ძიუდო

17:48 | 19.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები 19 აპრილს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაემგზავრა, სადაც 20-23 აპრილს ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირაკლი ცირეკიძემ ევროპის ჩემპიონატზე უძლიერესი შემადგენლობა დაასახელა. თუმცა საქართელოს ნაკრებს გუნდის ტრავმის გამო ერთ-ერთი ლიდერი ავთანდილ ჭრიკიშვილი დააკლდება.

19 აპრილს ოფიციალური კენჭისყრა გაიმართება, ჩემპიონატი კი სტარტს 20 აპრილიდან აიღებს.

20 აპრილს ტურნირს მამაკაცთა შორის -60, -66, -48, -52 და ქალთა შორის -58 კგ. წონითი კატეგორიებში მონაწილე ძიუდოისტები გახსნიან, 21 აპრილს შეჯიბრში -73, -81, -63 და -70 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენები ჩაერთვებიან, მესამე დღეს, 22 აპრილს კი მედლებისათვის მძიმეწონოსნები (მამაკაცთა შორის -90, -100 + 100 და ქალთა შორის -78, + 78) იბრძოლებენ. 23 აპრილს გაიმართება გუნდური შეჯიბრი.

ევროპის ჩემპიონატზე წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება, გარდა 22 აპრილისა, მესამე საშეჯიბრო დღე 14:00 საათიდან აიღებს სტარტს. ფინალური ბლოკი კი ოთხივე საშეჯიბრო დღეს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის ტრანსლირებას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი განახორციელებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ვაჟები

-60კგ - ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი,
-66კგ - ვაჟა მარგველაშვილი,
-73კგ - ლაშა შავდათუაშვილი,
-81კგ - ზებედა რეხვიაშვილი,
-90კგ - ბექა ღვინიაშვილი,
-100კგ - ვარლამ ლიპარტელიანი,
+100კგ - ადამ ოქრუაშვილი, გურამ თუშიშვილი.

ქალები

-48კგ - ოლღა ალადოშვილი,
-57კგ - ეთერ ლიპარტელიანი,
+78კგ - ელენე ქებაძე.


გუნდურ შეჯიბრში ვაჟთა ნაკრებს კიდევ 4 ძიუდოისტი დაემატება:

-66კგ - ლაშა გიუნაშვილი
-73კგ - ფრიდონ გიგანი
-81კგ - ამბაკო ავალიანი
-90კგ - უშანგი მარგიანი.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

Loading...
0.127293