ფეხბურთი

1:08 | 22.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “რეალი” ჩემპიონია!

მადრიდის “რეალი” ესპანეთის 2016/2017 წლების სეზონის ჩემპიონია. “ბლანკოსს” გადამწყვეტ მატჩში, “ლა როსალედაზე” ფრეც ჰყოფნიდა, თუმცა მადრიდელებმა ადგილობრივი “მალაგა” ზედმეტი პრობლემების გარეშე დაამარცხეს და ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ქვეყნის ჩემპიონები გახდნენ.

ზინედინ ზიდანის შეგირდებმა ანგარიში მეორე წუთზევე გახსნეს: ისკოს გადაცემით კრიშტიანო რონალდუ კარლოს კამენისთან პირისპირ დარჩა, რომელიც იოლად მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. პირველ ნახევარში ანგარიშის შეცვლა ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ საწყისი 45 წუთი 0:1 დასრულდა, ხოლო 55-ე წუთზე ქარიმ ბენზემამ ახლო მანძილიდან შეაგდო და ყველაფერი გადაწყვიტა – 0:2. “რეალმა” ლა ლიგა 33-ედ მოიგო და ამის გაკეთება ისე მოახერხა, რომ აბსოლუტურად ყველა თამაშში გოლის გატანა მოახერხა.

“ბარსელონამ” კარგად იცოდა, რომ ჩემპიონობის ძალიან მცირე შანსი ჰქონდა და ნამდვილი სასწაული იქნებოდა, “რეალს” ასეთ დროს “მალაგასთან” წაეგო. საბოლოოდ ყველაფერი ასეც მოხდა და ჩემპიონი როგორც აღვნიშნეთ სწორედ მადრიდული გრანდი გახდა, თუმცა “ნოუ კამპზე” მაინც საკმაოდ საინტერესო და მხიარული მატჩი გამოვიდა, სადაც “ბლაუგრანა” “ეიბარს” დაუპირისპირდა და 61-ე წუთისთვის ტაკაში ინუის დუბლით სტუმრები 0:2-ს იგებდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში “ბარსამ” ოთხი გოლი გაიტანა და ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც მოსალოდნელი იყო. 63-ე წუთზე ხუნსამ ავტოგოლი გაიტანა და სხვაობა შემცირდა, 70-ე წუთზე ლიონელ მესის წონასწორობის აღდგენა შეეძლო, მაგრამ პენალტიდან ბურთი ხარიხას გაარტყა. აქედან სამ წუთში წონასწორობა ლუის სუარესმა აღადგინა, ხოლო ორ წუთში სტუმართა კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა და თან კაპაც გააძევეს. 11-მეტრიანი მესიმ ამჯერად ზუსტად შეასრულა, ხოლო 92-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და 37 გატანილი გოლით ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

გაირკვა ევროპა ლიგაზე გასული კლუბების ვინაობაც. “ვილიარეალმა” “მესტალიაზე” “ვალენსია” დაამარცხა და მე-5 ადგილი მოიპოვა, ხოლო “სოსიედადი” გასვლაზე “სელტას” დაუზავდა და მე-6 ადგილი გაიფორმა. “ბილბაო” კი, სტუმრად “ატლეტიკოსთან” დამარცხდა და ევროპა ლიგაზე იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ ესპანეთის თასის ფინალში “ალავესი” დამარცხდება.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მადრიდის “ატლეტიკომ” უკანასკნელად ითამაშა “ვისენტე კალდერონზე”. როგორც მოგეხსენებათ, გაისად “როხიბლანკო” ახალ სტადიონზე ითამაშებს, ხოლო ლეგენდარულ სტადიონს დაანგრევენ და ამ ადგილას პარკი აშენდება. სიმბოლურია, რომ მშობლიურ არენას დუბლით გამოეთხოვა ფერნანდო ტორესი...

მალაგა – რეალი 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 რონალდუ (2), 0:2 ბენზემა (55)

ბარსელონა – ეიბარი 4:2 (0:1)

გოლები: 0:1, 0:2 ინუი (7; 61), 1:2 ხუნსა (63 ს.კ.), 2:2 ლ.სუარესი (73), 3:2, 4:2 მესი (75; 92)
გაძევება: კაპა (74)

70-ე წუთზე მესიმ პენალტი ვერ გაიტანა (ხარიხა)…

ვალენსია – ვილიარეალი 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 სოლდადო (1), 1:1 ნანი (54), 1:2 ტრიგეროსი (58), 1:3 სანსონე (88)

სელტა – სოსიედადი 2:2 (0:0)

გოლები: 1:0 ასპასი (54 პენ.), 1:1 ოიარზაბალი (82), 2:1 ჰიულსაგერი (90), 2:2 ხუანმი (94)

ატლეტიკო – ბილბაო 3:1 (2:0)

გოლები: 1:0, 2:0 ფ.ტორესი (8; 11), 2:1 უილიამსი (71), 3:1 ა.კორეა (89)

თეგებილა ლიგა
0.229731