ფეხბურთი

22:29 | 14.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძე იგებს; ყაზაიშვილს, ჯიღაურსა და გოგიას გააქვთ

ყაზახეთის ჩემპიონატში კახა ცხადაძის გაწვრთნილმა "კაირათმა" მოიგო. სტუმრად 0:2-ს აგებდნენ "ოკჟეპტესთან" და 3:2 იმარჯვეს. საინტერესოა, რომ ცხადაძის გუნდმა ბოლო 16 წუთში გაიტანა სამი გოლი. ალმათელები მესამე ადგილზე არიან.

ლაშა დვალის "ირტიშმა" 0:2 წააგო ლიდერ "ასტანასთან" და მეხუთეზეა. დვალმა შეუცვლელად ითამაშა.

"ატირაუ" - "ორდაბასი" 2:2 დასრულდა. მასპინძელთა შორის უჩა ლობჟანიძემ სრულად ითამაშა, ხოლო ლადო დვალიშვილი განაცხადში არ იყო. სტუმართა შემადგენლობაში ბოლო 20 წუთი ითამაშა გოგიტა გოგუამ, ოთარ მარცვალაძე კი - დვალიშვილის მსგავსად, განაცხადში არ გახლდათ.

ჰოლანდიაში ბოლო ტური გაიმართა. გურამ კაშიას "ვიტესმა" 3:0 აჯობა "როდას" და ქვედა ლიგაში გაისტუმრა. კაშიას გუნდმა მეხუთე ადგილზე დაასრულა ჩემპიონატი. როგორც იცით, არნელემებმა ჰოლანდიის თასი მოიპოვეს და ევროპის ლიგაზე ითამაშებენ.

დანიაში "ესბიერგმა" 0:0 ითამაშა "ორჰუსთან" და კვლავაც ემუქრება გავარდნის საფრთხე. ოთარ კაკაბაძემ 90 წუთი დაჰყო მინდორზე, ლაშა პარუნაშვილი 65-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ბუდუ ზივზივაძე განაცხადში არ იყო.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგა: აკაკი გოგიამ დუბლი მიითვალა, დრეზდენის "დინამომ" კი სტუმრად 4:3 სძლია "კარლსრუეს". გოგიას "დინამო" მეხუთე პოზიციაზეა. ლუკა ჰუფნაგელის "ნიურნბერგმა" შინ 2:3 წააგო "დიუსელდორფთან" და სეზონს ცხრილის შუაში ასრულებს. ჰუფნაგელი სასტარტოში იყო და 81 წუთი ითამაშა.

თურქეთის პირველ ლიგაში სანდრო კობახიძის "გიოზთეფემ" 4:1 სძლია "სამსუნსფორს" და უმაღლესში გადასასვლელ ფლეი ოფში ითამაშებს. კობახიძე 86-ე წუთზე შევიდა მინდორზე.

გოლი მაკედონიაში... "ვარდარმა" სტუმრად 2:2 ითამაშა "რაბოტნიჩკისთან", სასტარტოში იყო ჯაბა ჯიღაური და სწორედ მან გახსნა ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს. ჯიღაურის "ვარდარმა" წინა კვირას გაინაღდა მაკედონიის ჩემპიონობა.

პოლონეთის ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა ვაკო ყაზაიშვილმა. "ლეგიამ" 6:0 მოუგო "ტერმალიცას" და 88-ე წუთზე საბოლოო ანგარიში სწორედ ქართველმა შემტევმა დააფიქსირა. მეკარესთან პირისპირ გავიდა და დაბალი დარტყმით შეაგდო. ვაკო 64-ე წუთზე შევიდა მინდორზე.

"ლეგია" მესამე ადგილზეა და ლიდერ "იაგელონიას" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. მეშვიდეზეა "პოგონი", სადაც მათე ცინცაძე ირიცხება. ცინცაძემ ბოლო 10 წუთი ითამაშა "ლეხთან" 0:2 წაგებულ შეხვედრაში.

0.112874