სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

12:45 | 5.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფინალის შიში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

დრო გადის, ტურინის „იუვენტუსისთვის“ კი ევროპულ არენაზე არაფერი იცვლება - თითქოს, ყველაფერი ერთ ადგილზე ტრიალებს. ბოლოს „ბებერმა ქალბატონმა“ ჩემპიონთა ლიგა 21 წლის წინ მოიგო. მაშინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იტალიის გამორჩეულ კლუბს შემდეგი წარმატებისთვის ლოდინი ასე გაუგრძელდებოდა. არადა, „იუვემ“ იმის მერე, ხუთჯერ მოიპოვა გადამწყვეტ მატჩში თამაშის უფლება.

მადრიდის „რეალთან“ თამაში რომ რთული იქნებოდა, ცხადზე ცხადი იყო, მაგრამ „იუვენტუსი“ ფინალამდე წაუგებლად მივიდა და თან, სულ რაღაც სამი გოლი გაუშვა. ამიტომაც, ბევრი ფიქრობდა, რომ ბოლოს და ბოლოს, ტურინელთათვის ნანატრი წუთებიც დადგებოდა. შეხვედრასაც კარგი დასაწყისი ჰქონდა - სამი საგოლე მომენტი და მოედნიდან გამქრალი „რეალი“, მაგრამ...

ერთი გუნდი და ორი ტაიმი

საერთოდ, აწ უკვე დასრულებულ სეზონში „იუვენტუსის“ თამაშებში ხშირად ვნახავდით ასეთ სურათს: უმაღლეს დონეზე ჩატარებული პირველი ტაიმი და ჩაგდებული მეორე ნახევარი. თუმცა ეს ძირითადად მაშინ ხდებოდა, როცა „იუვე“ ანტრაქტზე დაწინაურებული გადიოდა და მეტწილად, ორბურთიანი უპირატესობით. ამჯერადაც, მაქს ალეგრის გუნდმა პირველ ტაიმში მეტოქეს არაფერი დაუთმო. მობილური იყო ნახევარდაცვა და ფლანგები. შემტევებამდეც არ ჭირდა ბურთის მიტანა. მაშინ, როცა, „რეალს“ შეტევაში ღირებული არაფერი გაუკეთებია გარდა ერთი კონტრშეტევისა, რომელიც გოლით დასრულდა. და მაინც, კრიშტიანუ რონალდუს ეპიზოდში ცხადად გამოჩნდა ერთი რამ: როგორც კი, „სამეფო კლუბმა“ თავისი თამაში იპოვა, შეუტია, მაშინვე გოლი გაიტანა - იტალიელთა დაცვა აბსოლუტურად არ იყო მზად საპირისპირო იარაღი გამოეყენებინა მეტოქესთან მიმართებაში. მეორე ტაიმი კი, „იუვეს“ ფეხბურთი არ უთამაშია. მეტიც, მოედანზე არც გასულა - ასეთი უსუსური ტურინის „იუვენტუსი“ ალბათ არავის ახსოვს - გუნდი გატყდა მენტალურადაც და შედეგიც სახეზეა - მორიგი მარცხი ფინალში!

მიზეზი

უპირველესი მიზეზი ალბათ, ნახევარდაცვაში უნდა ვეძებოთ. მირალემ პიანიჩმა და სამი ხედირამ პირველ ნახევარში ასე თუ ისე შეძლეს თავიანთი თამაშის პოვნა და „სამეფო კლუბელ“ ოპონენტებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. აი, მეორე 45 წუთში კი, ლუკა მოდრიჩი, ისკო, კაზემირო და ტონი კროოსი მინდორზე იმას აკეთებდნენ, რაც მოესურვებოდათ. „იუვეს“ შემტევებამდე ბურთი საერთოდ არ მისდიოდა. ვეღარც პაულო დიბალა გამოიყურებოდა მხნედ და ინდივიდუალურად არაფერი გამოსდიოდა. ამასობაში კი, გონსალო იგუაინს ბურთის მიღება მეტოქის კარიდან 35-40 მეტრით მოშორებით უწევდა - რაც რა თქმა უნდა, შედეგს ვერ გამოიღებდა და არც გამოიღო.

