ფეხბურთი

15:32 | 15.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯონ ტერიმ შესაძლოა კარიერა ინგლისის ჩემპიონშიფში გააგრძელოს

ლონდონის “ჩელსის” ყოფილმა კაპიტანმა ჯონ ტერიმ კარიერა, შესაძლოა, ინგლისის ჩემპიონშიფში გააგრძელოს.

36 წლის ინგლისელ მცველს, რომელიც “ჩელსისთან” გამომშვიდოებების შემდგომ თავისუფალი აგენტი გახდა, წინადადებები პრემიერლიგის გუნდებიდანაც აქვს, თუმცა “ბირმინგემის” მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი იმედოვნებს, რომ მოთამაშე მის გუნდს შეუერთდება.

“მინდა, რომ ფანტასტიკური კაპიტანი და ლიდერი ჩემს გუნდში ვიხილო. ჩვენ მას კარგი შეთავაზება გავუკეთეთ და ველოდებით პასუხს. როდესაც ტერიმ გამოსამშვიდობებელი მატჩი ითამაშა, მაშინ ვესაუბრა და მითხრა, რომ გამორიცხული არაფერია”, - განაცხადა “ბირმინგემის” მწვრთნელმა.

ტერიმ ახალგაზრდული კარიერა 1991 წელს “ვესტ ჰემში” დაიწყო. 1995 წლიდან “ჩელსის” ახალგაზრდულ გუნდში იყო, 1998 წელს კი “არისტოკრატების” მთავარ გუნდში უხმეს. ითამაშა 492 მატჩი და გაიტანა 41 გოლი. მხოლოდ 1 სეზონი გაატარა “ნოტინგემ ფორესტში”, სადაც განათხოვრებული იყო 2000 წელს, რომლის შემადგენლობაშიც 6 მატჩი ჩაატარა. “ჩელსისთან” ერთად ხუთჯერ მოიგო ინგლისის პრემიერლიგა და ასოციაციის თასი, სამჯერ ლიგის თასი, ორჯერ ინგლისის სუპერთასი, თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა.

რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, ტერი 2000-2002 წლებში თამაშობდა 21-წლამდელთა ნაკრებში, ხოლო 2003-2012 წლებში ქვეყნის მთავარი გუნდის ღირსებას იცავდა. ეროვნული ნაკრების მაისური 78 მატჩში მოირგო და 6 გოლიც გაიტანა.

0.116179