ფეხბურთი

2:24 | 25.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ევროპა ლიგის თასი პირველად აღმართა და ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდა

“მანჩესტერ იუნაიტედი” ევროპა ლიგის 2016/2017 წლების სეზონის გამარჯვებულია. ინგლისურმა გრანდმა გათამაშების ფინალში ამსტედამის “აიაქსი” უშანსოდ დაამარცხა და ევროპა ლიგის თასს პირველად დაეუფლა. შესაბამისად, “წითელი ეშმაკები” მომავალი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდებიან.

“აიაქსმა” ფინალში ძალიან ლაღი, სანახაობრივი ფეხბურთით გააღწია, თუმცა გუშინდელი თამაშის შემხედვარე, ვერავინ იფიქრებდა, თუ ამ კლუბს გააზრებული, კომბინაციური ფეხბურთის თამაში შეეძლო. ამსტერდამელთა გამოუცდელობამ, (რომელთა საშუალო ასაკი 22 წელია) სწორედ ფინალში იჩინა თავი და ჰოლანდიურ გრანდს არანაირი შანსი არ ჰქონია.

90 წუთის განმალობაში შეხვედრა ისეთი სცენარით მიმდინარეობდა, როგორიც ჟოზე მოურინიოს სურდა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა პიტერ ბოშს ტაქტიკური დუელი პირწმინდად მოუგო და მორიგი მნიშვნელოვანი ტიტული მოიპოვა.

უნდა ითქვას, რომ თავიდან “მანჩესტერსაც” გაუმართლა. შეხვედრის დებიუტი უინტერესო გამოდგა და გუნდებს ღირებული არაფერი შეუქმნიათ, მაგრამ გოლი მაინც გავიდა და ამის გაკეთება მე-18 წუთზე პოლ პოგბამ მოახერხა. ფრანგი ნახევარმცველის შორეული დარტყმა სახიფათო აშკარად არ იყო, მაგრამ ბურთი სანჩესს მოხვდა და ონანას კარში შევარდა.

ანგარიში უკვე “იუნაიტედის” სასარგებლოდ იყო და ჰოლანდიელებს რაღაცის შეცვლა აშკარად მართებდათ, თუმცა შეტევაში საერთოდ არაფერი გამოსდიოდათ. ბევრს ცდილობდნენ ტრაორე, იუნესი და ზიეჩი, თუმცა მათ გარჯას უფრთო ფაფხური ერქვა. ჟოზე მოურინიოს კრებული დაცვაში ძალიან საიმედოდ იდგა, ყველა ზონა ამოკეტილი ჰქონდათ და საკუთარ შანსს ელოდნენ, რომელიც მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მიიღეს, გამოიყენეს და ფაქტობრივად შეხვედრის ბედი გადაწყვიტეს: ინგლისელთა მოწოდებული კუთხურის შემდეგ საჰაერო ბრძოლა კრის სმოლინგმა მოიგო და ბურთი ჰენრიხ მხიტარიანს დაუგდო, რომელმაც ველტმანს პოზიციური ორთაბრძოლა მოუგო და ონანას ახლო მანძილიდან გაუტანა.

“აიაქსს” მთელი ტაიმის განმალობაში რეალური მომენტი არ ჰქონია და ასეთი თამაშით ორი ბურთის გატანა ფანტასტიკის სფერო გახლდათ. ჰოლანდიელები ბევრს ეცადნენ შეეტიათ, თუმცა რეალური სახიფათო ეპიზოდი არც დარჩენილ დროში შეუქმნიათ და ვერცხლის მედლებით მოუწიათ დაკმაყოფილება – 0:2.

აიაქსი – მანჩესტერ იუნაიტედი 0:2 (0:1)

სტოკჰოლმი, “ფრენდს არენა”

აიაქსი (4-3-3): ონანა, დე ლიგტი, დ.სანჩესი, რიედევალდი (ფ.დე იონგი 82), ველტმანი, შონე (ბან დე ვიკი 70), ზიეჩი, კლაასენი, იუნესი, ტრაორე, დოლბერგი (კამპოსი 62).
მწვრთნელი: პიტერ ბოში

მანჩესტერ იუნაიტედი (4-1-4-1): რომერო, ბლინდი, სმოლინგი, დარმიანი, ვალენსია, პოგბა, ერერა, ფელაინი, მხიტარიანი (ლინგარდი 74), მატა (რუნი 90), რეშფორდი (მარსიალი 84).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 0:1 პოგბა (18), 0:2 მხიტარიანი (48)
გაფრთხილებები: ველტმანი, იუნესი, რიედევალდი – მხიტარიანი, ფელაინი, მატა
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)
ბურთის ფლობა: 67% - 33%, დარტყმა: 17 (3) – 6 (4), კუთხური: 5-2, თამაშგარე: 0-1

0.117811