ჭიდაობა

23:36 | 4.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოქრო ევროპიდან - ხინჩეგაშვილისთვის შეუძლებელი არაფერია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ტიტულების მდიდრულ კოლექციას კიდევ ერთი ოქროს მედალი მიამატა. ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ევროპის უძლიერესი მოჭიდავის ტიტული ზედიზედ მეორედ, სულ კი მესამედ მოიპოვა.

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპირველობაზე, 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 26 წლის ქართველი საქმეში მეორე წრიდან ჩაება, მოლდოველ ანდრეი პერპელიტასთან დაჭიდებით და მეტოქეს 4:1 სძლია. მეოთხედფინალში ხინჩეგაშვილმა აზერბაიჯანელ ახმედნაბი გვარზატილოვთან პირველი პერიოდი მინიმალური ანგარიშით დათმო. მეორე სამწუთეულის დაწყებიდან ერთ წუთში ისევ ერთი ქულით ჩამორჩებოდა (2:3). შემდეგ კი ისე შეუტია, მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალება აღარ მისცა და ანგარიში სათავისოდ ზედმეტი ნერვიულობის გარეშე შეატრიალა (9:5).

ნახევარფინალში ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა უკრაინელ პეტრო ბილეიჩუკს საკმაოდ ადვილად აჯობა (8:2). საჩემპიონო ბრძოლაში კი რუსეთის ნაკრების წევრ ახმედ ჩაკაევთან წაგებული შეხვედრა მოიგო - მეორე პერიოდში, საფინალო გონგამდე წუთნახევრით ადრე ჩაკაევი შვიდქულიანი უპირატესობით იგებდა (7:0) და თითქოს ოქროს მედლის ბედიც გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ლადომ დაახლოებით ერთ წუთში 10 ქულა აიღო. შესაბამისად, ისეთი უპირატესობა მოიპოვა, რომ ბრძოლის მიწურულს მოწინააღმდეგეს 2 ქულა ტაქტიკურად დაუთმო და 10:9 დაამარცხა.

დღესვე, საქართველოს სახელით ევროარენაზე 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძეც გავიდა, მაგრამ უმედლოდ დარჩა. ჩემპიონატი რუმინალ ვასილე მადალინ მინზალასთან შეხვედრით გახსნა და 5:1 იმარჯვა. მერვედფინალში ბულგარელ სვეტოსლავ ჟივკოვ დიმიტროვს გაცილებით ადვილად აჯობა - 15:4.

მეოთხედფინალში კენჭაძე სომეხ გრიგორ გრიგორიანს დაუპირისპირდა და ბოლო წამზე გაშვებული ორქულიანი ილეთით 4:5 დამარცხდა. თავიდან მსაჯებმა ჩათვალეს, რომ გრიგორიანი დროში ვერ ჩაეტია, მაგრამ სომეხმა მწვრთნელებმა გააპროტესტეს და... მსაჯთა მაგიდამ ვიდეოჩანაწერის განხილვის შემდეგ გამარჯვებულად გრიგორიანი გამოაცხადა. ქართველების პროტესტს კი აღარავინ მოუსმინა.

შენელებული კადრიდანაც კი ძნელია, მტკიცებით ფორმაში თქვა, იყო თუ არა გადამწყვეტი ორქულიანი ჩასათვლელი. ამიტომ სჯობს ყურადღება სულ სხვა დეტალზე გავამახვილოთ. შეხვედრის ბოლო წუთზე ავთანდილ კენჭაძეს ანგარიში 4:2 მიჰყავდა და თითქოს არათუ წარმატების შენარჩუნება, უპირატესობის გაზრდაც არ უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ შეტევას მოპოვებული ჰანდიკაპის შენარჩუნება ამჯობინა და ამ სტრატეგიამ აშკარად არ გაამართლა. საფინალო სირენამდე 23 წამით ადრე ხალიჩის გარეთ გასვლისთვის ქულა დაკარგა. ბოლო წამის ამბავზე კი უკვე წაიკითხავდით.

ისღა დაგვრჩენოდა, გრიგორ გრიგორიანის ქომაგები გავმხდარიყავით და მის ფინალში გასვლას დავლოდებოდით, რაც კენჭაძეს ბრინჯაოს მედლისკენ მიმავალ გზას გაუხსნიდა, მაგრამ სომეხი ნახევარფინალში თურქ შონერ დემიტრაშთან დამარცხდა.

ხვალ, ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები თავისუფალ ჭიდაობაში დარჩენილ ორ წონაში: 70 და 125 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით კი ევროკონკურენციაში დავით ტლაშაძე (70 კგ) და ევროპის მოქმედი ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ჩაებმებიან.

ჭიდაობა

ევროპის ჩემპიონატი

ნოვი სადი. სერბეთი

4 მაისი

თავისუფალი

61 კგ

1 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (საქართველო)

2 ახმედ ჩაკაევი (რუსეთი)

3 ანდრეი პერპელიტა (მოლდოვა)

3 ვალოდია ფრანგულიანი (სომხეთი)

74 კგ

1 სონერ დემიტრაში (თურქეთი)

2 მურად სულეიმანოვი (აზერბაიჯანი)

3 ახმედ გაჯიმაგომედოვი (რუსეთი)

3 გრიგორ გრიგორიანი (სომხეთი)

ქალები

55 კგ

1 ბილიანა ჟივკოვა დუდოვა (ბულგარეთი)

2 კატერინა ჰანჩარ იანუშკევიჩი (ბელარუსი)

3 მატილდე ჰელენ რივიერი (საფრანგეთი)

3 ალიონა კოლესნიკი (აზერბაიჯანი)

75 კგ

1 იასემინ ადარი (თურქეთი)

2 ჟანეტ ნემეტი (უნგრეთი)

3 ეპ მაე (ესტონეთი)

3 სვეტლანა საენკო (მოლდოვა)

0.118948