ჭიდაობა

15:57 | 11.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

სპორტის სამინისტრომ და ოლიმპიურმა კომიტეტმა ევროპის ჩემპიონატი შეაჯამეს

ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების წევრები დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მივიდნენ. სპორტსმენებს, ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრებსა და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი შეხვდნენ.

ქართული სპორტის ხელმძღვანელობამ სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გამართულ ევროპირველობაზე ქართული გუნდების გამოსვლა დადებითად შეაფასა. მოჭიდავეებს წარმატებული შეჯიბრებისთვის მადლობა გადაუხადეს და უფრო დიდი გამარჯვებები უსურვეს.

"ჭიდაობა სპორტის ის სახეობაა, რომელშიც წარმატებებს მიჩვეულნი ვართ. ეს გასულმა ევროპირველობამაც დაამტკიცა. ვულოცავ ორივე ნაკრებს მოპოვებულ მედლებს და თითოეულ მოჭიდავეს შევახსენებ, რომ ჩვენი სახით ერთგული პარტნიორი გყავთ. ყველა წარმატებას თან ახლავს ნაკლოვანებები. ახლაც გამოჩნდა დეტალები, რომლებიც გამოსასწორებელია. დარწმუნებული ვარ, ამ ამოცანას თავს ღირსეულად გაართმევთ” – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ლერი ხაბელოვმა კი ორივე ნაკრების წევრების საბრძოლო ჟინზე გაამახვილა ყურადღება:

"სასიამოვნოა, როდესაც უყურებ, როგორი შემართებით იბრძვიან ბიჭები. ყველა სპორტსმენი მაქსიმალურად მონდომებული იყო და მიუხედავად იმისა, რომ თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი ყველამ ვერ აჩვენა, საერთო სურათით მაინც კმაყოფილი ვარ. ამ ჩემპიონატისთვის ორივე ნაკრები ახალმა მწვრთნელებმა მოამზადა და დებიუტის ცოტა მეშინოდა, მაგრამ საბედნიეროდ, მათ საქმეს თავი კარგად გაართვეს. გამოჩნდა ხარვეზებიც, თუმცა მთავარი ისაა, რომ ორივე გუნდი მზად იყო დიდ ტურნირზე საჭიდაოდ”.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ და ევროპის 2-გზის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა განაცხადეს, რომ ორივე ნაკრებმა მაღალი შედეგი აჩვენა და აგვისტოში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის კიდევ უფრო დიდი შემართებით მოემზადებიან.

2-7 მაისს, ნოვი სადში გამართულ ევროპირველობაზე ქართველმა სპორტსმენებმა სულ 7 მედალი მოიპოვეს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა შეჯიბრება ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (61 კგ) ოქროთი და ზურაბ იაკობიშვილის (65 კგ), ელიზბარ ოდიკაძისა (97 კგ) და გენო პეტრიაშვილის (130 კგ) ბრინჯაოებით ჩაამთავრა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე კი ზურაბ დათუნაშვილის (80 კგ) ოქრო და გოგა გოგიბერაშვილისა (66 კგ) და ლევან არაბულის (130 კგ) ბრინჯაოებია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112017