ფეხბურთი

1:52 | 29.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

Arrivederci ტოტი, Arrivederci "ემპოლი", Arrivederci - კალჩო... (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს 2016-2017 წლების სეზონი დასრულდა - „რომა“ მეორე ადგილზე გავიდა, ფრანჩესკო ტოტი ფეხბურთიდან წავიდა, „ატალანტა“ ოთხეულით იწონებს თავს, ხოლო ლევან მჭედლიძე და „ემპოლი“... გავარდნენ.

დიდი ამბები იყო მარადიულ ქალაქში - „რომადან“ ფრანჩესკო ტოტი გააცილეს. „სტადიო ოლიმპიკო“ ბოლოს ალბათ ასე პირთამდე 2001 წლის ივნისში გაივსო, როდესაც „ჯალოროსიმ“ სკუდეტო მოიგო, მაჯერად კი უკვე იმ სკუდეტოს მთავარ შემოქმედს აცილებდნენ - ჩესკო წავიდა. როგორც მარადიულ ქალაქშიც კი, მარადიული არაფერია: 25 წელი გავიდა, ტოტის დრო კი ამოიწურა. ის, რაც სტადიონზე მატჩის დასრულების შემდეგ ხდებოდა, სიტყვით რთულად გადმოიცემა და ერთხელ ნახვაც კი სჯობს. დაიღვარა ბევრი ცრემლი, გაისმა ბევრი აპლოდისმენტი, იყო სიხარული და იყო სევდა. მოკლედ, „რომას“ ისტორიაში ხვალიდან ყველაფერი თავიდან იწყება - ფრანჩესკო ტოტი „რომას“ ფეხბურთელი აღარაა. სიმბოლურია, მაგრამ „ოლიმპიკოზე“ ყველაფერი ფილმივით წარიმართა: „რომაელებს“ მეორე ადგილზე გასასვლელად, რაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს პირდაპირ იძლეოდა, მხოლოდ გამაჯვება სჭირდებოდა უმოტივაციო „ჯენოასთან“. თუმცა, მე-3 წუთზე პიეტრო პელეგრიმ გენუელები დააწინაურა. 16 წლის ფორვარდმა - პელეგრი მაშინ დაიბადა, როდესაც „რომა“ ჩემპიონი გახდა - 2001 წელს. „მგლებმა“ ედინ ჯეკოს გოლით მალევე კი გაათანაბრეს, მაგრამ მერე რთული ცხოვრება დაუდგათ. დანიელე დე როსის თამაშის მიწურულს გატანილ გოლს ლაზოვიჩმა სწრაფად უპასუხა, ფრე კი, „რომას“ არ აწყობდა. მსაჯის კომპესირებულ დროში დიეგო პეროტიმ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და „რომა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეა. მანამდე კი, 54-ე წუთზე ლუჩანო სპალეტიმ იკადრა და, მოედანზე ლეგენდარული ჩესკო შეიყვანა. ეს იყო გენიალური 10 ნომრის ბოლო თამაში - 618 მატჩი, 250 გოლი - ასეთი შედეგით დასვა წერტილი სერია A-ში ფრანჩესკომ.

„ნაპოლიმ“ „სამპდორიას“ დამაჯერებლად 4:2 მოუგო, მაგრამ პეროტის გოლის გამო მესამე ადგილს დასჯერდა. შესაბამისად, ნეაპოლიტანელებს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მოუწევთ გარჯა.

ბოლო ტურის კიდევ ერთი ინტრიგა გასავარდნი ზონა იყო - „ემპოლიმ“ სეზონის ფინიში იმდენად ცუდად ჩაატარა, რომ „კროტონესთან“ 10 ქულიანი ჰადიკაპი ქარს გაატანა და გავარდა. შესაბამისად, ლევან მჭედლიძეს გაისად თუ კლუბს არ შეიცვლის, სერია B-ში ვიხილავთ. ქართველმა აწ დასრულებულ სეზონში 15 მატჩი ჩაატარა და 6 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ბოლოს მოედანზე „მილანთან“ სტუმრად 2:1 მოგებულ მატჩში იყო და მაშინ გოლიც შეაგდო, თუმცა მერე დაშავდა და თამაში დღესაც ვერ მოახერხა. ისე, სათადარიგო სკამზე იმყოფებოდა... „ემპოლი“ უკვე გავარდნილ „პალერმოსთან“ სიცილიაზე დამარცხდა - 1:2. „როზანერომ“ კი, შეიძლება ითქვას, კარი გაიჯახუნა და ტოსკანელები თან გაიყოლა...

