ფეხბურთი

18:15 | 15.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე ვარსკვლავთა მატჩში

დიმიტარ ბერბატოვისა და ლუიშ ფიგუს თაოსნობით ბულგარეთში საფეხბურთო ვარსკვლავთა მონაწილეობით საქველმოქმედო მატჩი ჩატარდა, რომელშიც შოთა არველაძემაც ითამაშა.

“ვასილი ლევსკის” სტადიონზე ბერბატოვის მეგობრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდებისგან დაკომპლექტებული გუნდი ფიგუს ვარსკვლავთა გუნდს დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ამ მატჩზე პორტუგალიელი ვარსკვლავის მიწვევით იმყოფებოდა და მის გუნდში იასპარეზა.

სტადიონზე შეკრებილმა 40 ათასმა მაყურებელმა მოედანზე იხილა, ერთ მხარეს: დევიდ ჯეიმსი, გარი და ფილ ნევილები, ნემანია ვიდიჩი, პატრის ევრა, რაიან გიგზი, პოლ სქოულზი, კრასიმირ ბალაკოვი, რობი კინი, დიმიტარ ბერბატოვი, ხრისტო სტოიჩკოვი... მეორე მხარეს: იენს ლემანი, მიჩელ სალგადო, კარლოს მარჩენა, ივან კორდობა, რობერ პირესი, ლუის ფიგუ, იარი ლიტმანენი, დევიდ ტრეზეგე, პრედრაგ მიატოვიჩი, შოთა არველაძე, სიმაო საბროსა და სხვები...

ბერბატოვის გუნდს მარტინ იოლი თავკაცობდა, ფიგუს ვარკვლავებს ავრაამ გრანტი. თამაში უხვგოლიანი გამოდგა და 3:3 დასრულდა. ფიგუს გუნდიდან დუბლით გამოირჩა ტრეზეგე, ერთი გოლი საბროსამ გაიტანა, ავტოგოლი მიითვალა მარჩენამ, ბერბატოვის გუნდიდან ასევე ორი გოლი გაიტანა რობი კინმა.

"შესანიშნავია, რაც ბერბატოვმა და ფიგუმ ბავშვებისთვის გააკეთეს. კარიერის დასრულების შემდეგ, მსგავსი მატჩებით, სიამოვნების მინიჭება უამრავი ადამიანისთვის შეგვიძლია. სამწუხაროდ, ბევრ ბავშვსა და მოზარდს, მშვიდობა და მზრუნველობა აკლია. ასეთი მატჩებით კი მათი უზრუნველყოფა და დახმარება შეგვიძლია. ბულგარეთში ფეხბურთი ძალიან უყვართ. ახლო წარსულში, მათ არაერთი სახელოვანი და ლეგენდარული ფეხბურთელი ჰყავდათ. შესანიშნავი იყო სოფიაში ყოფნა და საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობის მიღება" - წერს ფეისბუქის პირად გვერდზე შოთა არველაძე.

0.152688