ძიუდო

19:32 | 17.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"შევარდენი 2005”-ის მომგები არც წლეულს გამოჩნდა

თბილისის ძიუდოს კლუბი "შევარდენი 2005” ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის საკლუბო ჩემპიონატის უცვლელი ჩემპიონია. უმცროს ჭაბუკთა გუნდების რიგით მეხუთე შეჯიბრებაზე პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე გურამ მოდებაძის შეგირდები მეხუთედ ავიდნენ.

2017 წლის ტურნირი 11 მარტს, თელავში გამართული შესარჩევი ეტაპით გაიხსნა და კონკურენციაში საქართველოს რეგიონების 47 კლუბი ჩაება. მათ შორის 8 საუკეთესო კი დღეს, "თბილისი მოლში” გაშლილ ტატამზე გავიდა. გუნდურ შეჯიბრებაში მონაწილეობა 55, 60, 66, 73 და +73 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავე ძიუდოისტებმა მიიღეს.

"შევარდენი 2005”-მა ტურნირი გორის "ვიპ ძიუდოს” ძლევით (3:2) გახსნა. ნახევარფინალში თბილისის "ოლიმპს” აჯობა – 4:1. გადამწყვეტ ბრძოლაში კი ქარელის "დურმიშხანს” დაუპირისპირდა. ამ გუნდმა ნახევარფინალში წინა ოთხი ტურნირის ფინალისტს – თბილისის "ლიდერს” აჯობა (3:2).

ოქროს მედლის ბედი კი სამ შეხვედრაში გადაწყდა - "შევარდენი 2005” 3:0 დაწინაურდა და ჩემპიონობაც ვადაზე ადრე გაინაღდა. შემდეგ კი "დურმიშხანის” წევრებმა პრესტიჟის ორი ქულა აიღეს და საბოლოოდ 2:3 დამარცხდნენ.

მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს "ლიდერმა” და "ოლიმპმა”. "ლიდერმა” ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ხაშურის "სამურაის” 3:2 მოუგო. "ოლიმპმა” კი თელავის "პატარა კახი” 4:1 დაამარცხა.

"ოქროს ლიგის” ჩემპიონ კლუბს მედლებთან ერთად, საერთო საპრიზო ფონდიდან (210 ათასი ლარი) 50 ათასი გადაეცა. ფინალისტს 40 ათასი ერგო. ბრინჯაოს პრიზიორებს – 30-30 ათასი, მეხუთეადგილოსნებს - "სამურაისა” და "პატარა კახს” - 20-20 ათასი, ხოლო მეშვიდე ადგილზე გასულ გორის გუნდებს "ლომჭაბუკსა” და "ვიპ ძიუდოს“ – 10-10 ათასი.

თეგებიოქროს ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1173