. გუნდს რაც შეეხება, ბავშვობიდან „ბარსელონას“ გულშემატკივარი ვარ. ზოგადად კი, არავისთვის მიმიბაძავს - იყავი ის, რაც ხარ და გააკეთე შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი, არასდროს უყურო სხვას... ჩემი აზრით, დღესდღეობით ყველაზე ძლიერი მცველი მაინც სერხიო რამოსია, ამაზე უბრალოდ სტატისტიკაც მეტყველებს.

0.116473