ფეხბურთი

11:25 | 30.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქინქლაძე: "სიტის" გამო "ბარსელონას" უარს ახლაც ვეტყოდი"
"მინდოდა "სიტის" პრემიერლიგაში დაბრუნებაში დავხმარებოდი. ამიტომ "ბარსელონას" უარი ვუთხარი"

გულშემატკივართა აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, დამოუკიდებელ საქართველოს ისეთი ტალანტი არ ჰყოლია, როგორიც გიორგი ქინქლაძე იყო. ქართველ ფეხბურთელს ძალიან დიდი კვალის დატოვება მართლაც შეეძლო ფეხბურთში, მაგრამ სამწუხაროდ, გაცემული ავანსები სანახევროდაც ვერ გაამართლა.

არადა, გიორგი 1995 წელს ინგლისურ „მანჩესტერ სიტის“ თბილისის „დინამოდან“ შეუერთდა. მართალია, მაშინ, „ქალაქელები“ დღევანდელივით მოწინავე პოზიციაზე არ იყვნენ, მაგრამ მაინც ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდნენ. პირველსავე სეზონში „ქინქიმ“ მთელი ინგლისი აალაპარაკა. დღემდე არ ავიწყდებათ მისი საოცარი გოლი „საუთჰემპტონის“ კარში, ან თუნდაც, „რივერსაიდზე“ „მოდლსბროსთან“ შექმნილი შედევრი გოლი.

გიორგი „სიტის“ ქომაგებში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს და როდესაც მანჩესტერში უწევს ჩასვლა, იქაური პუბლიკა ძალზე თბილად ხვდება. ამჯერადაც ასე იყო - სამიოდ დღის წინ, მანჩესტერულ დერბზე ქინქლაძე მიიპატიჟეს.

„მანჩესტერ სიტის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა კი, დრო იხელთა და ქინქლაძესთან საინტერესო ინტერვიუც ჩაწერა - ამ დიალოგში საუბარი რა თქმა უნდა, „სიტიში“ გატარებულ პერიოდზეა. როგორც გაირკვა, ქართველმა თავის დროზე „ბარსელონა“ უარით გაისტურმა. მაგრამ, როგორც თავად აღნიშნავს, ამას არ ნანობს და დღესაც იგივე ნაბიჯს გადადგამდა.

„წასვლის შანსი მქონდა - უთხრა ქინქლაძემ „სიტის“ ოფიციალურ ვებგვერდს - დაინტერესებული იყო „ბარსელონა“ და სხვა კლუბები, მაგრამ მე გუნდს ვერ დავტოვებდი. მინდოდა, „სიტის“ პრემიერლიგაში დაბრუნებაში დავხმარებოდი. ამიტომაც, ეს არ იყო რთულად მისაღები გადაწყვეტილება.

ინგლისიდან წასვლა მეორედაც შემეძლო და შესაძლოა, ჩემი კარიერისთვის ეს უკეთესიც ყოფილიყო, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებდი. ჩემი გული „სიტის“ ეკუთვნოდა და ამიტომაც დარჩენა კიდევ ერთი წლით გადავწყვიტე, აღზევებაში რომ დავმხარებოდი.

„მანჩესტერ სიტიში“ ჩემი დრო მაინც ამოიწურა - „აიაქსთან“ შეთანხმება უკვე მიღწეული იყო და ამიტომ, ვიცოდით, რომ ბოლო თამაშს ვატარებდი. ცრემლები მომდიოდა, არ მინდოდა წასვლა - დღესაც რომ მქონდეს იგივე სიტუაცია და ისეთი კლუბი მეპატიჟებოდეს, როგორიც „ბარსელონაა“, „სიტიში“ დარჩენას ვამჯობინებდი.

„აიაქსში“ ბედნიერი არ ვყოფილვარ. მწვრთნელი სხვა პოზიციაზე მათამაშებდა, მაგრამ „სიტის“ ბევრი ქომაგი მაინც ჩამოდიოდა ჩემი თამაშის სანახავად. შემდეგ ინგლისში ისევ დავბრუნდი, „დერბიში“ - თუმცა, ეს არ იყო ძველი გრძნობა. „მეინ როუდზე“ („სიტის“ საშინაო არენა იმხანად - ავტ) გულშემატკივრებმა საოცარი დახვედრა მომიწყვეს. იმ დღეს ვერ ვითამაშე, რადგან იმ გუნდის წინააღმდეგ ვიყავი, რომლის ფანებსაც ვუყვარდი.

„სიტიში“ ყოველთვის სიამოვნებით დავბრუნდები, როცა ეს შემეძლება - მანჩესტერულ დერბზე დაბრუნება შესანიშნავი გახლდათ“, - თქვა ქინქლაძემ.

გიორგი ქინქლაძე „მანჩესტერ სიტის“ რიგებში 1995-1998 წლებში თამაშობდა და 106 მატჩში 20 გოლის გატანაც შეძლო.

0.109467