მეორე მიზეზი ალბათ უფრო მენტალურია - „იუვენტუსს“ უკვე დიდი ხანია ფინალების სენი აქვს და რაც უნდა ვთქვათ, ფაქტს ვერ გავექცევით, ვერც წარსულს დავივიწყებთ. ეს აუცილებლად მოქმედებს ასეთ მომენტში - „ბებერ ქალბატონს“ არ სჯერა, რომ შეუძლია ფინალში გაიმარჯვოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, „იუვე“ არის ორრაუნდიანი თამაშები უბადლო ოსტატი, მაგრამ 90-წუთიან დაპირისპირებაში მოიკოჭლებს.

მესამე და ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზეზი კი, მოკლე სათადარიგო სკამია - მასიმილიანო ალეგრის მთელი სეზონის გადატანა 12-13 საკვანძო ფეხბურთელებზე მოუწია. თავი ამანაც იჩინა. მაშინ კი, როდესაც ალეგრის თამაშის გაძლიერება სკამიდან დასჭირდა, იქ ასეთი არავინ აღმოაჩნდა. პაულო დიბალას ნაცვლად მარიო ლემინას მინდორზე შეყვანაც ამაზე მეტყველებს. მოკლედ რომ ვთქვათ, „იუვენტუსს“ არ აღმოაჩნდა საკმარისი რესურსი, რაც საბოლოო ტრიუმფამდე და ისტორიულ „ტრიპლეტამდე“ მიიყვანდა.

ორი წლის წინ და ახლა

„იუვენტუსმა“ ანალოგიური ისტორია 2015 წელსაც გადაიტანა. გუნდს მაშინაც ჰეთ-თრიქის შანსი ჰქონდა, მაგრამ ფინალში ფეხი დაუცდა - მაშინდელ „იუვეს“ ნახევარდაცვაში ისეთი ფიგურები ირჯებოდნენ, როგორებიც ანდრეა პირლო, არტურო ვიდალი და პოლ პოგბა იყვნენ. შესაძლოა მირალემ პიანიჩი და სამი ხედირა სულაც არ არიან ცუდი ფეხბურთელები, მაგრამ ალბათ „ბიანკონერის“ თამაშის კონტროლი მაშინ უფრო ხელეწიფებოდა. სხვათა შორის, ბერლინის ფინალში „იუვენტუსი“ ისე უშანსოდ არ დამარცხებულა, როგორც კარდიფში. მაშინ, უფრო ჰქონდა „იუვეს“ გამარჯვების შანსი, ამჯერად ასეთი რამ 45-ე წუთის შემდეგ არ ყოფილა. საერთოდ, მიუხედავად მცირე დროისა, იმ შემადგენლობიდან „რეალთან“ მხოლოდ ოთხმა ფეხბურთელმა ითამაშა: ბუფონი, ბონუჩი, ბარძალი და მარკიზიო...

დაუძლეველი კომპლექსი

ჩემპიონთა თასზე (ლიგაზე) „იუვენტუსმა“ მეცხრე ფინალი ითამაშა - ეჭვგარეშეა, ამ შედეგზე ბარე-ორი გუნდი მოაწერდა ხელს, მაგრამ აქედან შვიდი წააგო. ეს აბსოლუტური რეკორდია (თუ ამას რეკორდი შეიძლება ეწოდოს) და ღრმად ვარ დარწმუნებული, კარგა ხანს ვერავინ შეეცილება. არადა, ეს მხოლოდ ლიგაზე, თორემ სხვა ევროპულ ტურნირებზე, „იუვენტუსი“ ბევრად შედეგიანად თამაშობდა გადამწყვეტ მატჩებს.

თავად განსაჯეთ: უეფას თასის ოთხი ფინალიდან სამი აქვს მოგებული, ხოლო თასების თასზე ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვს: ერთი ფინალი და მოგება. ანუ, გამოდის, რომ ტურინელთა კომპლექსი თუ უიღბლობა, მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე ვრცელდება: 7 მარცხი და 5 ზედიზედ...

ბელგრადიდან კარდიფამდე

„იუვენტუსის“ პირველი ფინალი ჩემპიონთა თასზე 1973 წლით თარიღდება - ბელგრადში „იუვემ ამსტერდამის „აიაქსთან“ წააგო და ეს მოულოდნელობა არ ყოფილა, მაშინ ხომ ჰოლანდიელთა რიგებში მთელი რიგი ვარსკვლავები ბრწყინავდნენ და მათ შორის, გენიალური იოჰან კრუიფი. ამას მოჰყვა 10 წლის თავზე „ჰამბურგთან“ მატჩი - ოქროს მედალის გარეშე ისევ „იუვე“ დარჩა. ფელიქს მაგათის გოლმა ყველაფერი გადაწყვიტა.