აი, „კროტონეს“ კი, აფერუმ!- კალაბრიელებმა თითქმის შეუძლებელი შეძლეს და ბოლო რვა ტურში ერთადერთი მატჩი დათმეს, ისიც ერთი კვირის წინ, „იუვენტუსთან“. დღეს კი, „კროტონემ“ შინ „ლაციო“ მიიღო და უშანსოდ, 3:1 დაამარცხა. „ეციო შიდა“ მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ უდიდესმა ზეიმმა მოიცვა, ხოლო „ლაციო“ ამ მარცხით „ატალანტას“ ჩამორჩა და სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა.

და ბოლოს, 2016-2017 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, ე.წ კაპოკანონიერე „რომას“ თავდამსხმელი ედინ ჯეკო გახდა 29 გოლით. მას ერთი ბურთით ჩამორჩა დრის მერტენსი, ხოლო მესამე პოზიციას „ტორინოს“ ფორვარდი ანდრეა ბელოტი დასჯერდა 26 გოლით.

მოკლედ, სერია A-ს 2016-2017 წლების სეზონიც ისტორიის კუთვნილება გახდა. ახლო მომავალში ჩვენს მკითხველს, სეზონის ყველაზე გამორჩეული ფაქტების შესახებ ერთიანად ვუამბობთ. რაც შეეხება დამდეგ სეზონს, იგი აგვისტოს დასაწყისში დაიწყება... Arrivederci...

„კალიარი“ – „მილანი“ 2:1 (1:0) VIDEO

გოლები: 1:0 ჟოაო პედრო (17), 1:1 ლაპადულა (72, პენ), 2:1 პისაჩენე (90)

„რომა“ – „ჯენოა“ 3:2 (1:1) VIDEO

გოლები: 0:1 პელეგრი (3), 1:1 ჯეკო (10), 2:1 დე როსი (74), 2:2 ლაზოვიჩი (79), 3:2 პეროტი (90)

„სამპდორია“ – „ნაპოლი“ 2:4 (0:2)VIDEO

გოლები: 0:1 მერტენსი (36), 0:2 ინსინიე (42), 0:3 ჰამშიკი (49), 1:3 კვალიარელა (50), 1:4 კალეხონი (65), 2:4 ალვარესი (90)

„ტორინო“ – „სასუოლო“ 5:3 (3:2)

გოლები: 1:0 ბოიე (6), 1:1 დეფრელი (14), 2:1 ბაზელი (22), 2:2 დეფრელი (40), 3:2 დე სილვესტრი (45), 4:2 იაგო ფალკე (57), 5:2 ბელოტი (79), 5:3 დეფრელი (82, პენ)

„კროტონე“ – „ლაციო“ 3:1 (2:1)

გოლები: 1:0 ნალინი (14), 2:0 ფალჩინელი (22), 2:1 იმმობილე (26, პენ), 3:1 ნალინი (60)

„ფიორენტინა“ – „პესკარა“ 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 კაპრარი (15), 0:2 ბაჰებეკი (65), 1:2 საპონარა (66), 2:2 ვესინო (85)

„ინტერი“ – „უდინეზე“ 5:2 (3:0)

გოლები: 1:0 ედერი (5), 2:0 პერიშიჩი (18), 3:0 ბროჟოვიჩი (36), 4:0 ედერი (54), 4:1 ბალიჩი (76), 5:1 ანჯელა (79, ა.გ), 5:2 ძაპატა (90)

„პალერმო“ – „ემპოლი“ 2:1 (0:0)

გოლი: 1:0 ნესტოროვსკი (76), 2:0 ბრუნო ენრიკე (84), 2:1 კრუნიჩი (87)

ბომბარდირები: ედინ ჯეკო („რომა“) – 29 გოლი, დრის მერტენსი („ნაპოლი“) – 28, ანდრეა ბელოტი („ტორინო“) – 26, მაურო იკარდი („ინტერი“) – 24, გონსალო იგუაინი („იუვენტუსი“) – 24, ჩირო იმმობილე („ლაციო“) – 23.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.154315