ჭიდაობა

22:19 | 7.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ დათუნაშვილმა ევროპას სერბეთიდან გადახედა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ზურაბ დათუნაშვილი ევროპის 2-გზის ჩემპიონია. სერბეთის ქალაქ ნოვი სადში დღეს დასრულებულ ევროპირველობაზე 25 წლის ქართველი სპორტსმენი ხალიჩაზე ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში გავიდა. შარშან მან 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში აჯობა ყველას. ამჯერად კი ერთი წონით მაღლა - 80 კილოგრამში მოიპოვა ევროპის უძლიერესი მოჭიდავის სახელი.

დილის პროგრამაში ზურაბ დათუნაშვილმა სამი მეტოქე ჩამოიშორა. ბულაგრელ დანიელ ალექსანდროვს 3:2 მოუგო. ჩეხ პეტრ ნოვაკს წუთსა და 17 წამში მოუმთავრა საქმე (8:0) და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ერთ-ერთ უმთავრეს კონკურენტს - რუსეთის ნაკრების წევრ ადლან აკიევს დაასრულებინა ოქროზე ფიქრი (2:1). საჩემპიონო ბრძოლაში კი ბელარუს რადიკ კულიევს დაეჭიდა და 4:2 დაამარცხა.

80 კილოგრამი (ისევე, როგორც 71), არაოლიმპიური წონითი კატეგორიაა. შესაბამისად, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე დათუნაშვილი სავარაუდოდ კიდევ შეიცვლის წონას. შესაძლოა, მომავალი წლის ევროპირველობაზე კიდევ ერთი წონითი კატეგორიით მაღლა – 85 კილოგრამში იბრძოლოს ევროპული ოქროსთვის.

დღეს ევროპის 2017 წლის ჩემპიონ-პრიზიორები კიდევ სამ წონაში: 71, 75 და 85 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. საქართველოს ნაკრების წევრთაგან საქმეში გოგა აფრიამაშვილი (71 კგ), გელა ბოლქვაძე (75 კგ) და რობერტ კობლიაშვილი (85 კგ) ჩაებნენ, მაგრამ ძირითად ბადეში გამოსვლა სამივემ საწყის ეტაპზე დაასრულა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც აღარ მიეცათ, რადგან მათი მომგებები ფინალამდე ვერ მივიდნენ.

აფრიამაშვილისთვის დაუძლეველი ზღუდე შვედი კნუტ ზაკარიას ტალროტი აღმოჩნდა (1:2). ბოლქვაძემ ევროპირველობა გერმანელი ფლორიან ნეუმაიერის ძლევით (3:2) გახსნა და მერვედფინალში უნგრელ ტამას ლორინცთან დამარცხდა (1:2). კობლიაშვილმა კი პირველივე შეხვედრა წააგო სომეხ მაქსიმ მანუკიანთან (1:2).

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატი სამი მედლით დაასრულა. ზურაბ დათუნაშვილის გარდა, ევროპოდიუმზე გოგა გოგიბერაშვილი (66 კგ) და ლევან არაბული (130 კგ) ავიდნენ. ორივე მესამე საფეხურზე.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

ევროპის ჩემპიონატი

ნოვი სადი. სერბეთი

7 მაისი

59 კგ

1 კრისტიან ფრისი (სერბეთი)

2 ივო სერაფიმოვ ანგელოვი (ბულგარეთი)

3 ივან ლიზატოვიჩი (ხორვატია)

3 მინგიან სემენოვი (რუსეთი)

66 კგ

1 არტემ სურკოვი (რუსეთი)

2 დავორ შტეფანეკი (სერბეთი)

3 გოგა გოგიბერაშვილი (საქართველო)

3 სოსლან დაუროვი (ბელარუსი)

71 კგ

1 ბალინტ კორპასი (უნგრეთი)

2 პაველ ლიახი (ბელარუსი)

3 აბუიაზიდ მანციგოვი (რუსეთი)

3 ალექსანდრ მაქსიმოვიჩი (სერბეთი)

75 კგ

1 აბდესალამ შებლე მოჰამედი (ბულგარეთი)

2 ჩინგიზ ლაბაზანოვი (რუსეთი)

3 კაზბეკ კილოუ (ბელარუსი)

3 ტამას ლორინცი (უნგრეთი)

80 კგ

1 ზურაბ დათუნაშვილი (საქართველო)

2 რადიკ კულიევი (ბელარუსი)

3 ადლან აკიევი (რუსეთი)

3 ასლან ატემი (თურქეთი)

85 კგ

1 ვიქტორ ლორინცი (უნგრეთი)

2 მეტეჰან ბაშარი (თურქეთი)

3 ნიკოლაი ნიკოლაევ ბაირაკოვი (ბულგარეთი)

3 რამზინ აზაზსირი (გერმანია)

98 კგ

1 ფელიქს ბალდაუფი (ნორვეგია)

2 ალექსანდრ ჰრაბოვიკი (ბელარუსი)

3 ბალაზ კიში (უნგრეთი)

3 არტურ ალექსანიანი (სომხეთი)

130 კგ

1 რიზა კაიაალპი (თურქეთი)

2 ბალინტ ლამი (უნგრეთი)

3 ლევან არაბული (საქართველო)

3 ვიტალი შჩური (რუსეთი)

0.115297