აი, 1985 წელს კი, მიშელ პლატინის პენალტით პირველად დაიგდო ევროპაში უძლიერესი გუნდის სახელი - სხვათა შორის, თერთმეტრიანი ზბიგნევ ბონიეკის წაქცევისთვის დაინიშნა, რომელიც გამოგონილი იყო - იქნებ ამის გამო ისჯება?! - ვინ იცის...

1996 წელს კი, რომში „იუვეს“ წაფორხილების უფლება არ ჰქონია. და მაინც, მოქმედ ჩემპიონ „აიაქსთან“ ბეწვის ხიდზე გაიარა და მხოლოდ პენალტების სერიაში მოიგო. საერთოდ, იმ პერიოდში „იუვენტუსი“ ევროპის საუკეთესო კლუბად იქცა. ზედიზედ სამჯერ გავიდა ფინალში, მაგრამ პირველის გარდა ვერცერთი მოიგო.

1997 წელს, მიუნხენში, „დორტმუნდთან“ მარჩელო ლიპის ძალიან ძლიერი კოლექტივი უპირობო ფავორიტი იყო, მაგრამ საიდანღაც კარლ-ჰაინც რიდლე და ლარს რიკენი გამოხტნენ - თასიც გერმანიაში დარჩა. ნუგეშად, „იუვეს“ ალესანდრო დელ პიეროს ბრწყინვალე გოლი აქვს დარჩენილი. ისევე, როგორც კარდიფის ფინალიდან მხოლოდ მარიო მანჯუკიჩის შედევრი დარჩა...

იგივე სიტუაცია იყო 1998 წელსაც - მესამე ფინალი და აშკარა ფავორიტის სტატუსი. იყო თუ არა პრედრაგ მიატოვიჩის გოლზე თამაშგარე, ეს დღემდე დავის საგანია, მაგრამ ფაქტი სახეზეა: უპირობო ფავორიტმა ისევ წააგო... ბედის ირონიით, 2003 წელს, „მილანთან“ შეხვედრის წინ, სპეციალისტები „იუვენტუსს“ მიიჩნევდნენ ფავორიტად, მაგრამ უფერულ ფინალში გამარჯვება „მილანმა“ მოახერხა პენალტების სერიით. 2015 და 2017 წელზე ყველამ ვიცით...

მოკლედ, „იუვენტუსმა“ 9 ფინალიდან მხოლოდ ორჯერ მოიგო და საინტერესოა, რომ ხსენებულ მატჩებში ჯამში სულ რაღაც 5 გოლი გაიტანა. მხოლოდ ხუთი... მიშელ პლატინი, ფაბრიციო რავანელი, ალესანდრო დელ პიერო, ალვარო მორატა და მარიო მანჯუკიჩი - მხოლოდ ამ ფეხბურთელებმა შეძლეს „იუვენტუსის“ მაისურით ჩემპიონთა ლიგის ფინალში თავის გამოჩენა -კი მაგრამ, ეს ხომ ზღვაში წვეთია?!

ჯანლუიჯი ბუფონის ფაქტორი

ლეგენდარული მეკარე 2003 წლის ფინალში მარცხის მერე, ლამის ყოველ ინტერვიუში გაიძახის, რომ მისი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. მას ეს ოცნება არა და არ აუხდა. გენიალურ კიპერს თავისთავად მისი ვერმოგება ვერაფერს დააკლებს, მაგრამ მაინც... ბუფონს სამჯერ მიეცა რეალური შანსი, მაგრამ ვერ გამოიყენა. სხვათა შორის, ბედის ირონიით, ჯიჯიმ მოკრძალებულ „პარმასთან“ ერთად უფრო მეტი ევროპული ჯილდო მოიგო, ვიდრე იტალიის 33-გზის ჩემპიონ „იუვესთან“ ერთად...

ბელა გუტმანი

საინტერესოა, როდის დაძლევს „იუვენტუსი“ ფინალების კომპლექსს და როდის მოახერხებს ჩემპიონთა ლიგის მოგებას. ვიცით, რომ ლისაბონის „ბენფიკა“ ბელა გუტმანმა დაწყევლა და იმის მერე ლისაბონელებს ფინალი არ მოუგიათ ევროპაში, მაგრამ წყევლა „იუვენტუსზეც“ მოქმედებს?!

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.11243
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X